Super User

Super User

ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019 11:22

ღამის ენურეზი

სტატიის ავტორი ლია ბუღაძე

 

ბავშვი სიმპათია-ანტიპათიაში ცხოვრობს. მას მოწონს რაღაც, უნდა ეს რაღაც ან არ მოწონს ეს რაღაც და მას კატეგორიულად უარყოფს. ბავშვი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოგზაურობს სიმპათიიდან ანტიპათიაში და პირიქით. ეს მოგზაურობა ჰარმონიული და გაწონასწორებული უნდა იყოს. ეს წონასწორობა სწორედ მისმა ჯანსაღმა მიკროსოციალურმა გარემომ უნდა შეუქმნას, თავდაპირველად კი მშობლებმა, რომლებიც ბავშვებისათვის პირველი პედაგოგები უნდა იყვნენ.

 

მიკროსოციალურ სფეროში დისჰარმონიამ შეიძლება ბავშვის მხრიდან სხვადასხვაგვარი პროტესტი წამოშვას, ისეთივე მრავალფეროვანი, როგორიც მისი ფანტაზიაა. ეს არის პროტესტი მის გარშემო არსებულ რეალობის მიმართ. ბავშვს არ ძალუძს  დაუპირისპირდეს მისთვის არასასურველ მოვლენებს და მუდმივადყლაპავსამ ინფორმაციას და ვერინელებს“.

 

პროტესტის თითოეული ფორმა განაპირობებს ავადმყოფობისაკენ მიდრეკილებას, კერძოდ, ეს შეიძლება იყოს აღგზნებადობა, ნერვული ტიკები, გაფანტულობა, ბავშვთა ონანიზმი, ენაბლუობა, ღამის ენურეზი. ეს უკანასკნელი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ანთროპოსოფიული მედიცინა ფლობს ეფექტურ საშუალებებს ამ დაავადების პრევენციასა და მკურნალობისთვის. თუკი 4 წლის ბავშვი ლონგინში ისველებს აუცილებლად ჭირდება სამედიცინო გამოკვლევა. მიზიზი შეიძლება იყოს კონსტიტუცია, ორგანული და ფსიქიური ფაქტორები. ჩვენ ვისაუბრებთ იმ შემთხვევაზე, როდესაც ორგანული მიზეზი გამორიცხულია.

 

მიღებაზე მოსული მშობლები თითქმის ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ბავშვს ყველანაირად ეწყობა ხელი და ვერ გაუგიათ რატომ ისველებს მათი ბავშვი ღამით ლოგინში, რატომ ვერ აღვიძებენ და საერთოდ რატომ ჭირს მთელს ოჯახს ასეთი საშინელება, ეს მათ არ დაუმსახურებიათ.

 

გულდასმით ანამნეზის შეკრება და ბავშვის მიკროსოციალური გარემოს შესწავლა აუცილებლად გვაპოვნინებს მიზეზს თუ რის შემდეგ ამოტივტივდა პრობლემა ზედაპირზე. ეს შეიძლება იყოს კონფლიქტი დედ-მამას შორის, დედ-მამასა და ბებია-ბაბუას შორის, ეჭვიანობა და-ძმის მიმართ, ბავშვის სკოლაში ადრე შეყვანა, კონფლიქტები სკოლაში როგორც მეგობრებთან, ასევე პედაგოგებთან, ძლიერი ემოციური დატვირთვა (როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოცია.), კონსტიტუციური თავისებურებები. კონსტიტუციურ თავისებურებებში იგულისხმება: რა ჭარბობს ბავშვში - ნერვულ-მგრძნობელობითი სისტემა თუ ნივთიერებათა ცვლის სისტემა, ბავშვი უფრო მეტად გარემოზეა ორიენტირებული თუ საკუთარ თავზე.

 

დედები ყოველთვის ფრთხილობენ, რომ თავიანთ პატარას ძნელად მოსანელებელი საკვები არ მიცენ, რათა გარკვეულმა ნივთიერებებმა რთული პრობლემები არ წარმოშვან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. სწორედ ასეთივე სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ბავშვს ჭარბი ინფორმაცია მიეწოდება. როგორც ნივთიერებას, ასევე ინფორმაციასაც და განსაკუთრებით ჭარბს, ესაჭიროებამონელება“. ბავშვისთვის მოუნელებელი შეიძლება იყოს არა მარტო ინფორმაცია, არამედ კონფლიქტური სიტუაციები ოჯახში, სკოლაში და . . ყველაფერი ეს იწვევსმშვინვიერ(შინაგან ემოციურ) ტკივილს“, რომელიც ბავშვს უკან ხევს და მუდმივად ჩასუნთქულ მდგომარეობაში ამყოფებს. ასეთი ბავშვები, ერთის მხრივ, ადვილად გამოდიან წონასწორობიდან და მეორეს მხრივ, დანაღვლიანებულნი და ტრავმირებულნი არიან.

 

კონფლიქტი ოჯახში ერთ-ერთი სერიოზული და ყველაზე მოუნელებელი ინფორმაციაა ბავშვისთვის. ბავშვი დაიბადა ამ ოჯახში, მას ყველა უყვარს, ვერ გაუგია რა ხდება, რატომ არ წყდება კონფლიქტი, თვითონ ხომ არ არის მიზეზი? ხშირად მიდიან არაცნობიერ დასკვნამდე, რომ უფროსებს ის არ უყვართ. შეიძლება ოჯახში კონფლიქტი არ იყოს მაგრამ, მამას და ზოგიერთ შემთხვევაში, დედასაც ის იგნორირებული ყავს ხან მოუცლელობით, ხან კი მაგალითად საკუთარი თავი მოჰყავთ - მე ვინ მაქცევდა ყურადღებას, მაგრამ მაინც როგორი კარგი ვარო - აღნიშნავენ კმაყოფილნი და თავიანთ თავში დარწმუნებულები. ხშირად მამა აგრესორია, აღზრდის მკაცრი მეთოდების მომხრე, სამწუხაროდ დედა ერიდება კონფლიქტს, თავად ექცევა მეუღლის მკაცრი მეთოდების ქვეშ და ბავშვს ვეღარ იცავს. ისიც ატარებს ძლიერ მშვინვიერ ტკივილს.

 

ასეთივე სერიოზული მიზეზია დღის არასწორი რეჟიმი: გვიან დაძინება, ტელევიზორის ხშირი და გვიანობამდე ყურება.

