Super User

Super User

სტატიის ავტორი ლალი ანდრიაშვილი


ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც ორ ჰორმონს თიროქსინს და ტრიიოდთირონინს გამოიმუშავებს, რომლებიც ჩვენში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და ამ ცვლის გაკვეული დირიჟორია,მათი ჭარბი რაოდენობის გამომუშავებას ეწოდება ჰიპერთირეოზი -ამიტომ სიმპტომები, რომლებიც ამ პათოლოგიური მდგომარეობის დროს გამოვლინდება- განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის გადაჭარბებული მოქმედებით:


- გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია)
- ხელების ოფლიანობა და კანკალი (ტრემორი)
- თვალების წინ წამოწევა (ეგზოფთალმი)
- ადვილად გაღიზიანებადობა,აგზნებადობა
- ძილის დარღვევა
- გახშირებული შარდვა და დეფეკაცია
- წონაში კლების ტენდენცია და სხვა


კლასიკური კონვენციონალური მედიცინა პრობლემის გადაწყვეტას ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბლოკვით ახორციელებს ( მედიკამენტები -თიონამიდები, რადიოიოდინური მკურნალობა, ოპერაციული ჩარევა). რატომ გამოვიდა ორგანიზმი ჩვეული წონასწორობიდან, რატომ გააქტიურდა ფარისებრი ჯირკვალი, აქვს თუ არა ორგანიზმს რესურსი კვლავ აღიდგინოს დარღვეული წონასწორული მდგომარეობა - ამ კითხვებზე პასუხს, სამწუხაროდ საბუნებისმეტყველო მედიცინა ვერ იძლევა- რადგან მისი მიზანი სიმტომების მოშორებით ამოიწურება.


ჰიპერთირეოზის ამოცნობა რთული არ არის, პაციენტი ზედმეტად გააქტიურებულია, სწრაფად და ბევრს საუბრობს, გაძლიერებულია გულისცემათა სიხშირე, დარღვეულია ძილია და ამ ყველაფრის გამო არის გადაღლილი და გამოფიტული. დიაგნოზის დასმამდე ხშირად ამბობს რომ აქვს ნევროზი, მაგრამ დღეს ხომ ნევროზი ყველას აქვს -არის დამამშვიდებელი პასუხი, მაგრამ ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა და დრული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა აუცილებელია!


თერაპიის სახლი 28 წლიანი გამოცდილებით, მრავალი პაციენტის მადლიერებაზე დაყრდნობით და ევროპელი კოლეგების შედეგების გათვალისწინებით გთავაზობთ უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობის მეთოდს - ბუნებრივი მედიკამენტების გამოყენებით ( საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა თიონამიდების დანიშვნაც, მაგრამ მინიმალური დოზებით) და ასევე დარღვეული ბალანსის და სასიცოცხლო- ეთერული ძალების სწორად აღდგენას- სამკურნალო ევრითმიის და რიტმული მასაჟის ელემენტების გამოყენებით.

სტატიის ავტორი თამარ ვაშაკიძე

 

კიბო არის დაავადება, რომელიც წარმოადგენს  უამრავი სპეციალისტის მრავალმხრივი კვლევისა და შესწავლის საგანს, რადგან ამ დაავადებას სოციალური თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ავადმყოფობა დაავადებულ ადამიანს სცდება და მისი ოჯახის წევრებს და მეგობართა წრესაც მოიცავს, მას თან ახლავს შიშის და ტრაგედიის განცდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კვლევის შედეგად დიდი მიღწევებია მედიცინაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს დაავადება იშვიათი გამონაკლისების მიუხედავად  დაუძლეველ პრობლემად რჩება.

 

ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კონვენციონალურ მედიცინაში მიღებულ მყარად განსაზღვრულ მიდგომასთან და მკურნალობის სქემებთან ერთად, რაც დაავადებას ითვალისწინებს და არა დაავადებული ადამიანის ინდივიდუალურ თვისებებს, მოთხოვნილებებს და საჭიროებებს, მკურნალობის პროცესში გამოყენებულ იქნას  „ინტეგრაციული ’’ მიდგომა. ინტეგრაციული ნიშნავს ყველა კონკრეტული სიტუაციისთვის აზრიანი თერაპიული ღონისძიების ერთად თავმოყრას და დაავადების წინააღმდეგ შეძლებისდაგვარად მრავალი მხრიდან შეტევას. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი წარმატებული გამოსავალი.

 

კიბო შეიძლება ბევრი რამ იყოს: დაავადება, ბედისწერა, შანსი, ცხოვრების დრამა ან ტრაგედია, ბიოგრაფიული გარდატეხის წერტილი. მიუხედავად ყველაფრისა, კიბო არის ბიოლოგიური პროცესი, რაც ცხოვრებას მიეკუთვნება. ადამიანის სხეულში დღის განმავლობაში მილიონობით უჯრედი კვდება, მათი ჩანაცვლება ხდება ახლით.  უჯრედები მრავლდებიან და შვილეულ უჯრედებს გადასცემენ მემკვიდრეულ ინფორმაციას. ამ მასშტაბურ პროცესში ხდება შეცდომებიც და არანორმალური, სიმსივნური უჯრედებიც წარმოიქმნება. იმუნური სისტემა მათ ამოიცნობს და ანადგურებს, მაგრამ თუ გადაგვარებული უჯრედები ბევრია, ან იმუნური სისტემა არის სუსტი, ის ამ ბრძოლაში წაგებული რჩება და ერთეული სახეშეცვლილი უჯრედი სიმსივნის განვითარებას უდებს საფუძველს. ეს პროცესი ბევრი ფაქტორით შეიძლება იქნას ხელშეწყობილი. ასეთი გარეგანი ფაქტორებია  მაგ. შემცირებული მიკროელემენტების, ვიტამინების, სასარგებლო საკვები ნივთიერებების მიღება. ალკოჰოლი, ნიკოტინი, საკვების მავნე დანამატები, დაბინძურებული გარემო, ვირუსები. შინაგანი ფაქტორებია: სტრესი, ემოციური დატვირთვა, ქრონიკული გადაღლა. ასევე ცნობილია ზოგიერთი სიმსივნის მემკვიდრეული ხასიათი.

 

კიბოთი დაავადება ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სიმსივნე. ეს დაავადება ერთი ორგანოს ფარგლებს სცდება და მთელ ადამიანს მოიცავს, მის არა მხოლოდ ფიზიკურ დონეს, არამედ ემოციურ და სულიერ სფეროსაც. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ თანადგომას, რათა შენარჩუნდეს შინაგანი წონასწორობა და სიმშვიდე.

 

სასკოლო მედიცინის მიზანია სიმსივნის განადგურება. ამისათვის 3 კლასიკურ ხაზს იყენებს: მეტალს(სკალპერი), სხივს(რადიაციული თერაპია) და ქიმიას (ქიმიოთერაპია). ამ მეთოდებთან დაკავშირებით არსებობს დიდი გამოცდილება და კვლევების შედეგებზე დაყრდნობილი სტატისტიკა.

 

ოპერაცია სასურველია შეძლებისდაგვარად რადიკალური იყოს. შემდგომი ქიმიოთერაპია მოწოდებულია დარჩენილი პათოლოგიური უჯრედების გამრავლება-გავრცელების საწინააღმდეგოდ. რადგან მისი მოქმედება მთელ ორგანიზმზე ვრცელდება, კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დანიშვნის რეჟიმი. ადგილობრივი რეციდივის პროფილაქტიკისთვის , ან დარჩენილი სიმსივნის დესტრუქციისთვის გამოიყენება სხივური თერაპია. მისი ზემოქმედებით სამწუხაროდ პათოლოგიურ კერასთან ერთად მიმდებარე ჯანსაღი ქსოვილებიც ზიანდება.  ჩატარებული ღონისძიებების შედეგის შენარჩუნებისთვის შედარებით ხანგრძლივად ინიშნება ჰორმონოთერაპია ან იმუნოთერაპია.

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიმსივნის გამანადგურებელ თერაპიას თან ახლავს არასასურველი გვერდითი მოვლენები და თანმხლები გართულებები, რაც პაციენტის ზოგად მდგომარეობას თრგუნავს ,  აუარესებს როგორც იმუნურ სისტემას, ისე გუნება-განწყობილებას. ამიტომაც თანამედროვე ონკოლოგიაში კონვენციონალური მეთოდი განივრცობა კომპლემენტარული მეთოდებით. მათ შორის ანთროპოსოფიული მედიცინა მოწინავე ადგილზეა. როგორც სამეცნიერო კვლევებით, ისე ექიმების და პაციენტების ხანგრძლივი პოზიტიური გამოცდილებით დასტურდება მისი ეფექტურობა. ეს მეთოდი არ არის ალტერნატიული, არამედ განავრცობს სასკოლო მედიცინას.

 

ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანს ანთროპოსოფიული მედიცინა სთავაზობს როგორც მედიკამენტოზურ , ისე არამედიკამენტოზურ თერაპიებს. ცენტრალური სამკურნალო საშუალებაა მცენარე ფითრი. უკვე ასწლიანი ევროპული გამოცდილების არის ფითრის წვენისგან ქარხნული წესით დამზადებული შვეიცარული წარმოების კანქვეშ საინექციო ამპულები ისკადორი. არსებობს აგრეთვე გერმანული წარმოების ფითრის სხვა პრეპარატები: აბნობა, ისკუცინი ან ჰელიქსორი.

 

 ფითრის ექსტრატში არსებული აქტიური ნივთიერებები (ლექტინები და ვისკოტოქსინი) ციტოტოქსიურია, პათოლოგიურად შეცვლილი უჯრედების აპოპტოზს იწვევს , ამით  ხელს უშლის სიმსივნურ უჯრედთა ზრდას და გავრცელებას. ამდენად ფითრის პრეპარატები ეხმარება კონვენციალურ მეთოდებს მიზნის მიღწევაში (სიმსივნის განა დგურებაში), და ამავე დროს იმის გამო, რომ მათ იმუნომოდულატორული მოქმედება აქვთ, პაციენტის ზოგად მდგომარეობას აუმჯობესებს. ძლიერდება ორგანიზმის ბრძოლის უნარი.ფითრით თერაპია ხელს უწყობს ენდორფინების გადმოტყორცნას, რისი წყალობითაც უკან იხევს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, უძილობა, უმადობა, ტკივილი. უმჯობესდება გუნება-განწყობილება. მსუბუქდება ქიმიოთერაპიის თანმხლები გვერდითი მოვლენები და შესაძლებელი ხდება ქიმიოთერაპიის სრული კურსის გავლა.