 

ბავშვი, რომელიც ისველებს, მშობლებს თითქოსდა მიუთითებს: რომ მას უნდა კვლავ პატარა იყოს, რომ ის დაიცვან, მოუარონ, მოეფერონ. დაავადების პრევენციისთვის სწორედ რომ ბავშვის სურვილის შემხვედრად უნდა წავიდეთ. დაე, ცოტა ხნით ბავშვი მართლაც გახდეს პატარა და ჩვენგან დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მის ცხოვრებაში გარკვეული კანონზომიერება, წესრიგი არ შევიტანოთ, პირიქით, მას უნდა მივეხმაროთ, რომ თავის საქციელზე პასუხისმგებლობა გაზარდოს. ცნობიერად დაუკავშირდეს თავის პრობლემას და უფროსების დახმარებით შეძლოს ბარიერის გადალახვა. მაგ: ვაძლევთ კალენდარს. დატუქსვა და შერცხვენა ამ დროს პრობლემას უფრო აღრმავებს, რადგან ეს მისთვის ძლიერი ემოციური დატვირთვაა. ყოველი შენიშვნა და უხეში მიმართვა მის ნერვულ სისტემას ტვირთავს, ღრმად ჩასუნთქულ მდგომარეობაში ამყოფებს, ხოლო ქვედა, ნივთიერებათა ცვლის სფეროს ვერ ფლობს, ის მიტოვებული აქვს. ემოციური დღის შემდეგ ბავშვს ეძლევა საშუალება სრულყოფილად ამოისუნთქოს, იმდენად სრულყოფილად, რომ რჩება შთაბეჭდილება თითქოს თავიანთი სხეული ლოგინში მიატოვეს, ამიტომაც ძინავთ ძალიან ღრმად, მკვდარივით. ამიტომაც ისინი ვეღარ აკონტროლებენ ქვედა სფეროს დამარცხსგანიცდიან.

 

ხშირად მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი შვილი იმდენად ჭკვიანია, რომ რატომ არ შეიძლება ნაადრევად სკოლაში მივიყვანოთ. მერწმუნეთ, რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს ბავშვი, სკოლაში მიყვანას თავისი დრო აქვს და ეს სიჭკვიანეზე სრულიად არ არის დამოკიდებული. ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვანია შვიდწლეულები. I შვიდწლეული ბავშვის სასიცოცხლო ძალების განვითარებას ეთმობა. 6,5-7 წლის ასაკში იწყება კბილთა ცვლა, ეს კი იმის ნიშანია, რომ ზრდისთვის განკუთვილი ძალები გამოთავისუფლდებიან აბსტრაქტული აზროვნებისთვის. როდესაც კბილთაცვლა ჯერ დაწყებული არ არის და ამ დროს ბავშვი ექცევა ძლიერი ინტელექტულური ზეწოლის ქვეშ, ცხადია მის განვითარებაში შეიმჩნევა დისჰარმონია, რომელმაც მთელი რიგი ნერვული მოშლილობები შეიძლება გამოიწვიოს.

 

პუბერტატულ პერიოდამდე, .. ორი შვიდწლეულის განმავლობაში არასწორმა პედაგოგიურმა დამოკიდებულებამ შეიძლება ისეთი კვალი დატოვოს, რომელმაც 30-40 წლის შემდეგ სერიოზული დაავადების განვითარებას შეუწყოს ხელი.

 

დაავადების პრევენციისთვის და მკურნალობისთვის საჭიროა მშობლების, პედაგოგების და ექიმის შეთანხმებული მუშაობა.

 

მშობლებმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ, რათა ბავშვის მიკროსოციალური გარემო გაჯანსაღდეს. პირველ რიგში მათ ბავშვს ნდობა უნდა გამოუცხადონ ნებისმიერ საქმეში. დავალების შესრულებისას უნდა იყოს მხარდაჭერა და არა დაჩქარება.

 

მნიშვნელოვანია დღის რეჟიმი და სითხის მიღება. იგი უნდა მივაჩვიოთ, რომ სითხე მხოლოდ ჭამის დროს მიიღოს. მნიშვნელოვანია, რომ 9 წლამდე ბავშვს 21 საათიდან ეძინოს, რადგან განსაკუთრებით საღამოს 9-12 სთ-მდე ძილის დროს გააქტიურებულია სასიცოცხლო ძალები და ისინი ორგანიზმის აღდგენით პროცესებში იღებენ მონაწილეობას. თუკი ბავშვი ამ დროს ფხიზლობს და ემატება ისიც, რომ აგრესიულ ფილმს უყურებს, არანაირ აღმშენებლობაზე საუბარი არ შეიძლება, პირიქით.

 

ბავშვი თუ კარგად უსმენს მონაყოლს შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით სისველესთან დაკავშირებით ამბები მოვუყვეთ, მაგალითად, ადიდდა მდინარე, რომელზედაც წისქვილი იდგა. ეს წისქვილი ერთ დიდ სოფელს კვებავდა. წისქვილს ერთი მოხუცი პატრონობდა და უვლიდა. ადიდებული მდინარე ისე ბობოქრობდა, რომ წისქვილს რეალური საფრთხე ელოდა. მოხუცი ვერაფერს გახდებოდა, პატარა ბიჭუნა ან გოგონა რომ არ დახმარებოდა, მან ჯებირი სწრაფად გაამაგრა და სოფელი შიმშილს გადაარჩინა და .. და ..

 

მკურნალობის სქემა უნდა შეადგინოს ექიმმა და ის მოიცავ კომპლექსურ მიდგომას.

შაბათი, 06 აპრილი 2019 10:56

Therapiehaus Spendenaufruf

სტატიის ავტორი ლია ბუღაძე

 

დღენაკლ ახალშობილად ითვლება ბავშვი როდესაც გესტაციური ასაკი არის 37კვირაზე ნაკლები, დროული ახალშობილია, რომლის გესტაციური ასაკია 37-42 კვირა, ვადაგადაცილებულია 42 კვირაზე მეტი. ცოცხლადშობილად ითვლება ახალშობილი, რომლის გესტაციური ასაკია 22 კვირაზე მეტი და იწონის 500გრ-ს.

 

დღენაკლული ბავშვის თავი შედარებით დიდია - ტანის ერთ მესამედს შეადგენს. მცირე და გვერდითი ყიფლიბანდები თითქმის ყოველთვის ღიაა, თუმცა ქალას ძვლების ერთმანეთზე შეცურების გამო ეს არ ჩანს. ქვედა კიდურები და კისერი მოკლეა, ჭიპი უფრო ქვევითაა. გულმკერდის  გარშეწერილობა, მით უფრო ჩამორჩება თავისას, რაც უფრო დიდია თავი.

 

დღენაკლული ბავშვი, მოდუნებულია, არ ყვირის ან სუსტი ხმით ტირის.

 

კანი თხელია, დანაოჭებული და გამჭირვალე, გამოხატულია სისხლძარღვები (კოლატერალები და კაპილარები). ხშირია კანქვეშა სისხლჩაქცევები - სისხლძარღვის კედელში ელასტიური ქსოვილის სიმცირისა და ჰიპოპრეტეინემიის გამო. კანქვეშა ქსოვილი განლეულია, ამის გამო სითბოს გაცემა გაძლიერებულია, ხოლო სითბოს წარმოქმნა - გაძნელებული (მურაცხიმივანი ნივთიერების სიმცირის გამო). საოფლე ჯირკვლები არასრულფასოვანად განვითარებულია. ეს ყველაფერი აადვილებს ბავშვის გადახურებას ან გადაციებას.     მათ ხშირად არ უნვითარდებათ სიცხე ადგილობრივი თუ ზოგადი ინფექციის დროს. ტემპერატურული რეგულაცია ყალიბდება მე-3 თვიდან.