 

ფითრის პრეპარატების დანიშვნა და დოზირების რეჟიმის წარმართვა ხდება შესაბამისი გამოცდილების მქონე ექიმის მიერ. მკურნალობის დაწყება სასურველია დიაგნოზის დასმისთანავე და გრძელდება როგორც ქიმიოთერაპიის პარალელურად, ისე მისი დასრულების შემდეგაც რეციდივის პრევენციისთვის. არამედიკამერტოზური თერაპიები: სამკურნალო ევრითმია, ხელოვნებითი თერაპია, რიტმული მასაჟი და მრავალფეროვანი გარეგანი ზემოქმედებები შესაძლებელს ხდის, რომ თვითგანკურნების ძალების გააქტიურებით დაიძლიოს ამ დაავადების ტენდენცია და სამკურნალო ზემოქმედების არეალი ფიზიკური სხეულის გარდა გავრცლდეს მთელ ადამიანზე, მის ემოციურ და სულიერ სფეროზეც. ონკოლოგიური დაავადებაც ხომ მთელ ადამიანს მოიცავს.

 

თუ სიმსივნის განადგურება ხერხდება, ინტეგრაციული ჩარევით ვეხმარებით ადამიანს ძალების აღდგენაში და ვიცავთ რეციდივისგან. ხოლო თუ სიმსივნის განადგურება  ვერ  ხერხდება, პალიატიურ სამსახურში ფასდაუდებელია ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენება.

 

ამ მეთოდით მკურნალობის 25 წლიანი გამოცდილება არსებობს თერაპიის სახლში. ჩვენი პაციენტებიც დაგვეთანხმებიან იმაში, რომ ინდივიდუალურად და ოპტიმალურად დაგეგმილი ინტეგრაციული მიდგომა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

 

 

ექიმი  თამარ ვაშაკიძე

შაბათი, 25 თებერვალი 2017 10:04

სამი თვის ბავშვი

სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი

 

სამი თვის ბავშვს აშკარად ამჩნევთ ხასიათის ცვლილებას. სიფხიზლის პერიოდებში, რომელიც უკვე ბევრად ხანგრძლივია, ვიდრე ერთი ან ორი თვის ასაკში იყო, ითხოვს ყურადღებას. თუ მანამდე იღვიძებდა მხოლოდ ჭამისთვის და შემდეგ კვლავ იძინებდა, ახლა მალევე აღარ იძინებს და  უკვე გაცილებით მეტი რამ აინტერესებს.  კარგად შემოდის კონტაქტში, უფრო კარგად გესმით მისი სურვილები. კმაყოფილების ბგერებს გამოთქვამს, როდესაც ელაპარაკებით და ეთამაშებით. უფრო მეტად არის გამოხატული მიმიკა. ბავშვის მზერა უკვე ფიქსირდებას გარკვეულ საგნებზე. კარგად აღიქვამს ასევე ბგერებს და თავს ატრიალებს იმ მხარეს საიდანაც მოდის ეს ხმა. თუ უმღერით, ცდილბს რომ აგყვეთ. ის, სიფხიზლის დროს, მუდმივად ითხოვს ყურადღებას, ცნობს გარშემომყოფებს და უღიმის, ანსხვავებს ოჯახის წევრებსა და უცხო პირებს. თავის კმაყოფილება შეიძლება გამოხატოს ღუღუნით და უკმაყოფილება ხმამაღალი ბგერებით ან ,,ნებრიცუცით“(თვალებზე ცრემლების მოდგომით, ტუჩების მოკუმვითა და ქვედა ტუჩის გადმობრუნებით). მუცელზე წოლისას თავს და მხრებს წევს და რამოდენიმე წამი ასე ჩერდება. საკუთარი ხელებით თამაშობს, რომლებიც ხან ქრებიან, ხან ჩნდებიან. ზურგზე წოლისას თუ ორივე მტევანზე ხელს კარგად მოვკიდებთ და წამოვწევთ ადვილად მოგყვება და ცდილობს თავადაც წამოიწიოს. 

 

აქტიურად უნდა გაასეირნოთ!!!

 

კარგია თუ დღის ძილი ხდება ჰაერზე. სამი თვის ბავშვს სიფხიზლის პერიოდი ეზრდება და მას ძინავს დაახლოებით 10-11 საათი.  ამ ასაკში ბავშვი ღამის კვებას არ უნდა ითხოვდეს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს ასე არ არის. პედიატრთან ერთად უნდა დაიგეგმოს ღამით კვების გადაჩვევის ღონისძიებები! შესაძლებელია რომ ღამით გაიღვიძოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ბავშვი უნდა გამოკვებოთ. მის ოდნავ შეფხიზლებაზე არ არის საჭირო საკვების მიცემა. შევეცადოთ რომ ძილი შევუბრუნოთ!!! რაც შეეხება დღის ძილს,  ამ ასაკის ბავშვს 3-ჯერ უნდა ეძინოს. კარგია თუ ეს ხდება ჰაერზე. გარეთ გაუყვანლობა შეიძლება იყოს საღამოს აღგზნებადობისა და უძილობის მიზეზი.  ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, შესაძლებელია ნეხევარი საათიდან 2-3 საათამდე გრძელდებოდეს. ხანმოკლე ძილის დროს უნდა შევეცადოთ რომ ძილი შევუბრუნოთ. თუ ეს არ ხერხდება იძულებას არ უნდა შეეცადოთ და არ უნდა გაანერვიულოთ. შედით მასთან სასიყვარულო კონტაქტში და ხელი შეუწყვეთ მის ჯანსაღ სიფხიზლეს, რასაც ცოტა ხანში მოჰყვება ჯანსაღი ძილი. ღამის ძილის წინ არ არის საჭირო ბავშვთან აქტიური თამაში. ამით მას მხოლოდ გამოვაფხიზლებთ!!!

 

სამი თვის ბავშვთან უკვე ისახება მეხსიერების გარკვეული ელემენტები, კერძოდ, ჭამის დროის მოახლოებისას, როდესაც ხედავს რომ დედა იქვე ტრიალებს, ელოდება მას და ამას გამოხატავს ხელების და ფეხების ქნევით.

 

ბავშვი მესამე თვიდან იწყებს ლუღლუღს, რაც ბავშვის ფუნქციური თამაშია არტიკულაციის ორგანოებით. ეს არის სამეტყველო აპარატის კუნთების ვარჯიში. ლუღლუღი შედგება მარცვლებისაგან და არა სიტყვებისაგან. ამ დროს ბავშვი ემზადება სიტყვების აგებისათვის. ყველა ეროვნების ბავშვი ერთნაირად ლუღლუღებს. თითქოს ისინი მზად არიან ნებისმიერი ენის შესასწავლად, რადგან ბავშვი იბადება სამყაროს მოქალაქედ და არა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მოქალაქედ. სმენადაქვეითებული ბავშვიც კი ზუსტად ისევე ლუღლუღებს, როგორც ნორმალური სმენის მქონე ბავშვი. მეტყველების ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ მასთან უფროსები. ბავშვს სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის. მნიშვნელოვანია უფროსები რა ჟესტებსა და ქმედებებს ახორციელებენ, როგორია შინაგანი განწყობა და მიდგომა. ბავშვი აღიქვამს ერთ მთლიან გარემოს და წარმოთქმული სიტყვები არ აღიქმება როგორც რაღაც გამოყოფილი ამ მთლიანობიდან, მთლიანობიდან, რომელიც არის მასზე მზრუნველი, მოსიყვარულე და თბილი. ეს პროცესი გრძელდება ერთ წლამდე.

 

სამი თვის ასაკიდან იწყება თმის სტრუქტურისა და ფერის  შეცვლა. სხეულზე არსებული ღინღლი იწყებს ცვენას.

 

სამი თვის ბავშვი დაახლოებით 5,5-7 კგ-ს უნდა იწონიდეს.

 

ბავშვის სიგრძე უნდა მერყეობდეს 60-65 სმ-ის ფარგლებში.

 

თუმცა წონისა და სიგრძის მაჩვენებლები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე!!!

 

კითხვების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ პედიატრს!

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები იქნება გაწონასწორებული, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

 

                       ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!

 

 

 

ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 10:00

ორი თვის ბავშვი

 სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი

 

სიცოცხლის პირველი კვირები გადის სმასა და ძილში. დაბადებიდან რამოდენიმე კვირაში, როდესაც დედა დახედავს თავის პატარას საწოლში, შეამჩნევს რომ ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა. ეს არის დედისთვის სიხარულის წამი. ამ დროს ხდება დედა-შვილის პირველი განსაკუთრებული შეხვედრა, რადგან დედა ხედავს უკვე ბავშვის პიროვნულ მარცვლებს. ასეთი შეხვედრების რაოდენობა შემდეგ თვეებში ინტენსიური ხდება.

 

ბავშვი უკვე ნელ-ნელა ეგუება გარემოს, როდესაც არ ძინავს ყველაფერს ხედავს და ესმის. მისი სიფხიზლის პერიოდები იზრდება. კარგად ცნობს დედას, უღიმის კიდეც და დედის სიხარულს აღიქვამს. შეიმჩნევა გამოხატული მიმიკა. ორივე თვალი ერთდროულად მოძრაობს, თუმცა ხანდახან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იხედება, ამიტომ წაუელმებს, თუმცა არა ისე ხშირად, როგორც ეს ხდებოდა ერთი თვის ასაკში. თვალს აყოლებს საგნებს. ითხოვს უფრო მეტ კონტაქტს.

 

შეუძლია საგნების კარგად დაჭერა. ხელებისა და ფეხების მოძრაობა ისეთი ქაოტური აღარ არის, თუმცა ნაკლებად მიზანმიმართულია. იწყებს ღუღუნს. თანდათან იზრდება ,,აღუ“-ს თქმის სიხშირე, რაც ოჯახის წევრების აღფრთოვანებას იწვევს. გამოხატავს უკმაყოფილებას ტირილით, როდესაც შია ან საფენი გამოსაცვლელია.  ტირილის დროს დალაპარაკება ან ხელში აყვანა ამშვიდებს. ორი თვის ბოლოს მისი ღიმილი უკვე მიზანმიმართულია. ღიმილისა და სიცილის ინტენსივობა დღეებთან ერთად მატულობს. ბავშვი უფრო აქტიური ხდება,  თავს ამოძრავებს აქეთ-იქით, რეაგირებს დაძახებაზე, აკვირდება უძრავ საგნებს, მაგრამ მათკენ არ მიიწევს.

 

ბავშვი თუ არ იცინის, ეს ნიშანია იმისა, რომ ის არ ვითარდება ნორმალურად. სიცილის პერიოდების მატება პირდაპირ კავშირშია ცნობიერების განვითარებასთან, რაც ასევე გამოიხატება სიფხიზლის დროის გაზრდაში. სწორედ ამ პერიოდიდან შეიძლება მშობლების მხრიდან პედაგოგიური მიმართებების განხორციელება: მოფერება, სიმღერა, საუბარი და ლოცვების კითხვა ძილის წინ. ახალშობილზე მოქმედებს არამშვიდი გარემო, სტუმრიანობა, სხვადასხვა სახის ხმაური. ბავშვი იწყებს ტირილს, ვერ იძინებს, წუხს. ამ დროს ბავშვს ამშვიდებს ძუძუს მოწოვება, მკერდზე მიხუტება და ტარება.

 

ორი თვის ბავშვთან ძილის ხანგრძლივობა 16-18 საათს შეადგენს. ღამით უჭირს ექვს საათიანი კვების შუალედის გაკეთება. საკვების მიღების შემდეგ ადვილად აგრძელებს ძილს. დღის განმავლობაში იძინებს ბევრჯერ, დაახლოებით 5-9 ჯერ, მაგრამ ეს ძილი არის ხანმოკლე. ბავშვს 24 საათის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა ეძინოს ხანგრძლივად 4-6 საათი. ორი თვის ასაკში ჯერ კიდევ  შესაძლებელია ძილის რიტმი არ იყოს დარეგულირებული. ამის შესანიშნავი საშუალებაა ბავშვის ხშირად სასეირნოდ გაყვანა ან თუ შესაძლებელია დღის ძილი ჰქონდეს ჰაერზე. პირველ თვეს არსებული აქტიური მეტეორიზმი, მეორე თვეს შემცირებულია.

 

შესაძლებელია, რომ შეამჩნიოთ პატარას სახეზე წვრილწერტილოვანი გამონაყარი, რომელიც 5-6 კვირაში გაქრება. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვის სისხლი თავისუფლდება დედის ჰორმონებისაგან.

 

კეფის მიდამოში, ქუთუთოებზე ან კისერზე შესაძლებელია აღენიშნოთ მოწითალო ლაქები, რომლებიც 3-4 თვის ასაკში უკვალოდ ქრება.

 

შესაძლებელია, ორი თვისთვის, ბავშვს თავზე გაუჩნდეს ქერცლები, რომელმაც შემდეგ თვეებში მოიმატოს. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ პედიატრს.

 

ორი თვის ასაკში პატარა უკვე ცდილობს თავი წამოწიოს, განსაკუთრებით მუცელზე წოლის დროს. მართალია, თავის დაჭერა სულ რამოდენიმე წამით ხდება, მაგრამ ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. თუ ეს ასე არ ხდება აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

ორი თვის ბავშვის წონა არის   5-6 კგ.   სიგრძე მერყეობს 57-60 სმ-ის ფარგლებში.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის სოცოცხლის პირველი თვეები განსაკუთრებულად რთულია თქვენთვის და თქვენი პატარასთვის. ყალიბდება ახალი და ფაქიზი ურთიერთობები. რაც არ უნდა ბევრი დამხმარე გყავდეთ ძირითადი პასუხისმგებლობა მოდის თქვენზე. რაც უფრო ნაკლებად ჩართავთ გარშემომყოფებს, მით უფრო მეტ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ. თქვენი ქმედებები იქნება გაწონასწორებული, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე. თუმცა ეს არ გამორიცხავს რჩევების მოსმენას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინებას, თუ ის თქვენთვის მისაღებია.

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!      

                           ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!

 

შაბათი, 11 თებერვალი 2017 08:56

0-დან ერთი თვის ასაკის ბავშვი

სტატიის ავტორი:ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი

 

ცხრა თვის ლოდინის შემდეგ იბადება ბავშვი. ის გამოიყოფა დედის ორგანიზმს და იწყებს ამ ეტაპზე მისთვის რთული გარემოსა და ცხოვრების ადაპტირებას. ბავშვს დედის მუცელში განვითარებისთვის შესანიშნავი პირობები ჰქონდა. კერძოდ, ის დამოუკიდებლად არ იკვებებოდა, არ სუნთქავდა, არ განიცდიდა ატმოსფერული წნევის ზეწოლას, რადგან სუნთქავდა და იკვებებოდა პლაცენტის საშუალებით და ცურავდა ცილით გაჯერებულ სითხეში. მთლიანად დაცული იყო დედის მხრიდან, როგორც ფიზიკურად ასევე, ემოციურად. მოკლედ, ის დედის სხეულის განუყოფელი  შემადგენელი ნაწილი იყო.

 

დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ბავშვის ტვინში ფუნქციონირებას იწყებს სუნთქვის ცენტრი. დაბადებისას ის ღრმად ჩაისუნთქავს. ეს ხორციელდება სუნთქვის ცენტრის აღგზნებით, მის სისხლში არსებული ნახშირმჟავების არსებობის გამო. ჩასუნთქვის შედეგად ფილტვები სრულად იშლება, რაც გამოიხატება აქტიური ტირილით. ეს ნამდვილად საჭირო ტირილია, რადგან ახალი ორგანო სწორედ, რომ ამ ტირილის მეშვეობით იწყებს ფუნქციონირებას. ჭიპლარის გადაკვეთის შემდეგ ბავშვის გულ-სისხლძარღვთა სისტემა იწყებს დამოუკიდებელ ქმედებას.  მარჯვენა და მარცხენა წინაგულებს შორის არსებული ხვრელი იხურება. პირველ ჩასუნთქვასთან ერთად, ასევე იბადება ბავშვის მშვინიერ-სულიერი არსება.

 

ბავშვი, დაბადების შემდეგ, ხვდება მისთვის უცხო და მძიმე პირობებში. დედის მუცელში სტერილური გარემოდან გადადის დაბინძურებულ გარემოში, სადაც ატმოსფერული წნევა ზემოქმედებს. ბავშვი იღებს შოკს გარემოს ტემპერატურის ცვლილების გამო, რომელიც არსებობს დედის თბილ, თხევად გარემოსა(სადაც ტემპერატურა 37,5 38 გრადუსია) და ჰაეროვან გარემოს შორის. ბავშვი იბადება სხეულის ტემპერატურით 36,6 გრად. (სწორ ნაწლავში), მშობიარობის პროცესში  ტემპერატურა 1,5-2 გრადუსით იკლებს.

 

ახალშობილი მოძრაობის უნარს დაბადებისას არ იძენს. ის აქტიურად მოძრაობს მუცლად ყოფნის პერიოდში, რომელსაც დედა კარგად შეიგრძნობს. დაბადებისას ბავშვს აქვს ზოგადი მოძრაობები, როგორიცაა წოვის, შიშისგან დამცველობითი, ხელებისა და ფეხების ქაოტური, არაკოორდინირებული მოძრაობები.  აქვს კრთომები,  მუშტები მჭიდროდ შეკრულია, თუ თითებს გავუშლით და ჩვენს თითს ჩავუდებთ, მოუჭერს, მაგრამ მალევე ხელს გაგვიშვებს. სიცოცხლის პირველ დღეებში ახალშობილის თვალები მოძრაობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ამიტომ შესამჩნევია როგორც გარეთა, ასევე შიგნითა სიელმე, რაც მშობლების შეშფოთებას იწვევს. ეს ფიზიოლოგიურია და გაგრძელდება მანამ, სანამ არ ისწავლის მზერის ფიქსაციას საგნებზე, რაც ნიშნავს, რომ ბავშვს უკვე შეუძლია სივრცითი ხედვა. თავის მხრივ, ეს მანიშნებელია იმისა, რომ მისი ცნობიერება ნელ-ნელა იბადება.

 

ბავშვი ადვილად პოულობს ძუძუს და იწყებს აქტიურ წოვას, რადგან ჯანმრთელ ბავშვს წოვის რეფლექსი დაბადებისთანავე კარგად აქვს განვითარებული. ახალშობილს ტუჩებზე აქვს ბორცვაკები, რომლების წოვაში ეხმარებიან. (ამ ბორცვაკების არსებობა მიუთითებს ჯანმრთელ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.) ის პირველივე წუთიდან ცნობს დედას. დედასთან სიახლოვე ბავშვის ფსიქიურ განვითარებას უწყობს ხელს. ბავშვი დედას ცნობს სუნით, კანზე შეხებით, მოფერებით, რაც ატირებულ ბავშვს ამშვიდებს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მოფერება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თავის ტვინის განვითარებას. ძუძუთი კვება ბავშვის ნერვულ-მგრძნობელობით სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს და მის ნორმალურ განვითარებას უწყობს ხელს.

 

დროულ ახალშობილებს აქვთ ძლიერი რეაქცია ძლიერ ხმაურზე და სინათლეზე. ძლიერ სინათლეზე ვლინდება გუგის შევიწროვება, თვალების დახუჭვა, თავის უკან გადაწევა. ძლიერ ხმაურზე ბავშვი კრთება და შესაძლებელია, რომ ტირილიც დაიწყოს.

 

ბავშვის სიმშვიდეზე მოქმედებს დედის ემოციური მდგომარეობა. თუ დედა მშვიდადაა, ბავშვსაც შესაბამისად კარგად ძინავს და პირიქით, დედის ნერვიულობისას ბავშვი აგზნებულია და ხშირად ტირის. ბავშვის ტირილის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, კერძოდ, საჭმლის მომნელებელი სისტემის უმწიფრობის გამო,  გაძლიერებული მეტეორიზმი, შიმშილი, სველი საფენი, სიცივე, დაცხომა. ხშირად, განსაკუთრებით ვაჟებთან, შარდვის წინ ბავშვმა შეიძლება იტიროს, რაც განპირობებულია გარეთა საშარდე ხვრელის სივიწროვით და ჩუჩაზე მარილების დაგროვებით.