 

ღინღლი - lanugo - აღენიშნება როგორც მხრის სარტყლის მიდამოში, არამედ სახესა და კუდურებზე. ფრჩხილები არ ფარავენ თითებს. სარძევე ჯირკვლები განუვითარებელია, ყურის ნიჟარები ძლიერ რბილი, ადვილად დრეკადი და მიკრული ქალას ძვლებზე.

 

ვაჟთან სათესლე პარკში არ არის ჩამოსული სათესლე ჯირკვლები, ხოლო გოგონებთან დიდი სასირცხო ბაგეები ვერ ფარავენ მცირე სასირცხო ბაგეებს.

 

კუნთოვანი სისტემა სუსტადაა განვითარებული. დამახასიათებელია ჰიპიტონია და შენელებული  მოტორიკა, ბავშვს თითქმის სულ ძინავს. სუსტადაა გამოხატული ყველა რეფლექსი. შეიძლება განუვითარებელი იყოს წოვის, ავტომატიზმისა და ზოგჯერ ყლაპვის რეფლექსებიც.

 

სუნთქვა ზერელეა. სუნთქვის ფაზები - ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა - გახანგრძლივებულია. ძილის დროს შეიძლება განვითარდეს აპნოე - სუნთქვის შეჩერება 15-20 წმ-ით. მაჯა - ლაბირულია - 140-160 წუთში, ტირილის დროს ადის 200-მდე. ხშირია არითმია, ტონების მოყრუება, ფუნქციური შუილი.

 

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სახეზეა მოტორულ-სეკრეციული ფუნქციის დაქვეითება - დისპეფსიური მოვლენები.

 

დაქვეითებულია თირკმლის რეაბსორბციის უნარი, კონსენტრაციული და სეკრეციული ფუნქცია.

 

ყოველივე ამის შედეგად დღენაკლულ ბავშვთა სიკვდილიანობა 15-20ჯერ მეტია დღესრულ ახალშობილებთან შედარებით.

 

დღენაკლულები, ახალშობილობის პერიოდში, ვერ ახერხებენ ადაპტაციას გარემოსთან და ადვილად უნვითარდებათ ანემია - 5-6 კვირაზე, რაქიტი, კვების ქრონიკული მოშლილობა. წონის ფიზიოლგიური კლება უფრო მეტია, ვიდრე დღესრულ ახალშობილებთან და სხეულის მასის 9-14% შეადგენს. მათ წონა აღუდგებათ 2-3 კვირის ასაკში, ხოლო დაბადების წონას იორმაგებენ 2,5-3,5 თვის ასაკში.

 

სიყვითლე გამოხატულია და გახანგრძლივებული. სიყვითლე ადვილად ვითარდება ბილირუბინის შედარებით დაბალ მაჩვენებელზე.

 

დღენაკლულ ბავშვებთან ხშირია სკლერემა - კანი შეხებისას ცივია, მბრწყინავი, მკრთალი ან ციანოზური. კანქვეშა ქსოვილი გამაგრებულია, თითის დაჭერისას ჩანაჭდევი არ ვითარდება. უფრო ხშირია სკლერედემა - კანისა და კანქვეშა ქსოვილის ცომისებური შეშუპება, რომლის დროს თითის დაჭერისას ჩნდება ჩანაჭდევი. თითის დაჭერის ადგილას კანი ციანოზურია. სკლერედემა უფრო მეტად ლოკალიზდება წვივებზე, ლოყებზე ან დუნდულოებზე.

 

ასეთი ბავშვები განსაკუთრებულ მეთვალყურეობასა და მოვლას საჭიროებენ. მნიშვნელოვანია მშობლების, პედიატრისა და მომვლელის შეთანხმებული მუშაობა.

 

 

შაბათი, 21 აპრილი 2018 09:58

11-12 თვის(ერთი წლის) ბავშვი

სტატიის ავტორი ლია ბუღაძე

 

ბავშვის განვითარების ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  ჰორიზონტალური მდგომარეობიდან გადადის ვერტიკალურში. ის დგება ფეხზე და თავისი სიმაღლიდან გადაჰყურებს საკუთარ მიკროსამყაროს. მისი ცნობიერებაც იცვლება - ის უკვე პიროვნებაა, დამოუკიდებელი ინდივიდუალური ადამიანი, აქვს საკუთარი სურვილები, მოთხოვნები. მისწრაფებები

 

ბავშვს ესმის თითქმის ყველაფერი და  შეუძლია წარმოთქვას პირველი ნამდვილი სიტყვაც.  მაგრამ ამისათვის მომზადება ახალშობილის პირველი ყვირილიდან იწყება. ერთი წლისთვის, როდესაც ბავშვი დგება კარგად, .. ძლევს სიმძიმის ძალას, ამ დროს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ბავშვი და სამყარო ემიჯნებიან ერთმანეთს. ჩნდება ზღვარი შინაგანსა და გარეგანს შორის. ის უკვე ცალკეულ სიტყვებს აკავშირებს შესაბამის საგნებთან, მაგალითად: და-და-და  ან დე-დე-დე - ამბობს დედის დანახვისას და .. 12 თვისთვის ბავშვი უკვე კარგად ამბობს პირველ სიტყვებს, მაგრამ ისინი არ ასახავენ კონკრეტულ საგანს, არამედ მოიცავენ უფრო ბევრს, დიდ მთლიანობას, მაგ: ნტანიშნავს არა მარტო წყალს, არამედ ყველაფერს თხევადს. ნელ-ნელა სიტყვების წარმოქმნა იხვეწება და გასაგები ხდება. ამ პერიოდს შეიძლება ვუწოდოთ ,,ერთი სიტყვის, წინადადებისეტაპი. ეს ეტაპი შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე.

 

ერთი წლის ბავშვი უკვე დამოუკიდებლად დგება. ადგომის პროცესი არის ნელი, ფრთხილი - მჯდომარე მდგომარეობიდან ნელ-ნელა წევს ზევით ,,ტაკოს“, ეყრდნობა ხელებს, განზე დგამს ფეხებს და წელში სწორდება. ეს არის სერიოზული წარმატება. ბავშვს აქვს გაბადრული სახე და ბედნიერია. მან თავისი განვითარების გზაზე სერიოზული ნაბიჯი გადადგა. სულ მალე, როდესაც დგომისას აამყარებს მუხლს, გაბედავს ერთი ნაბიჯის გადადგმასაც, რომელსაც მეორე და მესამე ნაბიჯები მოჰყვება. ერთი-ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, მალევე სწავლობს გაჩერებას, მოტრიალებას, ისე რომ არ წაიქცეს. მიხედავად ამისა, რომ ბავშვმა ისწავლა სიარული, სასურველ მიზნამდე გადაადგილების მეთოდად ჯერ კიდევ ხოხვას ამჯობინებს, რადგან სწრაფი და უსაფრთხოა.