 

დაბადების შემდეგ ბავშვი დროის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს და კვებისას იღვიძებს. ბავშვს გარე სამყაროს აღქმაში ეხმარება მისთვის განკუთვნილი გარემოს შემოსაზღვრა, როგორიცაა ძილი საკუთარ საწოლში. როდესაც მის სხეულში დედის რძე იღვრება,  ის კმაყოფილებას განიცდის არა მარტო პირის ღრუში, არამედ მთელი სხეულით, რომელიც ჩართულია გემოს შეგრძნებაში.  ძუძუთი კვებისას ბავშვი კვლავ განაგრძობს დედის ფიზიკური გარსის ქვეშ ყოფნას, რაც თავის მხრივ მის დაცულობასაც ნიშნავს. დანაყრებისა და ამობოყინების შემდეგ, ბავშვი მშვიდად წევს და იძირება არაცნობიერ კმაყოფილებაში, სანამ შიმშილის გრძნობა კვლავ არ შეაწუხებს. ბავშვი იწყებს ტირილს, ხელ-ფეხის ქნევას, როგორც კი ძუძუს მიცემენ, პატარა   აქტიურად იწყებს წოვას, ნელ-ნელა მშვიდდება, შეიძლება ცოტა ხნით წოვას თავი დაანებოს, მიმოიხედოს კმაყოფილებით, ერთი-ორჯერ თავი გააქნიოს, კვლავ ჩაიდოს ძუძუ პირში და გააგრძელოს აქტიურად წოვა. ჭამასა და ძილში გადის პირველი კვირები და დედა ერთი თვის თავზე აღმოაჩენს, რომ პატარა უღიმს. ეს არის დედისთვის უდიდესი სიხარულის წამი. პირველად ბავშვის თვალებიდან გამოაბრწყინა პიროვნების ასპექტმა. ეს არის პირველი სიცილი, რომლის ინტენსივობა დღეებთან ერთად მატულობს. ამ პერიოდისთვის ბავშვი უფრო აქტიური ხდება,  თავს ამოძრავებს აქეთ-იქით, რეაგირებს დაძახებაზე, აკვირდება უძრავ საგნებს, მაგრამ მათკენ არ მიიწევს.

 

ბავშვი თუ არ იცინის, ეს იმის ნიშანია, რომ ის ნორმალურად არ ვითარდება. სიცილის პერიოდების მატება პირდაპირ კავშირშია ცნობიერების განვითარებასთან, რაც ასევე გამოიხატება სიფხიზლის დროის გაზრდაში. სწორედ ამ პერიოდიდან შეიძლება მშობლების მხრიდან პედაგოგიური მიმართებების განხორციელება: მოფერება, სიმღერა, საუბარი და ლოცვების კითხვა ძილის წინ. ახალშობილზე მოქმედებს არამშვიდი გარემო, სტუმრიანობა, სხვადასხვა სახის ხმაური. ბავშვი იწყებს ტირილს, ვერ იძინებს, წუხს. ამ დროს ბავშვს ამშვიდებს ძუძუს მოწოვება, მკერდზე მიხუტება და ტარება, მუცლის მსუბუქი მასაჟი საათის ისრის მიმართულებით. თბილი წყლის აბაზანა წელს ქვევით.

 

ბავშვის ფიზიკური განვითარება მიმდინარეობს რიტმულად. დაბადებისას ბავშვი არის ერთი მრგვალი, კოსმიური არსება, სადაც წინ მოდის თავი, რომელიც ბურთს მოგვაგონებს და ყველაზე მეტად ფორმირებული ნაწილია, განსხვავებით ტანისგან და კიდურებისგან, რომელთა ქაოტური მოძრაობა თვალში საცემია. სიცოცხლის პირველ დღეებში სახეზეა დიდი თავი და ჩამოუყალებელი კიდურები, რომლებიც საფენებში შეფუთულ მდგომარეობაშია. თავზე კი შეიმჩნევა მშობიარობის პროცესის კვალი: შეშუპებული უბნები თვალის გარშემო, ჰიპერემიული ადგილები, თავის ქალას მცირედი დეფორმაცია, ჰემატომა, კეფის მიდამოში, ქუთუთოებზე ან კისერზე შესაძლებელია აღენიშნოთ მოწითალო ლაქები, რომლებიც 3-4 თვის ასაკში უკვალოდ ქრება.

 

ბავშვის ცხოვრების პირველი დღეების სიმრგვალეს 2-3 კვირიდან ენაცვლება კიდურების დაგრძელება, რომლის დროსაც საგრძნობლად იცვლება სხეულის ნაწილების ურთიერთთანაფარდობა. ჩვილი ბავშვის თავისა და სხეულის თანაფარდობაა 1:4. ზრდასრულთან ეს პროპორცია დაახლოებით 1:8 არის. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ახალშობილის თავი დიდია. თვალების შემაერთებელი ხაზი თავის შუა ხაზზე საგრძნობლად დაბლაა, ანუ თავის ქალა აღემატება სახის ზომას. ქვედა ყბა პატარაა და უკან წაწეული. სახის შუა ნაწილი შედარებით განვითარებულია, თუმცა ცხვირი ოდნავ ჩანს. პაჭუა ცხვირის ფონზე კარგად გამოიკვეთება გუმბათისებური შუბლი. დიდი თვალების უდიდეს ნაწილს ფერადი გარსი შეადგენს. ყბები ქვემოთაა დაწეული. ნაკვთები მომრგვალებული და რბილი. ზედა ტუჩი გაბერილია, შეიმჩნევა გამობურცულობები, რაც წოვის შედეგია და ასევე, მიუთითებს კარგად მოფუნქციონირე საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ახალშობილებს კისერი თითქმის არ აქვთ, ის დამალულია ფუმფულოვან ნაოჭებში და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მრგვალი თავი პირდაპირ აზის ტანს.

 

ახალშობილის თავის გარშემოწერილობაა 34-36სმ. შემდეგ 1სმ-ით მატულობს თვეში და წლის ბოლოს 46 სმ-ია.

 

ახალშობილის  გულმკერდის გარშემოწერილობაა 32-34 სმ. პირველი წლის განმავლობაში ის 13-15სმ-ით იზრდება და წლის ბოლოს ის შეადგენს 48სმ-ს. 14-15 წლის ასაკში - 75-78სმ-ია.

 

გულმკერდი ცილინდრულია და უფორმო, პირდაპირ გადადის მუცელში, რომელზეც კარგად შეიმჩნევა ნაწლავთა პერისტალტიკა. გულმკერდის გარშემოწერილობა დიდია თეძოებისაზე. მკლავები მოკლეა. საჯდომი და ფეხები ყველაზე ნაკლებადაა განვითარებული. ფეხები მთლიანი სიგრძის 1,5-ს შეადგებს. ისინი მრგვალია, განსაკუთრებით ბარძაყები და მის შიგნითა ზედაპირზე კარგად გამოხატული ნაოჭებია.

 

ჩვილის კანი გადაჭიმულია მსუქან ხორცზე, რომელიც ღინღლითაა დაფარული. ახალშობილის კანი ძალიან კარგად მარაგდება სისხლით. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის კანი არის ნივთიერებათა ცვლის სისტემის შემადგენელი ნაწილი. სწორედ ამიტომ, კანი ადვილად ზიანდება და ანთებითი ხდება. ამავე მიზეზით კარგავს ბავშვი დაბადებისას ტემპერატურას. კანის საშუალებით ხორციელდება პირდაპირი კონტაქტი გარემოსთან. პირველ დღეებში შეიმჩნევა კანის სიყვითლე, რაც ფიზიოლოგიურია. ახალშობილის სისხლი, განსხვავებით მოზრდილისაგან, დიდი რაოდენობით სისხლის წითელ უჯრედებს შეიცავს. დაბადების შემდეგ ერითროციტების რაოდენობა თანდათანობით მცირდება და დაახლოებით მე-14 დღეს ეს პროცესი სრულდება. ეს ნიშნავს რომ სისხლის წითელი უჯრედები იშლებიან, რის გამოც თავისუფლდებიან ფერადი ნივთიერებები, და კანი იღებს ყვითელ შეფერილობას. კანის სიყვითლე სხვადასხვა ბავშვთან შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობის იყოს. ძლიერი და გახანგრძლივებული სიყვითლისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

 

დაბადებისას ბავშვის კანი დაფარულია დამცველი ფენით,  რომელსაც თავად კანი გამოყოფს. მას ხაჭოსებრი საცხი ეწოდება. ის შედგება უპირატესად ცხიმისგან და კანის უჯრედებისაგან. ამ გარსის მეშვეობით ბავშვი გამოყოფს თავის თავს გარემოსაგან და ეს უკვე ორსულობის მეორე ნახევრიდან იწყება. ის გამოეყოფა იმ სითხეს რომელშიც ცურავს. ხაჭოსებრი საცხი იცავს ბავშვს მშობიარობისას, აადვილებს მის გამოძევებას საშვილოსნოსგან და პირველ დღეებში ეხმარება ადაპტაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს დამცველი გარსი მალევე არ მოვაშოროთ ბავშვს. ამით დავეხმარებით პატარას სწრაფად არ დაკარგოს სითბო. სწრაფად დაკარგულ სითბოზე რეაგირებს სისხლი და ხდება ინტენსიურად ერითროციტების დაშლა.

 

ხაჭოსებრი საცხის მოშორების შემდეგ, დაბადებიდან მე-2-3 დღეს, აღინიშნება კანის სიწითლე მოლურჯო (ციანოზური) ელფერით,  რასაც მოსდევს კანის აქერცვლა, განსაკუთრებით ხელისგულებზე და ფეხისგულებზე. ორივე მოვლენა ფიზიოლოგიურია.

 

ახალშობილებს ხშირად აღენიშნებათ ე.წ. ორსულთა რეაქცია, რომელიც დედისგან გადასული ჰორმონების მოქმედების შედეგია. ერთ-ერთია ქინძისთავისხელა მოთეთრო კვანძები, უპირატესად ცხვირზე და იშვიათად შუბლზე, ნიკაპსა და ლოყობზე და რაც ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურებული ქმედების შედეგია.

 

ასევე, ახალშობილებს გამოხატული აქვთ სარძევე ჯირკვლები დვრილით, რომლებიც ხშირად ჯირჯვდება და შესაძლებელია ხელის დაჭერისას რძისებრი გამონადენი აღინიშნოს. მას ეშმაკის რძეს ეძახიან. არ შეიძლება სარძევე ჯირკვლებზე ზეწოლა. ეს შესიება ნელ-ნელა გაივლის. გართულებებისა და შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!!!

 

გოგონებს შეიძლება ჰქონდეთ სეროზული გამონადენი საშოდან, იშვიათ შემთხვევაში სისხლიანი გამონადენი, რომელიც 1-4 დღე გრძელდება.

 

ზოგიერთ ახალშობილ გოგონას აღენიშნება დვრილისირგვლივი რგოლის და ვაჟებს სათესლე პარკის პიგმენტაცია.

 

ახალშობილს ჭიპლარი მეორე კვირას ძვრება. ჭიპლარზე  დაკვირვება და მოვლა მნიშვნელოვანი პუნქტია. ფუფხის ძალით მოშორება კატეგორიულად არ შეიძლება. ჭიპლარის დამუშავება სისტემატურად უნდა ხდებოდეს ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვით და ექიმის რეკომენდაციით. დაბანვა არ უნდა მოხდეს მანამ, სანამ ჭიპი სრულად არ შეხორცდება.

 

კუნთოვანი სისტემა სუსტადაა განვითარებული. აღინიშნება მომხრელ კუნთთა ჰიპერტონია (დაჭიმულობა), განსაკუთრებით კიდურების კუნთების, ამიტომაც ბავშვს შენარჩუნებული აქვს ემბრიონის პოზა. კიდურები მოხრილია სახსარში, მტევნები შეკრულია მუშტებად. კისრის კუნთების ჰიპერტონუსი ხშირად განაპირობებს თავის უკან გადაწევას.

 

ახალშობილს  დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 20 საათი უნდა ეძინოს. ის მხოლოდ ჭამისთვის უნდა იღვიძებდეს, ე.ი. ბავშვი მთელს დროს ძილსა და ჭამაში უნდა ატარებდეს, რათა მან ნორმალურად შეძლოს განვითარება. პირველ ეტაპზე შესაძლებელია, რომ ძილ-ღვიძილის რიტმი არეული ჰქონდეს. მთელი დღის განმავლობაში ეძინოს და ღამის საათებში ფხიზლობდეს, რაც ცხადია მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს. მალე ეს რიტმი სწორდება. ხშირად დედები ჩივიან რომ მათ შვილს ძალიან ცუდად ძინავს. ექიმისგან ითხოვენ საძილე საშუალების გამოწერას და თან რაც შეიძლება ძლიერ მოქმედს, რომ ეს პრობლემა სწრაფად მოიხსნას. ხშირ შემთხვევაში მედიკამენტი არ შველის, პირიქით შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს კიდეც. პირველი და მნიშვნელოვანი ქმედება ძილის დასარეგულირებლად არის ბავშვისთვის მშვიდი გარემოს შექმნა. ჩემი ხანგრძლივი პრაქტიკიდან გამომდინარე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაწონასწორებულ და მშვიდ დედებს ბავშვებიც წყნარები ჰყავთ. ბავშვი ხომ, განაგრძობს დედასთან მჭიდრო კავშირს, განსაკუთრებით თუ ბუნებრივ კვებაზეა. ჩვილმა, მართალია დატოვა დედის ორგანიზმი, მაგრამ ის, რძის საშუალებით,  კვლავ იმყოფება დედის გარსების ქვეშ, რომლის შემადგენლობა ბავშვის სისხლის შემადგენლობის მსგავსია.

 

მნიშვნელოვანია ოთახის ტემპერატურა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 22-24 გრადუსს. თუ ოჯახი ახერხებს ბავშვის გარეთ, ჰაერზე ხანგრძლივად დაძინებას, მერწმუნეთ, ძილის პრობლემას ძალიან სწრაფად დაარეგულირებთ. არ აქვს მნიშვნელობა ზაფხულია თუ ზამთარი, წვიმს თუ თოვს, ბავშვს გარკვეული საათები გარეთ უნდა ეძინოს. ერთადერთი, როდესაც თავი უნდა შეიკავოთ, ეს არის ძლიერი ქარი. ბავშვის აღგზნებადობას იწვევს ასევე თბილად ჩაცმა, ბავშვი ,,კომბოსტოსავით“ არ უნდა გამოიყურებოდეს!

 

ბავშვს უნდა ეძინოს ზურგზე და არა მუცელზე!!!

 

ბავშვის ჯანმრთელი განვითარებისთვის აუცილებელია რეჟიმისა და რიტმის დაცვა, როგორც ძილ-ღვიძილის, ასევე კვების. ახალშობილის კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია, მისი საშუალებით პატარა ეცნობა გარემოს. გავრცელებულია აზრი, რომ ჩვილს უნდა ვაჭამოთ მაშინ, როდესაც ითხოვს, ანუ უსისტემოდ, რასაც არ ვეთანხმები. მომხრე ვარ,  კვების რიტმი დავარღვიოთ მაშინ, როდესაც ბავშვი აღგზნებულია ან ავადაა. ამ დროს დედის რძე უნივერსალური მედიკამენტია!

 

 

ახალშობილი საკვებს ყოველ 2-3 საათში უნდა ღებულობდეს. სიცოცხლის პირველ დღეებში ეს შუალედი შესაძლებელია 1,5საათამდე შემცირდეს. ცხადია, ამ პერიოდში,  ღამის   6 საათიანი შუალედი არ სრულდება, მაგრამ მომდევნო კვირებში, ბავშვი თავად დაარეგულირებს რიტმს. საერთოდ პატარა კარნახობს როდის რა უნდა, უბრალოდ მეტი გულისყურითა და თვალისყურით უნდა იყოს დედა და უფრო მეტად უნდა ენდოს ის თავის ინტუიციას. ჩვილს კარგად აქვს განვითარებული წოვის რეფლექსი, ამიტომ ის ძლიერ და სწრაფად ქაჩავს, რომლის შედეგად შესაძლებელია საკვებთან ერთად ჰაერიც გადაყლაპოს ( ეს შეეხება როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს.), ეს გამოიხატება იმით, რომ ბავშვი წყვეტს წოვას და წუხს. ამისთვის აუცილებელია ცოტა ხნით ის ვერტიკალურ მდგომარეობაში დავიჭიროთ, რათა ამოაბოყინოს და გათავისუფლდეს გადაყლაპული ჰაერისაგან. ამის შემდეგ მან შეიძლება გააგრძელოს წოვა ან ჩაეძინოს. თუ ბავშვი წონაში კარგად მატულობა ეს ნიშნავს რომ მისი კვება დამაკმაყოფილებელია. თუ მატება ძალიან მცირეა აუცილებლად უნდა მიმართოთ პედიატრს. პირველ თვეს ჯანმრთელმა ახალშობილმა უნდა მოიმატოს 400-800 გრამი.

 

დროული ახალშობილის მასა 2700გ-დან 4000გრ-მდეა, ვაჟების წონა თითქმის ყოველთვის აღემატება გოგონების წონას. ვაჟების წონა საშუალოდ - 3400-3500გრ-ია, გოგონების - 3100-3200გრ-ია. 4000 გრამზე დიდ ახალშობილს გიგანტი, ბუმბერაზი ბავშვი ეწოდება.

 

მინიმალური მაჩვენებელი შესაძლებელია უფრო დაბალი იყოს, მაშინ როდესაც არის უმწიფარი ნაყოფი. ამ დროს საჭიროა ექიმთან აქტიური ურთიერთობა. აუცილებელია დადგინდეს დაბალი წონის მიზეზები და დაიგეგმოს ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები.

 

დღენაკლ ახალშობილად ითვლება ბავშვი, რომლის გესტაციური ასაკი (მუცლად ყოფნის პერიოდი) არის 37კვირაზე ნაკლები, დროული ახალშობილია, რომლის გესტაციური ასაკია 37-42 კვირა, ვადაგადაცილებულია 42 კვირაზე მეტი. ცოცხლადშობილად ითვლება ახალშობილი, რომლის გესტაციური ასაკია 22 კვირაზე მეტი და იწონის 500 გრამს.

 

ახალშობილი სამშობიაროში კარგავს წონას, რომელსაც ფიზიოლოგიური კლება ჰქვია. ის დაბადების მასის 5-10% შეადგენს, რაც საშუალოდ 150-300გრამს შეადგენს. ამ კლების მიზეზია: წყლის დაკარგვა, ძირითადად კანისა და ფილტვების გზით (70-75%),თირკმელებისა და ნაწლავების მხრივ (10-20%), გადაყლაპული წყლის ამოღებინებისას(3-5%), ჭიპლარის გამოშრობისას-მუმიფიკაცია.  მასის შემცირება მაქსიმალურია მე-2-3 დღეს, სულ 3-4 დღე გრძელდება, მე-4 დღიდან იწყება აღდგენა და ახალშობილთა 25% მე-7-10 დღეს აღიდგენს დაბადების წონას. რაც მეტია ბავშვის წონა, მით მეტია მისი ფიზიოლოგიური კლება. ვაჟები უფრო მეტს იკლებენ.  ასევე, ახალშობილები უფრო მეტს იკლებენ  გახანგრძლივებული და გაძნელებული მშობიარობისას.

 

 წონის მატება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: მემკვიდრული ფაქტორი, პათოლოგიები,  ხშირად დიდი წონის ბავშვი ნელა იმატებს და პირიქით,  კვების ტიპი, რომელ სეზონზე დაიბადა და ა.შ.

 

ახალშობილის სიგრძე მერყეობს 47სმ-დან 57სმ-მდე, რომელიც პირველ დღეებში შეიძლება შემცირდეს (თავის დეფორმაცია, სამშობიარო სიმსივნის შემცირება და გაქრობა), შემდეგ იწყება სწრაფი მატება, რაც ინტენსიურია წლის პირველ და მეორე მეოთხედში.

 

ბავშვის სიგრძის ზრდაში დიდ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი, ითვლება რომ ზრდას 100-ზე მეტი გენი არეგულირებს.

 

ახალშობილის სუნთქვის სიხშირე წუთში პირველ დღეს 40-60-ია, შემდეგ დღეებში იკლებს და საშუალოდ 36-40. მათი სუნთქვა არათანაბარი სიღრმისაა და არიტმულია. ეს ნიშნავს, რომ ის სუნთქვას ხანმოკლე პაუზებით, რაც ხშირად მშობლების შეშფოთების მიზეზი ხდება. პაუზების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5-7 წამს. თუ სუნთქვის სიხშირე 30-ზე ნაკლებია ან 60-ზე მეტია უნდა მიმართოთ ექიმს!!!

 

პულსი წუთში 120-160 შეიძლება იყოს.