 

წონაში მატების ტემპი ამ პერიოდში მნიშვნელოვნად კლებულობს, ვინაიდან ის უფრო მეტ კალორიას ხარჯავს. ყალიბდება მისი ნერვულ-მგრძნობელობითი და ნივთიერებათა ცვლის სისტემები. ბავშვი უფრო კაპრიზული ხდება ძილისა და საჭმლის მიმართ. ამ ასაკში ჯერ კიდევ ორჯერ იძინებს, მაგრამ ნელ-ნელა გადადის ერთჯერად ძილზე. მისი ხასიათი სწრაფად იცვლება - თვინიერი და დამჯერი ბავშვი უცბად გადაიქცევა მტირალა და მჩხავანა ბავშვად და პირიქით. ამ დროს არ უნდა გამოვიყენოთ აღზრდის მკაცრი მეთოდები, პირიქით, ყურადღების გადატანა უნდა ვცადოთ სხვა საგანზე თუ მოვლენაზე, ანდა სწრაფად უნდა შევუცვალოთ გარემო და გავიყვანოთ სასეირნოდ. მას არ უყვარს მარტო ყოფნა, სურს რომ მასზე მზრუნველი ადამიანები მუდმივად მის გვერდით იყვნენ. იცის უცხოობა და ადვილად არ შედის კონტაქტში.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.

 

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა სისტემატურად ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

                       ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!

 

 

 

შაბათი, 21 აპრილი 2018 09:54

რვა-ცხრა-ათი თვის ბავშვი

სტატიის ავტორი ლია ბუღაძე

 

ამ სამი თვის განმავლობაში ბავშვი ვითარდება ერთნაირად, ნელ-ნელა ხვეწავს და ანვითარებს თავის შესაძლებლობებს, იზრდება მისი მიერ წარმოთქმულ ბგერათა მარაგი და მოძრაობის დიაპაზონი. უფრო და უფრო ცნობისმოყვარე ხდება. მოწონს თავის ჭურჭელი, ცდილობს თავად ჩაიდოს კოვზი პირში და ასევე ჯამში ჩაყოს თავისი ფუნთუშა ხელები. ამ თვეებში ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლად წამოდგეს მწოლიარე მდგომარეობიდან და აღწევს კიდეც ამას. მიუხედავდ იმისა, რომ თავად ბავშვი ცდილობს  ფეხზე დადგომას ჩვენ არ უნდა დავაძალოთ, რადგან ჯერ კიდევ ადრეა ამ უნარის სრულყოფილად წარმოდგენა.  მისი გადაადგილება უფრო აქტიური ხდება, დღეში რამოდენიმეჯერ მოივლის ოთახებს. იცის რომელ ოთახში ,,გართობის’’ რა შესაძლებლობები ექნება. როგორც დედები ამბობენ - ,,სულ გაფაციცებულია რა გააფუჭოს’’. დახვეწილია მისი მოძრაობა, კერძოდ, ადვილად ხმარობს საჩვენებელ და ცერა თითს და იღებს საგნებს. ცოცვის დროს კარგად უჭირავს სათამაშო და ისე ხოხავს. დგება ფეხზე და დაყრდნოით გამართულად დგას. ყველაფერს იდებს პირში და ასე განაგრძობს სამყაროს შეცნობას.

 

ბავშვი ხდება კაპრიზული ძილისა და კვების მიმართ. სტუმრიანობის შემთხვევაში შეიძლება ისე აღიგზნოს, რომ ღამით ძილი გაუჭირდეს. კბილების ამოჭრასთნ დაკავშირებით მადა უქვეითდება, შეიძლება ჰქონდეს ტემპერატურული რეაქცია, დიარეა, უძილობა. ნორმალურ მდგომარეობაში იძინებს დღის განმავლობაში 2-3ჯერ. დაძინებისა და გაღვიძების რიტმი მკაცრად ინდივიდუალურია.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.

 

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

                       ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!

შაბათი, 21 აპრილი 2018 09:53

შვიდი თვის ბავშვი

სტატიის ავტორი ლია ბუღძე

 

შვიდი თვის ბავშვის მოძრაობები აქტიურდება. ის დამოუკიდებლად ზის და კარგად ინარჩუნებს წონასწორობას და ამ ჯდომასთან ერთად, რომელიც მის განვითარებაში სერიოზული, წინ გადადგმული ნაბიჯია, შეუძლია ითამაშოს. კარგად ახერხებს, მდგომარეობის შეცვლით, სასურველ საგანთან მიახლოებას მდგომარეობის შეცვლის ერთ-ერთი საშუალებაა მუცელზე ხოხვა. სამწუხაროდ ყველა ბავშვი ამას არ აკეთებს, თავისი თუ უფროსების მიზეზით. ყველანაირი ხერხით ხელი უნდა შეუწყოთ იმას, რომ ბავშვმა სულ მცირედით მაინც იხოხოს. ეს არის მისი განვითარების ერთ-ერთი ეტაპი, ისევე როგორც ჯდომა, დგომა და სიარული. გაზრდილი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ბავშვი იყენებს გადაადგილების ამ ხერხს. ხოხვა-ცოცვა ხდება სხვადასხვანაირად და უფროსებმა ეს მათ არ უნდა დავუშალოთ.

 

ამ პერიოდში ხშირად შეიმჩნევა მშობლების დაუოკებელი სურვილი იმისა რომ ბავშვი დადგეს კარგად და რამოდენიმე ნაბიჯის გადადგას, თუნდაც დახმარებით.   ნუ ეცდებით ამას! განვითარების პროცესის დაჩქარება (ამ შემთხევაში იგულისხმება დგომა და სიარული) თავად ამ განვითარებას შეუშლის ხელს, რადგან მას ჭირდება ძალა, რომელიც ჯერ არ აქვს და მას, ამ ასაკისათვის უფრო მნიშვნელოვან პროცესს წაართმევს. ბავშვის არსებაში ყველაფერი გარკვეული თანმიმდევრობითა და ჰარმონიულობით არის დაკავშირებული, ერთი გამომდინარეობს მეორისგან და ორივე ერთი მთლიანობის ნაწილია. ბავშვის ორგანიზმში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ნებელობით საწყისთან და არა ცნობიერთან. ეს პროცესები მანამ უნდა დასრულდეს, სანამ ბავშვი დაჯდება, რადგან ჯერ უნდა მოხდეს სხეულისა და მისი ორგანოების ფორმირება და შემდეგ მისი გამოყენება! ნაადრევად დასრულებულ პროცესებს ბავშვისთვის ზიანი მოაქვს. მათი გამოსწორება შემდეგ უფრო ძნელია. ის ხანგრძლივი დროით ართმევს ბავშვს ზრდის ძალებს. შესაძლებელია მოგვიანებით ასაკში განვითარდეს ემოციურ სფეროში სისუსტეები.

 

შვიდი თვის ბავშვის ხელები აქტიურდება. თავისუფლად იჭერს საგნებს, აკვირდება, იდებს პირში, აგემოვნებს და ასე ცდილობს შეიმეცნოს და გაიგოს თავისი მიკროსამყარო. ჭმუჭნის ფურცელს, ურტყამს საგნებს, ხელებით თავისუფლად იმეორებს ერთიდაიგივე მოძრაობებს, მაგალითად უკრავს ტაშს, ხელს წევს ზევით და მაჯის სახსარში მთელს მტევანს ატრიალებს ორივე მიმართულებით. სათამაშო უჭირავს ორივე ხელში და ყურადღების მისაქცევად შეიძლება შორს მოისროლოს. ცოცვის დროს დიდ მანძილს არ გადის, რადგან შიშის გრძნობა უშლის ხელს. ოთახში მარტო  დატოვება არ მოწონს და ხოხდება იქით, სადაც უფროსები არიან ან თავისი ,,საზღვრების’’ გადაკვეთისთანავე მალევე ბრუნდება უკან. ამ ასაკში უკვე მცდელობებია, რომ დადგეს, ზოგი პატარა ,,ლოტოსში’’ ჯდება და ისე დგება მუხლებზე. ამ დროს ბავშვი უდიდესს სიხარულს განიცდის. აქტიურად შემოდის აღმართულობის სურვილი.