 

თითქმის ყველა ახალშობილი დაბადებისას ბევრად უფრო ღია ფერისაა, ვიდრე შემდგომ ასაკში. ეს ნიშნავს, რომ დაბადებისას ყველა ბავშვი ანგელოზური არსებაა, რომელიც ნელ-ნელა იბადება და უფრო მეტი რკინის პროცესი ავლენს თავს.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის სოცოცხლის პირველი თვე განსაკუთრებულად რთულია თქვენთვის და თქვენი პატარასთვის. ყალიბდება ახალი და ფაქიზი ურთიერთობები. რაც არ უნდა ბევრი დამხმარე გყავდეთ ძირითადი პასუხისმგებლობა მოდის თქვენზე. რაც უფრო ნაკლებად ჩართავთ გარშემომყოფებს, მით უფრო მეტ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ. თქვენი ქმედებები იქნება გაწონასწორებული, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე. თუმცა ეს არ გამორიცხავს რჩევების მოსმენას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინებას, თუ ის თქვენთვის მისაღებია.

 

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

 

ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!

 

ოთხშაბათი, 27 აპრილი 2016 14:49

ბავშვი და კომპიუტერი

სტატიის ავტორი:ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი

 

როგორ ფიქრობთ ვისი სისუსტეა, თუ გნებავთ უფრო კატეგორიული ვიქნები და ვიტყვი: ვისი ბრალია, როდესაც ბავშვი თავისი დღის უმეტეს ნაწილს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ატარებს?! ან კი ფიქრობთ, რომ ეს რაიმე დანაშაულია?! ბევრი მშობელი ფიქრობს რომ ტექნიკის ადრეულ ასაკში ათვისება ბავშვის ადრეულ განვითარებას უწყობს ხელს. უფროსებს ყოველთვის აქვთ დროის დეფიციტი, მათ ეჩქარებათ რომ მათი პატარა სწრაფად დაეუფლოს სხვადასხვა ცოდნებს და მალე გაიზარდოს, არადა თითოეულ ბავშვს თავისი განვითარების ინდივიდუალური ტემპი აქვს. მათ არ ჭირდებათ დაჩქარება, მათ მხარდაჭერა ჭირდებათ. მათ წინ კი არ არის საჭირო სიარული, არამედ უკან, რათა წაბორძიკების შემთხვევაში სწრაფად შევაშველოთ ხელი(როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მნიშვნელობით). მოუსმინეთ მათ და ნუ ეცდებით უხეშად თავს მოახვიოთ თქვენი აზრი. ჩვენ დავემსგავსოთ მათ და არა ისინი დავიმსგავსოთ ჩვენ. ცოცხალი კავშირები მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ვერანაირი ტექნიკა ვერ შეცვლის იმ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს მშობლებსა და შვილებს შორის. არანაირი ტელევიზორი და კომპიუტერი ვერ დაინახავს ბავშვის ღიმილს, სიხარულს, ტკივილს, ცრემლებს, შიშს და ვერ გახდება მისი განცდების თანაზიარი.

 

ეს მხოლოდ დედას და მამას შეუძლია! უფროსებისთვის ცხოვრების ტემპი დაჩქარებულია, მას სულ ეჩქარება, გადაღლილია, სამსახურშია, სახლია დასალაგებელი, სადილი მოსამზადებელი, ხშირად მსმენია დედისგან: სად მაქვს მაგის ნერვები დავუჯდე და ავუხსნა ან რაიმე ვუამბოო. არადა ასეთი მცირედი ინვესტიცია გაღებული საკუთარი ბავშვისთვის მომავალში ძალიან დიდ მოგებას მოუტანს ყველას, არა მარტო კონკრეტულ ოჯახს, არამედ ქვეყანასაც. განიცადეთ, შვილებთან ურთიერთობის უდიდესი სიამოვნება და ამით ისინიც გააძლიერეთ!!!

 

ტელევიზორთან ჯდომის დროს ბავშვი ჰიპნოზშია, ცივი ლურჯი შუქის ჰიპნოზში, ასეთი ჰიპნოზური მდგომარეობა ბავშვს ართმევს სულიერ სიმდიდრეს. ეს არაბუნებრივი უმოძრაო მდგომარეობა ფუჭად აკარგინებს ბავშვს იმ დროს, რომელიც მას უნდა გამოეყენებინა მისთვის სასიკეთო საქმინობისათვის, კერძოდ თამაშში - ეხტუნავა, ერბინა, დაკვირვებოდა გარემოს, მიებაძა ცხოველებისთვის, მოესმინა უფროსების მონაყოლისთვის, თავად მოეყოლა გამოგონილი თუ ნანახი ისტორიები, გამოეხატა ემოციები, ეყვირა, ეხატა, დახმარებოდა დედას და მამას საქმიანობაში და ასე შემდეგ. მასთან ბრძოლაში ბავშვს აქვს რეალური იარაღი- ეს მშობელია, ფხიზელი მშობელი, რომელიც ძლევს ყოველდღიურ ქაოტურ რიტმს, დაღლას და იცლის ბავშვისთვის. მშობლების გარეშე არაფერი არ გამოვა, რადგან ისინი თავიანთი პატარებისთვის ავტორიტეტები არიან. ისინი თავად ქმნიან მათგან ამ ავტრიტეტს თანდაყოლილი განწყობით: დედა არის ის ვინც ყველაფერი იცის და მამა არის ის ვისაც ყველაფერი შეუძლია. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ მამასთან კითხვის დასასმელად არ მივა და პირიქით, რა თქმა უნდა მკაცრი გამყოფი ხაზი არ არსებობს, მაგრამ ძირითადი მოტივი ასეთია. ჩვენ, უფროსებმა, მშობლემბა არ უნდა გავაცრუოთ მათ მოლოდინი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორიტეტი აღარ შეიქმნება, შესაბამისად არ განვითარდება მოწიწების გრძნობა, შესაბამისად არ განვითარდება პატივისცემა გვერდით მდგომების მიმართ და ჯანსაღი კრიტიკის უნარი, სიტუაციების ობიექტურად შეფასების უნარი, აქ იგულისხმება ნებისმიერი ასაკი.

 

ეკრანის ყურებისას აქტიურია თვალი, პასიურია მთელი ორგანიზმი. ოფტალმოლოგები, თვალის ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ურჩევენ ტელევიზორის ყურებას,(დღეში 5 საათი), რადგან ამ დროს თვალის კუნთების აბსოლუტური სიმშვიდე მიიღწევა. და ეს არის იდეალური პირობა თვალის გამოჯანმრთელებისთვის. შესაბამისად ისმის კითხვა, რა ემართება ჯანმრთელი კუნთების მქონე ბავშვის თვალს ტელევიზორის ყურებისას. კუნთების სისტემა ერთი მთლიანობაა. როდესაც თვალი ერთ წერტილზეა ფიქსირებული, სხეულის სხვა ნაწილებიც, ასევე ერთი წერტილისაკენ არიან მიმართული.

 

ტელევიზორის ეკრანი შეიცავს 1920X1080 პიქსელს (PIX), კომპიუტერის - 1280X800 პიქსელს. თითოეული წერტილი იცვლება საოცარი სისწრაფით და ეკრანზე იძლევა მუდმივ მოძრავ და ფერადოვან გამოსახულებას. ბავშვი ვერ ასწრებს სივრცული ხედვისა და ფერების ხედვის დიფერენცირებას. ტიპიური ფერები პაწაწინა წერტილების სახით პროეცირდება ეკრანზე, სადაც პერსპექტივის საშუალებით სივრცული სურათის ილუზიას ქმნის. ეს პროცესი არის ის რაც ხელს უშლის თვალების ჯანმრთელ განვითარებას. მაგრამ მხოლოდ ამით არ სრულდება ეს პროცესი. დანახულს აღქმაც ჭირდება, ოპტიკურ შთაბეჭდილებას ცნობიერებაში ატანა ჭირდება და ის აზრობრივად ტვინში უნდა გადამუშავდეს. ეს პროცესი ხდება ბუნებრივად აქტიური ხედვისას, მაშინ როდესაც ბავშვი აკვირდება გარემოს და ცოცხლად განიცდის სივრცესა და ფერს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ კომპიუტერიდან მომდინარე ინფორმაცია ჭარბია და ბევრად აღემატება ბავშვის აღქმის შესაძლებლობებს. მომდინარე ინფორმაციას მუდმივად მისი ტვინი ვერ აღიქვამს, ამიტომ ტვინის მხრიდან გარკვეული კომპესატორული ქმედებაა - მოსული ინფორმაციის წყვეტილად მიღება. ამის გამო ბავშვს უჭირს მიზეზ-შედეგობრივად დაალაგოს მოვლენები და სრულად გაიგოს ინფორმაცია. თავის მხრივ, ეს გარკვეულ გავლენას ახდენს ტვინის ნერვული კვანძების ჩამოყალიბებაზე, რომელიც, რა თქმა უნდა ამ დროს ჩამოყალიბების პროცესშია. ტვინი ეჩვევა რომ ის მუდმივად იღებს მზა ინფორმაციას, ამიტომ გარკვეულ წილად მას, მომავალში აღარ ეძლევა თვითმყოფადი იდეების მიღებისა და განსჯის უნარი. სამაგიეროდ აქტიურად უნვითარდება კრიტიკის, შეიძლება ითქვას, არაჯანსაღი კრიტიკის უნარი ყველას და ყველაფრის მიმართ. შემოქმედებითი უნარები უკან იხევს, ძირითადად ასეთი ადამიანები ადვილად ხედავენ სხვის ქმედებაში ნაკლს, თუმცა თავად მისი ნახევარის გაკეთებაც არ შეუძლიათ!!!