 

უკვე კარგად გამოთქვამს ბგერებს - მიახლოებულს ჟღერადობით დედა-სთან და მამა-სთან. ესმის უფროსების ინტონაცია, ადვილად იმეორებს უფროსების მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ტონალობას. გამოხატავს უკმაყოფილებას და სიხარულს. კარგად ცნობს საკუთარ სახელს.

 

ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ძილ-ღვიძილისა და კვების რიტმი. თუ გვინდა ბავშვი ფსიქო-მოტორულად კარგად განვითარდეს  უნდა ვეცადოთ მისი დღის რეჯიმის დაცვას. შვიდი თვის ასაკში მისი კვებითი რაციონიც იზრდება და უფროსებმა უფრო აქტიურად შეიძლება შეთავაზონ ბავშვს ახალი კერძები, აუცილებლად მცირე ულუფებით.

 

შვიდი თვის ასაკში, ბავშვს შეიძლება ამოეჭრას პირველი კბილი, ან ამისთვის მზაობა გამოიხატოს, კერძოდ, შესიებული და გაწითლებული ექნება ღრძილები, გაძლიერებული ნერწყვდენა გამოიხატება, იწყებს ქვედა ტუჩისა და საჩვენებელი თითის წოვას, მეტად მტირალა და გაღიზიანებული ხდება. თუმცა ეს მოვლენები ყველა ბავშვთან არ ვითარდება და კბილების ამოჭრის პროცესი უმტკივნეულოდ იწყება. რაც იყო ექვსი თვის ბავშვის ძილ-ღვიძილისა და კვების რიტმი, ის რჩება და არ იცვლება.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.

 

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

                       ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!

 

შაბათი, 21 აპრილი 2018 09:50

ექვსი თვის ბავშვი

სტატიის ავტორი ლია ბუღაძე

 

თქვენი პატარა ძალიან გააქტიურებულია. აკვირდება გარემოს და სწავლობს ბევრ ახალს. ითხოვს ყურადღებას და ხალისიანია, როდესაც ეთამაშებიან. ღუღუნი იცვლება სიტყვების მსგავი ბგერებით. ამეტყველების პირველი ელემენტები სწორედ ამ ასაკიდან იწყება. ბავშვის ენის სამყაროსთან სწორი კავშირი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ესაუბრებიან მას. უნდა ეცადოთ რომ ბავშვს გამართულად ელაპარაკოთ. არ გაიმეოროთ მის მიერ წარმოთქმული ბგერები და სიტყვები, არ უნდა ,,მოიჩლიფოთ“ ენა. ბავშვი ყველაფერს სწავლობს მიბაძვით და ასეთ შემთხვევაში სწორი მეტყველების დაწყება არ გაუძნელდება. ექვსი თვის ბავშვთან აქტიურად იწყებს მუშაობას მეტყველების ორგანოები. რაც უფრო ცოცხალია ეს პროცესი, მით აქტიურია მისი ჩართულობა გარემოში.

 

ექვსი თვის ბავშვს, უნდა ჰქონდეს განმარტოების, სიმშვიდისა და თამაშის პერიოდი მისთვის უსაფრთხო ადგილზე. ეს არის მისი საწოლი. ის წევს თავის საწოლში, სიამოვნებით და ღუღუნით ეთამაშება თავის ხელებსა და ფეხებს. ისინი ბავშვის პირველი სათამაშოები არიან. ბავშვი ადვილად ტრიალდება საწოლში. ფეხებს აყრდნობს ან ურტყამს საწოლის კიდეებს. საფენის გამოცვლის დროს მისი, უკვე ძლიერი, ფეხები შეიძლება მომვლელს მტკივნეულადაც კი მოხვდეს მუცელში. ზურგზე წოლისას ადვილად ტრიალდება მუცელზე და იწყებს ხოხვას. სამწუხაროდ ყველა ბავშვი ამას არ აკეთებს, თავისი თუ უფროსების მიზეზით. ყველანაირი ხერხით ხელი უნდა შეუწყოთ იმას, რომ ბავშვმა სულ მცირედით მაინც იხოხოს. ეს არის მისი განვითარების ერთ-ერთი ეტაპი, ისევე როგორც ჯდომა, დგომა და სიარული.

 

ექვსი თვის ბავშვს შეუძლია ჯდომა. მართალია ეს დახმარებით  ხდება, მაგრამ ის ზის და ეს მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ჯდომის დროს იწყებს თამაშს და როგორც კი მისი ყურადღება სათამაშოსკენ გადაინაცვლებს ის კარგავს წონასწორობას. სწორედ ამიტომ, ამ ასაკში განსაკუთრებული  სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო!

 

ბავშვი ხელებით აკეთებს რიტმულ მოძრაობებს, კერძოდ, ერთ საგანს ამოძრავებს მეორე უძრავი საგნის მიმართ, მაგალითად, ურტყამს კოვზს მაგიდას. კარგად იჭერს დიდ საგნებს. შეიძლება რამოდენიმე საგანიც კი ერთდროულად დაიჭიროს. ძირს აგდებს ნივთებს და ეს მას ახალისებს.

 

ბავშვი კარგად გრძნობს გარშემომყოფის ხასიათს, მკაცრი ლაპარაკი ტირილს აწყებინებს და შეიძლება გაგებუტოთ კიდეც. გრძნობს თქვენი საუბრის ინტონაციას. ესმის სახელები. დაძახებაზე რეაგირებს.

 

ხელებისა და თითების შეხებით და პირში ჩადებით შეიმეცნებს სამყაროს. იწყებს თქვენი სახის შესწავლას, აღებს დიდი პირს და უნდა რომ ,,ჩაგკბიჩოთ“. ასეთი ქმედებებით ის კარგად შეგიგრძნობთ და თქვენ, მისთვის უკვე ძალიან ახლობელი ხდებით.

 

ამ პერიოდში ამოჭრას იწყებს კბილები, რასაც წინ შეიძლება უძღოდეს ბავშვის დისკომფორტი, რაც გამოიხატება მისი მოუსვენრობით, უძილობით, უმადობით, შესაძლებელია აღინიშნოს ტემპერატურული რეაქცია. გაზლიერებულია ნერწყვდენა (ჰიპერსალივაცია).

 

ექვსი თვის ბავშვი კარგად ცნობს საგნებს. განსაკუთრებით იმ საგნებს, რომლებიც მის კვებასთან არიან დაკავშირებული.

 

ხშირად გაიყვანეთ ჰაერზე სასეირნოდ, ზამთრის პერიოდში ჩაცმის პროცესი მისთვის არასასიამოვნოა და იწყებს ტირილს. გარეთ გაყვანისთანავე ტირილს წყვეტს. შინ ყოფნის დროს ეცადეთ ბევრი არ ჩააცვათ ბავშვს. ის ,,კომბოსტავით“ არ უნდა გამოიყურებოდეს.

 

ექვსი თვე ის ასაკია, როდესაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება კვების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის. ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს დამატება უკვე მიღებული აქვთ. ძუძუზე მყოფ ბავშვს ექვს თვემდე არანაირი საკვების დამატება არ უნდა. ახლა კი მან ახალი საკვები უნდა მიიღოს. კვების საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს პედიატრს.

 

ექვსი თვის ბავშვის წონაა 7-7,5კგ. სიგრძე 65-70სმ.

 

ექვსი თვის ბავშვთან ძილის მხრივ რადიკალური ცვლილებები არ ხდება, შედარებით ხუთი თვის ბავშვთან. ღამით ძინავს 10 საათი, დღის განმავლობაში 2-3ჯერ. ხანგრძლივობა და ხარისხი ინდივიდუალურია. საღამოს ძილის წინ ეცადეთ, რომ არ ეთამაშოთ აქტიურად და ენერგიულად. სიმშვიდით, სიწყნარითა და სიმღერით ხელი შეუწყეთ ძილის სამყაროში მის გამგზავრებას. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ პედიატრს.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

                       ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!

 

შაბათი, 21 აპრილი 2018 09:48

ხუთი თვის ბავშვი

სტატიის ავტორი ლია ბუღაძე

 

ხუთი თვის ბავშვთან უკვე კარგად ჩანს იმ უნარების განვითარება, რაც წინა თვეებში განივითარა და ახალი შესაძლებლობებიც. მისი ფსიქო-ემოციური სფერო აშკარად განვითარებულია, ის იწყებს სტუმრებზე უცხოობას. თავს ავლენს მისი სიმპათია-ანტიპათიური დამოკიდებულება სხვადასხვა ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით უცხო პირების მიმართ. თუ მასთან გულწრფელად და მთელი არსებით შედიან კონტაქტში, უღიმიან და უცინიან, ისიც იგივე სიცილით პასუხობს, თუმცა მასთან შეიძლება არ მივიდეს და აყვანის შემთხვევაში გაიწიოს ოჯახის წევრისკენ, შემდეგ კვლავ გამოხედოს და გაუღიმოს.

 

მუცელზე წოლისას წევს თავსა და მხრებს, ბრუნდება ზურგიდან მუცელზე და პირიქით. თუ მტევნებზე ხელს მოვკიდებთ და წამოვწევთ, ადვილად წამოჯდება და წამოჯდომის მცდელობები ხშირია. ხუთი თვე არ არის ის ასაკი, რომ უფროსების მხრიდან იყოს მისი დაჯდომის მცდელობები - ეს ჯერ ადრეა! განვითარების პროცესის დაჩქარება (ამ შემთხევაში იგულისხმება დაჯდობა), თავად ამ განვითარებას შეუშლის ხელს, რადგან მას ჭირდება ძალა, რომელიც ჯერ არ აქვს, ამიტომ ძალას სხვა, ამ ასაკისათვის უფრო მნიშვნელოვან პროცესს წაართმევს. ბავშვის არსებაში ყველაფერი გარკვეული თანმიმდევრობითა და ჰარმონიულობით არის დაკავშირებული, ერთი გამომდინარეობს მეორისგან და ორივე ერთი მთლიანობის ნაწილია. ბავშვის ორგანიზმში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც დაკავშირებული არიან ნებელობით საწყისთან და არა ცნობიერთან. ეს პროცესები მანამ უნდა დასრულდეს სანამ ბავშვი დაჯდება, რადგან ჯერ უნდა მოხდეს სხეულისა და მისი ორგანოების ფორმირება და შემდეგ მისი გამოყენება! ნაადრევად დასრულებულ პროცესებს ბავშვისთვის ზიანი მოაქვს. მათი გამოსწორება შემდეგ უფრო ძნელია. ის ხანგრძლივი დროით ართმევს ბავშვს ზრდის ძალებს. შესაძლებელია მოგვიანებით ასაკში განვითარდეს ემოციურ სფეროში სისუსტეები. მშობლები ამ პერიოდში ხშირად მიმართავენ გიმნასტიკურ უხეშ ფიზიკურ ჩარევებს, რაც არა სასურველია! ჩემი რჩევა იქნება თავი შეიკავოთ ამისგან. მოგვიანებით ასაკში ჯანსაღი ფიზიკური ქმედებები, პირიქით, ხელს უწყობს ბავშვის კარგ განვითარებას.

 

ხუთი თვის ბავშვი აკვირდება თავის მტევნებს (მუშტად შეკრულს თუ გაშლილს), თამაშობს კიდურებით. განსაკუთრებით ფეხებით, რომლებიც ხან ჩნდებიან და ხან ქრებიან. იჭერს მას და ფეხის თითებს იდებს პირში. ადვილად იტაცებს საგნებს, ერთი ხელიდან მეორეში გადააქვს და პირისკენ მიაქანებს. ის მას აგემოვნებს და ამით ,,შეიმეცნებს“.

 

 ხუთი თვის ასაკის ბავშვი წარმოთქვამს ბგერებს და ღუღუნი ძლიერდება, მაშინ როდესაც უფროსები ესაუბრებიან ან ესმის სასიამოვნი მუსიკა. ამ ასაკში იდება საფუძველი სმენის განვითარების. მისი კეთილგანწყობა დამოკიდებულია გარშემომყოფებზე. ის უკვე კარგად გრძნობს უბრაზდებით თუ ეფერებით. მისი რეაქციაც შესაბამისია.

 

ხუთი თვის ასაკში ბავშვი დაბადების წონას იორმაგებს. მისი წონა დაახლოებით 7-8კგ,-ია, სიგრძე 65-67სმ.

 

ღამის ძილი 10-11 საათი გრძელდება, მაგრამ შედარებით ადრე იღიძებს და ითხოვს თამაშს. შესაძლებელია რომ საკვების მიღების შემდეგ მალევე დაიძინოს. მთელი დღის განმავლობაში 2-3 ჯერ იძინებს. შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი ძილი იყოს ხანგრძლივი და ღრმა. ორი მათგანი კი ხანმოკლე და ზედაპირული.

 

გაასეირნეთ ბავშვი ინტენსიურად ჰაერზე. დღის ძილი სასურველია იყოს გარეთ. საღამოს ძილის წინ ეცადეთ, რომ არ ეთამაშოთ აქტიურად და ენერგიულად. სიმშვიდით, სიწყნარითა და სიმღერით ხელი შეუწყეთ ძილის სამყაროში მის გამგზავრებას.

 

ხუთი თვის ბავშვის კვების შესახებ მშობლებმა პედიატრს უნდა დაუსვან შეკითხვები, განსაკუთრებით ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების შემთხვევაში.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

                       ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!