 

ბავშვები, სხედან რა უძრავად ეკრანებთან, მოკლებულნი არიან მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ცოცხალ, ხალას მოძრაობას, რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ მიბაძონ ცოცხალ თუ არაცოცხალ გარემოს, გახდნენ უფრო მეტად მოხერხებულები, ისწავლონ ხეზე ძრომიალი, ოთხზე სირბილი ან ასკინკილით ხტუნვა, ისწავლონ მიწასთან ურთიერთობა - დაბარონ, დათესონ, დარგან და ა.შ. ბავშვის ორგანიზმისთვის ძალიან არაბუნებრივია უმოძრაოდ ყოფნა, მისი სხეული მუდმივ მოძრაობაში უნდა იყოს, რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში და აქ არ იგულისხმება ბავშვის მუდმივი ცქმუტვა, რომელიც სულ სხვა განხილვის საგანია. ტელევიზორთან ან კომპიუტერთან უმოძრაოდ ჯდომა, შემდგომ იწვევს ბავშვის არაბუნებრივად მოუსვენარ მოძრაობებს. ეს, შეიძლება სულაც არ იყოს გადაცემის შინაარსზე დამოკიდებული, არამედ ამ დაძალადევ და არაბუნებრივ უძრაობაზე. ბავშვები ავლენენ აგრესიას, ხდებიან პრეტენზიულები, პროვოცირებენ კონფლიქტურ სიტუაციებს, უჭირთ ბავშვებთან და ასევე უფროსებთან კონტაქტი. კითხვებზე პასუხის გაცემა, პირდაპირი, ცოცხალი ურიერთობები, თვალებში ყურება და კონკრეტულ საკითხზე ადექვატური რეაგირება(ძირითდად გრიმასებით და გაურკვეველი ბგერების გამოთქმით პასუხობენ) ან პირიქით არ გააჩნიათ დისტანციის დაცვის უნარი, ყველანაირი მოწიწებისა და რიდის გარეშე შეუძლიათ კონტაქტში შემოსვლა, შემაწუხებლადაც კი!!! მათი ინტერესი ნებისმიერი საკითხის მიმართ ზედაპირულია და უფრო დაწვრილებითი განხილვა არ აინტერესებთ!!! შესაბამისად მათი მეტყველება ხდება პრიმიტიული, რადგან მათი მიკროსოციალური სამყარო მთლიანად დაკავებულია კომპიუტერული განათლებით, წიგნთან ურთიერთობა დამღლელი და მოსაწყენია. ურჩევნიათ ადვილად აღსაქმელი მასალა, როგორიცაა დასურათებული წიგნები, კომიქსები. არადა, სწორედ წიგნს შეუძლია უკიდეგანოდ განავითაროს მისი ტვინი, ცნობიერება, აღქმა, ფანტაზია. ასეთი უნარების ადამიანი კი მომავალში აბსოლუტურად გამართული, საზოგადოებაში ინტეგრირებული, საქმიანი იქნება.

 

ზედაპირული და სწრაფი ინფორმაციის მიღების შედეგია ბავშვების კონცენტრაციული სისუსტე. ასეთი ბავშვები მომავალში იჩენენ მიდრეკილებას ალკოჰოლისა და ნარკონიკების მიმართ, რადგან ისინი მიჩვეულნი არიან ნებისმიერი საქმის კეთებას მარტივად - ,,ღილაკზე ხელის დაჭერით“. სირთულეები კი აშინებთ და პრობლემებიდან გაქცევას სწორედ ასე ახერხებენ. მათი ნების ძალები თითქმის განუვითარებელია, მიჩვეულნი არიან მზამზარეულ სურათ-ხატებს, ეკრანებთან ტკბობას, რომელთანაც მოშორება აგრესიას და ქაოტურობას იწვევს. ეს არის ის რეალობა, რომლის განვითარების შანსი ყველა კომპიუტერთან მჯდომ ბავშვს აქვს. ბევრი მშობელი მოისმენს ან წაიკითხავს ამდაგვარ ინფორმაცია-გაფრთხილებას და გააპროტესტებს, ეჭვს შეიტანს ფაქტების სისწორეში, ჩათვლის რომ ვაზვიადებთ, ექნება მილიონი საწინააღმდეგო არგუმენტი, რომელთაგან ყველაზე აქტუალურია - ყველას რომ აქვს, ჩემ შვილს აბა არ უნდა ჰქონდეს?! სამწუხაროდ მშობლების უმრავლესობას ეჩქარებათ შვილების გაზრდა, უნდათ რომ ადრე შეიყვანონ სკოლაში, ექსტერნად ჩააბარებინონ გამოცდები, ,,ახტუნაონ“ კლასიდან კლასში და ა.შ.

 

ბევრი მშობელი დამეთანხმება, ბევრიც გააპროტესტებს და კითხვას დასვამს: თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე როგორ განვითარდება ადამიანი?! დაგეთანხმებით რომ ჩვენი საქმიანობის სწრაფ და ხარისხიანად შესრულების საქმეში კომპიუტერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მის გარეშე ვერც კი წარმოგვიდგენია და რა თქმა უნდა ამას აარავინ არ უარყოფს, მაგრამ ჩემი სურვილი არ არის ვისაუბრო კომპიუტერისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების სასიკეთო მხარეებზე. ჩემო მიზანია მშობლებს კარგად დავანახო ბავშვებზე ტელევიზორისა და კომპიუტერის ზემოქმედების მავნე მხარეები. 12 წლმდე ბავშვს არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა კომპიუტერთან, ის ცოცხალი შთაბეჭდილებებით უნდა ცხოვრობდეს. 12 წლის ზემოთ შესაძლებელია და ისიც განსაზღვრული დროით, ტელევიზორიც და კომპიუტერიც ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე უნდა იყოს და მოზრდილ ასაკში მასთან მიახლოება უნდა ხდებოდეს მშობლების მკაცრი კონტროლის ქვეშ.

 

რაც უფრო დარწმუნებულები არიან მშობლები თავის სიმართლეში მით უფრო ადვილად მისაღწევია სასურველი შედეგი. მშობლებს ნამდვილად უნდა ჯეროდეთ რომ უტელევიზორობით და კომპიუტერის გარეშე მათ შვილს არაფერი არ დააკლდება, პირიქით მისი განვითარება უფრო ბუნებრივი გზით მოხდება. მე ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მშობლების გარეშე განვითარებას. ჩვენ, მშობლებს უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან მათ დედამიწაზე მოსვლის საშუალება მივეცით, კეთილი უნდა ვინებოთ და ყველაფერი გავაკეთოდ მათი ჯანსაღი აღზრდისთვის (,,ჯანსაღი აღზრდა“ სადისკუსიო თემაა!!!).

 

გასაგებია, რომ ოჯახი ვერ იქნება ტელევიზორისა და კომპიუტერის გარეშე. თანამედროვე ადამიანისათვის ამ ნივთებს, განსაკუთრებით კომპიუტერს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. ამიტომ სასურველია ისინი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე გვქონდეს. 12- დან 15 წლის შუალედში, როდესაც ბავშვში ნებისა და გრძნობის გარკვეული ეტაპები განვითარებულია, შესაძლებელია გარკვეული დათმობები. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და ცალკეულ განხილვას მოითხოვს.

ოთხშაბათი, 27 აპრილი 2016 14:42

სასკოლო მზაობა

სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი

 

რა დროს უნდა მივიყვანოთ ბავშვი სკოლაში?! არის საკმარისი მხოლოდ ბიოლოგიური ასაკის გათვალისწინება, თუ არის სხვა კრიტერიუმები, რომელთა ცოდნაც მშობლებისთვის აუცილებელია?! მნიშვნელოვანია რომელი ასაკია სკოლის მზაობისთვის ოპტიმალური. ეს საკამათო თემაა, რადგან არსებობს სხვადასხვა ვერსიები, როგორც ოფიციალური ინსტანციებიდან, ასევე თავად მშობლების მხრიდან.

 

ბოლო პერიოდში დომინირებს აზრი, რომ ხუთი წლის ბავშვი უკვე მზადაა სასკოლო პროგრამის დაძლევისთვის. ამ მოსაზრებას ბევრი მშობელი პოზიტიურად შეხვდა და შვილები შეიყვანეს სკოლაში. ამ მშობლების გარკვეული ნაწილი, მოგვიანებით ჩემთან მიღებაზე მოსულები, აღიარებენ, რომ ეს იყო სწრაფი გადაწყვეტილება და რომ ადრეულ ასაკში ინტელექტუალური დატვირთვა მათი შვილისთვის სწორი არ იყო. კერძოდ, ისინი ადვილად იღლებოდნენ, უჭირდათ კონცენტრირება გაკვეთილზე, დაეწყოთ აგზნებადობა, ადვილად გაღიზიანობადობა, უძილობა, ნერვული ტიკები.

 

შვიდ წლამდე ბავშვის ორგანიზმი მომართულია იმაზე რომ მისი სხეული გაიზარდოს და ფიზიოლოგიურად გამართული ჩამოყალიბდეს. ამისთვის, მისი სასიცოცხლო ძალები აქტიურად მუშაობენ, ეს მისი ძირითადი საქმიანობა დაახლოებით 6,5-7 წლამდე გრძელდება. კბილების ცვლის დაწყება არის პირველი ნიშანი, იმისა რომ სასიცოცხლო სხეულმა დაასრულა პირველი შვიდწლეულის დავალება და ის გამოთავისუფლდა ინტელექტუალური დატვირთვისთვის. მართალია, კბილების ცვლის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ ბავშვი სწავლისთვის მზადაა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი. გასათვალისწინებელია ასევე მრავალი სხვა სიმპტომი, რომლებსაც სპეციალური სწავლება არ ჭირდება. ჩვეულებრივ, ნორმალური მიკროსოციალური გარემოს პირობებში, ბავშვმა თავად უნდა შეძლოს მიცემულ დავალებებზე ადექვატური და სწორი პასუხების გაცემა. წინასწარ ამისთვის მზადება და გავარჯიშება სასურველი არ არის. მექანიკურად დაზეპირებული დავალებები ვერ ასახავს ბავშვის რეალურ და ობიექტურ მდგომარეობას სწავლის მზაობასთან დაკავშირებით. ხშირად, როდესაც ბავშვი გარკვეულ დავალებებს ისე ვერ ასრულებს, როგორც სასურველი იქნებოდა, ეს ფაქტი მშობლებისთვის ტრაგედიაა, თუმცა ეს ტრაგედია არ არის სპეციალისტებისათვის, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ რაიმეს შეუსრულებლობა ბავშის განვითარების შეფერხებას კი არ ნიშნავს, არამედ ყველა ბავშვს აქვს თავისი განვითარების რიტმი და ამ ეტაპზე მისთვის ეს დავალებები უცხო და რთულია, თუმცა სულ რაღაც ერთ-ორ თვეში ამ ბავშვმა თავისუფლად შეიძლება შეასრულოს ყველა დავალება.