 

სტატიის ავტორი - ოჯახის ექიმი თამარ ვაშაკიძე

 

რაქიტი სინათლის ნაკლებობით განპირობებული დაავადებაა.  მას ცივილიზაციის დაავადებაც შეიძლება ვუწოდოთ, რადგან სტატისტიკურად  ზომიერი ზონის ინდუსტრიულ ცენტრებში ფიქსირდება. პათოფიზიოლოგიურად დადასტურებულია, რომ მზის სინათლეზეა დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმში საკუთარი D ვიტამინის წარმოქმნა; ეს უკანასკნელი კი პასუხისმგებელია როგორც ჩონჩხის ძვლოვანი სტრუქტურის ფორმირებაზე, ისე იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაზე. სინათლის ნაკლებობის შედეგად თავს იჩენს ალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევა, მკურნალობის გარეშე მინერალური ცვლის დარღვევის გამო ხდება ძვლების  დეფორმაციები, კბილების დაზიანება და იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება. რაქიტი შეიძლება ნებისმიერ ბავშვს დაემართოს, თუ მზის სინათლეს და სითბოს მოვაკლებთ. განსაკუთრებით რისკის ქვეშ იმყოფებიან ახალშობილები პირველი გამოზამთრების დროს, დღენაკლულები და ბავშვები თანდაყოლილი ნივთიერებათა ცვლის პათოლოგიით.

 

რაქიტის პირველი ნიშნებია: გადაჭარბებული, პროგრესირებადი ოფლიანობა განსაკუთრებით თავის მიდამოზე (სპეციფიური მჟავე სუნის ელფერით) და ხელ-ფეხის სინოტივე, რასაკვირველია მანამდე გამოვრიცხავთ ზედმეტად თბილ ჩაცმულობას.  თვალშისაცემია შფოთიანი ძილი,  ზოგადი ჭირვეულობა და ძუძუს წოვის სისუსტე განსაკუთრებით საღამოს, გახშირებული და რთულად მიმდინარე რესპირატორული ინფექციები. რაქიტის დროს სისხლში კალციუმის ნაკლებობის გამო შეიძლება მოიმატოს კრთომებმა და კრუნჩხვისადმი მიდრეკილებამ. შორსწასულ შემთხვევაში რაქიტის შედეგად შეიძლება განვითარდეს ტეტანიაც. ბოლოს   ყალიბდება ძვლების დეფორმაცია.

 

ამგვარად, რაქიტი არის დაავადება, რომელიც როგორც იმუნური სისტემის ვიტალურ ფუნქციას, ისე ჩონჩხის გამოკრისტალებას, ფიზიკური ფორმის მიცემას უქმნის საფრთხეს. რაქიტი გვევლინება, როგორც ბავშვის მიერ საკუთარი სხეულის ფორმირების უნარის ნაკლებობა. ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის მოწოდებულია ახალშობილთათვის  D ვიტამინის  რუტინული მიცემა. ეს კი  არც თუ ისე უსაფრთხოა, რადგან  ბავშვს მზა სუბსტანციას ვაწვდით და თანაც ფიზიოლოგიურად დღიური მოთხოვნილების ორმაგ რაოდენობას.  D ვიტამინი აქტიური ჰორმონულად ქმედითი სუბსტანციაა, მისი მიცემა საკმაოდ შორს მიმავალი ხელოვნური მანიპულაციაა, რომლსაც ოსიფიკაციის, გაძვალების დაჩქარებამდე მივყავართ. არ არის სადავო ის ფაქტი,რომ დღესდღეობით ყიფლიბანდის დახურვა უფრო ადრე ხდება, ვიდრე ეს ძველ ლიტერატურაში იყო მითითებული. ეპიფიზებზე გადაღებულ რენტგენის სურათებზეც სუბსტიტუირებულ ბავშვებში ზრდის ზონების ნაადრევი დახურვა ფიქსირდება, ეს  D ვიტამინის პროფილაქტიკური მიცემის შედეგია.

 

 რას ნიშნავს ასეთი ჩარევა ადამიანისთვის?  სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით ადამიანის ქალასარქველის გაძვალება ბევრად ნელა მიმდინარეობს და ამ პროცესის გახანგრძლივება სჭირდება თავის ტვინს ზრდა-განვითარებისთვის. ძაღლ-მაიმუნებთან  ყიფლიბანდი  დაბადებამდე იხურება, ადამიანის მსგავს მაიმუნებთან - დაბადებიდან მალევე , ხოლო ადამიანისთვის 1-1,5 წელია საჭირო.

 

რას ნიშნავს ის, როცა მაგ. D ვიტამინის პროფილაქტიკური მიცემით ნაადრევად ვამკვრივებთ თავის ქალას, როგორ ცვლის ეს ტვინის განვითარების პროცესს? 

 

D ვიტამინის მიცემა დახმარებაა, თუ ხელის შეშლაა ძვლების ინდივიდუალური ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ჩარევის გარეშე შეიძლებოდა ნორმალურად წარმართულიყო ?

 

მშობლებს ხშირად ძალიან კარგად ესმით ყველაფერი, მთავარია ავუხსნათ, რომ ერთის მხრივ სერიოზულ და ახალშობილობის პერიოდში შესაძლო გართულებების მქონე დაავადების რისკთან გვაქვს საქმე და მეორეს მხრივ ვიტამინი D-ს რეფლექსური მიცემა პროფილაქტიკისთვის არ არის ის, რაც არ გამოიწვევს ბავშვის დაზიანებას, რომ ეს საკმაოდ მძიმე ჩარევაა, რომლის შედეგების ბოლომდე ამოცნობა ძნელია. ნორმალურ შემთხვევაში ბავშვს უნდა დავაცადოთ საკუთარი სხეულის შენება და მხოლოდ მაშინ ჩავერიოთ, როცა თავისი ძალებით ეს ვერ ხდება. სინამდვილეში კითხვა რაქიტის პროფილაქტიკასთან დაკავშირებით ასე უნდა ისმებოდეს: თუ შეუძლია ჩემს შვილს თავისით ჩონჩხის და კბილების საკმარისი მინერალიზაცია და ფორმირება? როგორ შემიძლია მე ხელი შევუწყო ამ პროცესს?  თუ კითხვას ამგვარად დავსვამთ, საექიმო აზროვნებიდან გამომდინარე პასუხი ყოველთვის ინდივიდუალურად უნდა იქნეს გაცემული. ნათელია, რომ ბევრ ბავშვს საერთოდ არ სჭირდება სამედიცინო ჩარევა და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობა საკმარისია.

 

მეორე მნიშვნელოვანი მოსაზრებაა, რომ ადამიანთა ინდივიდუალური განვითარების დინამიკა ერთმანეთისგან განსხვავდება, და თუკი ინდივიდუალობას იმდენი დრო ეძლევა თავისი სხეულის ჩამოყალიბებისთვის, რამდენიც მას ამისათვის ესაჭიროება, მაშინ შეუძლია სხეულს იყოს ამ პიროვნებისთვის შესაბამისი. აქ იწყება ინდივიდუალური ქმედება: საკუთარი სხეულის ქმნადობა პირველი, ჯერ კიდევ ბავშვის ქვეცნობიერში არსებული ნებითი აქტია, რომელიც მერე პიროვნულ გამართულობაში, მეტყველების განვითარებაში და შემდგომ თანდათან გაცნობიერებულ ნებით ქმედებაში გადადის.

 

ვიტამინი D-ს პროფოლაქტიკის მიზნით ყველა ბავშვისთვის მიცემის პრინციპი არ ითვალისწინებს , რომ ხშირ შემთხვევაში სრულიად არასაჭირო ჰორმონალურ სუბსტანციას ორგანიზმი საკუთარი აქტივობის დასუსტებამდე მიჰყავს, და ეს კი ბავშვისათვის ინდივიდუალიზაციის წართმევაა, მისი ზოგადი განვითარების დაჩქარებაა, რაც არის ბავშვის ინდივიდუალური დროის სივრციდან ამოგდება და მისთვის თვითრეგულაციის უნარის წართმევა.

 

შემაჯამებლად უნდა ვთქვათ, რომ რაქიტი ბავშვის განვითარება-გაფურჩქვნისთვის საშიშია, მაგრამ არანაკლებ საშიშია პროფილაქტიკურად ვიტამინი D-ს მიცემით ხელოვნურად გამოწვეული   საპირისპირო პროცესის დაჩქარება - ძვლების არაინდივიდუალური, სწრაფი მინერალიზაცია .  ამიტომ რაქიტის პროფილაქტიკის საკითხს ექიმი და მშობელი ერთობლივად უნდა წყვეტდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს  D ვიტამინის დანიშვნა თუ ვირჩევთ რაქიტის ინდივიდუალური პროფილაქტიკის გზას. ეს უკანასკნელი  გულისხმობს ექიმთან მიბმულობას. მხოლოდ  იმ შემთხვევაში შეიძლება ატაროს ექიმმა ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, თუ პირველი წლის პირველი 6 თვის განმავლობაში       4 კვირაში ერთხელ,  ხოლო  მეორე ნახევარწლეულში 6 კვირაში ერთხელ აჩვენებენ ბავშვს ექიმს.  ეს იძლევა ბავშვზე ნატიფი დაკვირვების საშუალებას.

 

რაქიტის ინდივიდუალური პროფილაქტიკა უნდა იყოს პრიორიტეტი, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც საკმაოდ მაღალია მზის აქტივობა და ხშირია მოწმენდილი ცა. ბუნებრივი პირობების და ექიმის მიერ საჭიროების შემთხვევაში ნატურალური (ანთროპოსოფიული და ჰომეოპათიური) საშუალებების გამოყენების წყალობით შეგვიძლია დავიცვათ ბავშვი ზედმეტი და შესაძლო დამაზიანებელი ჩარევისგან. ეს პოზიცია რასაკვირველია არ გამორიცხავს ექიმის მიერ აუცილებლობის შემთხვევაში D ვიტამინის დანიშვნას. ამისათვის   ექიმის ხელოვნებაა საჭირო ,რათა მან ისე იზრუნოს ბავშვზე, რომ რისკების გარეშე შეძლოს ბავშვმა  ჰარმონიული განვითარება ნაადრევ და დაგვიანებულ გაძვალებას შორის წონასწორულ მდგომარეობაში. 

 

  

შაბათი, 21 აპრილი 2018 09:42

ოთხი თვის ბავშვი

სტატიის ავტორი ლია ბუღაძე

 

ოთხი თვის ბავშვი იწყებს იმ უნარების უფრო მეტად განვითარებას, რომლებიც მანამდე ჰქონდა. თქვენ აშკარად ამჩნევთ ცვლილებებს. ის აქტიურად გამოხატავს თავის სურვილებს, როგორც მიმიკით, ასევე ფიზიკური აქტიურობით. უყვარს როდესაც მას ელაპარკებიან. ხმამაღლა იწყებს სიცილს და როდესაც წყვეტენ მასთან ლაპარაკს, შეიძლება ტირილი დაიწყოს. შთაბეჭდილებებზე თავისუფლად რეაგირებს. ბავშვი უკვე ძალიან კარგად ანსხვავებს ოჯახის წევრებს და სტუმრებს. იწყებს სხვადასხვა ბგერების წარმოთქმას, შესაძლებელია აგყვეთ ლაპარაკში. ჩუმდება როდესაც ესმის მუსიკა.

 

ძლიერდება ბავშვის კუნთოვანი სისტემა და წესრიგდება მოძრაობა. ხმაზე ადვილად ატრიალებს თავს. აქვს შესაბამისი რეაქცია სხვადასხვა ხმაზე. მისი თითები მუდმივად გაშლილია და კარგად ერთობა მათი თამაშით. მუცელზე  წოლისას ეყრდნობა მტევნებს, განსხვავებით სამი თვის ბავშვისაგან, რომელიც ეყრდნობა მკლავებს. ასეთ მდგომარეობაში ის ერთვება ახალ სიტუაციაში, აქტიურად ათვალიერებს გარემოს, ცდილობს მიწვდეს და შეეხოს საგნებს, რომლებსაც ხედავს, ცდილობს ჩაებღაუჭოს მათ. შეუძლია ხელების ერთმანეთთან მიტანა, ისე რომ თითები არ დაიხმაროს. ადვილად იჭერს ბოთლს ორივე ხელით. ზურგზე წოლისას არის მცდელობები ფეხების ზევით აწევის, რომელსაც ხშირად ახერხებს და ამით კარგად ერთობა. ზურგზე წოლისას შესაძლებელია, რომ გადაბრუნდეს გვერდზე და ეს მოხდეს ძალიან სწრაფად. თუ მანამდე ბავშვს თავისუფლად ტოვებდით მარტო საწოლზე, რომელსაც არ აქვს დამცავი ხარიხები, ოთხი თვის ასაკში მისი დატოვება უკვე საშიშია!

 

ამ ასაკში იწყება კბილების ამოჭრისთვის მზადება, ამიტომ  გაძლიერებულია ნერწყვდენა (ჰიპერსალივაცია). შესაძლებელია, თუმცა ძალიან იშვიათად, რომ წინა საჭრელმა კბილმა ამოყოს თავი.

 

თმის ფერი იცვლება. დაცვენილი ღინღლის მაგივრად ამოსვლას იწყებს შედარებით სქელი თმა. თმის ამოსვლისა და ინტენსივობის საკითხი ინდივიდუალურია.

 

ბავშვი აქტიურად გაიყვანეთ სასეირნოდ და თუ დღის ძილი ხერხდება  ჰაერზე,  ეს ძალიან სასარგებლოა! ოთხი თვის ბავშვს ღამით ძინავს 10-11 საათი. დღის განმავლობაში 3 ჯერ უნდა იძინებდეს. სიფხიზლის პერიოდებში თავის თავთან თამაშიც უნდა შეეძლოს.  დღის ძილის ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია. ერთ-ერთი ძილი შეიძლება იყოს მხოლოდ ხანგრძლივი (3საათი) და ღრმა. დანარჩენი ორი ხანმოკლე და ზედაპირული.

 

ოთხი თვის ბავშვი იწონის  6,5 - 7,5კგ. მისი სიგრძე მერყეობს 60-65 სმ-ის ფარგლებში. ეს მონაცემები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე.

 

ოთხი თვის ბავშვის კვების შესახებ მშობლებმა პედიატრს უნდა დაუსვან შეკითხვები, განსაკუთრებით ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების შემთხვევაში.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.

 

Page 1 of 11