 

ზოგადად რას ექცევა ყურადღება ბავშვთან შეხვედრისას (ტესტირებისას), ამის გაცნობა შესაძლებელია, მაგრამ თითოეული დავალების აღწერა არასასურველი, რადგან მშობლებმა ამ ტექსტის გაცნობის შემდეგ შეიძლება ინტენსიურად ავარჯიშონ თავიანთი შვილები და მისი ობიექტური შეფასება სასკოლო მზაობაზე შეუძლებელი იქნება. ზოგადად მშობლებს ეჩქარებათ ბავშვის გაზრდა, მათ სურთ რაც შეიძლება მალე შეიყვანონ სკოლაში, ჩააბარებინონ ექსტერნად გამოცდები და მალე დაამთავრებინონ სკოლა, ასევე უმაღლესი სასწავლებელი და ა.შ. მინდა ვურჩიო ძვირფასს მშობლებს: ნუ გეჩქარებათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ნუ დააჩქარებთ ბავშვის განვითარებას და სწავლის პროცესს, ეს მხოლოდ მის ფიზიკურ-ემოციურ-ინტელექტუალურ სფეროზე ნეგატიურად მოქმედებს და შესაძლებელია მთელი რიგი დაავადებების ჩამოყალიბებას ხელი შევუწყოთ. ყველა ბავშვს განვითარების თავისი ტემპი აქვს.

 

ბავშვის სასკოლო მზაობის შეფასებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ პედაგოგებმა და პედიატრებმა.

 

პირველი ძალიან საინტერესო დაკვირვებაა თუ ბავშვი შეხვედრისას როგორ გართმევს ხელს და თან რომელ ხელს! გარკვეულწილად ეს მიუთითებს მის გარემოსთნ კონტაქტის სურვილს და ასევე საკუთარი სხეულის აღქმის უნარზე. მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური ანამნეზი, კერძოდ, ორსულობის მერამდენე კვირაზე დაიბადა, რა ფიზიკური მონაცემებით, დაიყვირა თუ არა დაბადებისთანავე, როდის მიიყვანეს ძუძუზე, როგორ მოწოვა, როგორ ტირის, როგორ ვითარდებოდა ბავშვი პირველი ერთი წლის განმავლობაში, როდის თქვა პირველი სიტყვა და პირველი წინადადება, როდის გადადგა პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი და ა.შ.

 

ასეთი სახით შეკრებილი ანამნეზი ინფორმაციას გვაწვდის ბავშვის განვითარების ტემპისა და რიტმის შესახებ. როგორ აქვს ბავშვს ნატიფი და უხეში მოძრაობები განვითარებული? უხეში მოძრაობებია: ასკინკილა ხტუნვა, სწორ ხაზზე გავლა, ცალ ფეხზე წონასწორობის შენარჩუნება, ბურთის დაჭერა და სწორად გადაგდება პარტნიორის მიმართულებით, ბურთის ზევით აგდება და ტაშის შემოკვრა. უხეში მოტორიკის კარგი გამოვლენა მიუთითებს წონოსწორობის დაცვისა და კოორდინაციის უნარებზე. რაც შეეხება ნატიფი მოძრაობის განვითარებას, ის გვიჩვენებს რამდენად აქვს განვითარებული ბავშვს შეხების გრძნობის ორგანო, აღქმა და რამდენად აკავშირებს ყველაფერს ამას აზროვნებასთან, მაგალითად, რამდენად შეუძლია აღიქვას სხვადასხვა საგნების ფორმები ხელის თითების შეხებით, ისე რომ მას არ უყურებდეს, შეუძლია თუ არა ფეხსაცმელზე თასმის შეკვრა - ეს ფაქტი მიუთითებს თუ რამდენად ასწავლიან და აძლევენ მშობლები ბავშვს დამოუკიდებელი ქმედების საშუალებას. რამდენად არის განვითარებული და გამოხატული მარჯვენა-მარცხენა მხარეების დომინანტობა. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს წერის უნარის ჩამოყალიბებისათვის, ასევე ტექნიკური და ხელოვნებითი საქმიანობების შესრულების უნარის გამოვლენით. ბავშვს სასურველია შეეძლოს მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებები 10-ის ფარგლებში, მორიდებით თუ თამამად მარტივი ლექსის თქმა ან სიმღერის შესრულება, მარტივი ფორმების ხატვა და ა.შ.

 

სასკოლო ასაკის ბავშვმა კარგად უნდა იცოდეს საკუთარი სახელი, გვარი, დაბადების დღე. შესაძლებელია, რომ ბავშვმა ზუსტი რიცხვი ვერ დაასახელოს, მაგრამ საკუთარი დაბადების დღის წელიწადის დროს უნდა მიხვდეს ჩვენი აღწერილობისა და შეკითხვების საფუძველზე, ეს ფაქტი მისი აზროვნების შესაძლებლობებზე მიგვითითებს. არასწორი პასუხი არ უნდა იქნას გეგებული და აღქმული ისე, რომ ბავშვი ჩამორჩება განვითარებაში, არამედ ყველა ბავშვს აზროვნების განვითარების საკუთარი ტემპი აქვს, ზოგს შეუძლია სწრაფად აუღოს ალღო დასმულ შეკითხვას და გაგვცეს პასუხი, ზოგს კი პასუხისთვის დრო ჭირდება და ამაში საგანგაშო არაფერი არ არის. ბავშვების სხვადასხვა ტემპი აიხსნება კონსტიტუციური თავისებურებებით, კერძოდ, დიდთავაა ბავშვი თუ პატარათავა, ამ სისტემით ბავშვთა კონსტიტუციური ტიპების დაყოფა დაკავშირებულია ნერვულ-მგრძნობელობითი და ნივთიერებათა ცვლის სისტემების უპირატეს განვითარებასთან. ეს არის სხვადასხვა უნარების განვითარებისა და გამომჟღავნების შესაძლობლებები. (,,დიდთავა და პატარათავა ბავშვები” - სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ ,,ადამიანი და ბუნება”-ს ვებ-გვერდზე - www.manandnature.ge). დიდთავაა ბავშვი თუ პატარათავა ამის განსაზღვრავს მასწავლებელი და პედიატრი. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბავშვის მომწიფებაში დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების განათლებას, რაც უფრო განათლებულია დედა, მათი შვილები მით უკეთ ასრულებენ დავალებას და ასევე, გოგონები ჯობნიან ვაჟებს. ამრიგად, ძვირფასო მშობლებო, თუ თქვენ კარგად ,,მოუსმენთ” ბავშვს, ის თავად ,,გიკარნახებთ” განვითარებისთვის მოცემულ მომენტში რა ჭირდება. ზოგადად კი ბავშვებს ჭირდებათ თქვენი გაწონასწორებული ყურადღება, კარგი მაგალითის მიცემა და არა ჰიპერმზრუნველობა, რომელიც დამოუკიდებელი ქმედების შესაძლებლობებს ზღუდავს.

ორშაბათი, 28 მარტი 2016 07:31

ალერგია XXI-ე საუკუნის პრობლემა

სტატიის ავტორი: ლალი ანდრიაშვილი, მედიცინის დოქტორი, ოჯახის ექიმი

 

ალერგია კარგად ნაცნობი, მაგრამ ბოლომდე შეუცნობელი პათოლოგიური მდგომარეობა, ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება, თუმცა ეს პრობლემა სულაც არ არის თანამედროვე, მის შესახებ ჯერ კიდევ ჰიპოკრატე საუბრობს თავის ნაშრომებში ჩვ.წ.აღ-მდეV-IV საუკუნეებში. თავად ტერმინი კი ალერგია მედიცინაში ავსტრიელმა მეცნიერმა პედიატრმა პირკემ 1906 წელს შემოიტანა.მან პირველმა აღწერა პაციენტებში ალერგიული გამოვლინებები და ივარაუდა, რომ ისინი გარეგანი გამღიზიანებლების-მტვრის ნაწილაკების და მცენარეების მტვრის ზემოქმედების შედეგად ჩნდებოდა, მათ ალერგენები ეწოდა.

 

ამჟამად ცნობილია ალერგენების სამი ჯგუფი:

*ინჰალაციური ანუ სასუნთქი ალერგენები(ალერგენით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვით)

*ალიმენტური (საკვები პროდუქტებით)

*კონტაქტური (კანსა და ლორწოვან გარსებთან ალერგენის უშუალო კონტაქტით).

 

ანთროპოსოფიული თვალთახედვით ძალიან მნიშვნელოვანია გამომწვევი მიზეზების დიფერენცირებული აღმოჩენა და მასთან ბრძოლა ერთის მხრივ და გამაჯანსაღებელი ძალების ასევე ინდივიდუალურად გააქტიურება და დახმარება მეორეს მხრივ, ანუ პათოგენეზურ მეტოდთან ერთად სალუტოგენეზური მეთოდის გამოყენება, ანუ მკურნალობის მიზანია-ერთი მხრივ სიმპტომების მართვა ანტიჰისტამინური პრეპარატების ან რთულ შემთხვევაში ჰორმონალური პრეპარატების გამოყენებით და ასევე მიზეზის წვდომა და ბუნებრივი სამკურნალო საშუალების ისე შერჩევა, რომ მან შეძლოს გამომწვევი მიზეზის პრევენცია და სამკურნალოდ მოქმედება გვერდითი მოვლენების, მაგ. სედაციის გარეშე.*მკურნალობის პროცესი მიმართული უნდა იყოს ასტრალური სხეულისკენ და მას უნდა უწყობდეს ხელს სწორად ჩაერთოს ეთერულ სხეულში*(რუდოლფ შტაინერი, იტა ვეგმანი- სამკურნალო ხელოვნების განვრცობისათვის) ამისათვის გამოიყენება სხვადასხვა პრეპარატები, მათი ტიპური წარმომადგენელია Gencydo Amp. Weleda, რომელიც წარმოადგენს მცენარეულ კომპოზიციას, ლიმონის წვენის და კომშის ნაყოფის შემცველობით,ეს მედიკამენტი ორი მცენარის უბრალო ნაზავი კი არ არის, არამედ მასში ეს ორი ნივთიერება ისეა ფარმაცევტულად დამუშავებული, რომ ქმნის ძალთა კომპოზიციას, რომელიც ეხმარება გრძნობად ორგანიზმს დაუპირისპირდეს ჭარბ აღმშენებლობით ძალებს. მისი დოზირება, ხანგრძლივობა, სხვა მედიკამენთებთან კომბინაცია ექიმის პრეროგატივაა.

 

მკურნალობა არის სუბსტანციამდე მიყვანილი პედაგოგიკა, ამიტომ ალერგიული დაავადებების მართვის დროს მნიშვნელოვანია სწორი აღქმის საშუალებით სწორად ვწვდეთ პრობლემის არსს და დავუკავშიროთ ეს იმ ძალებს რომელიც განმაკურნებლად, გამომაჯანმრთელებლად არის ქმედითი.

 

ალერგიის დროს შესაძლებელია მკურნალობის სამი გზის გამოყენება

1.აკრძალვა-კონტაქტის შეწყვეტა ალერგენთან

2.ბრძანება- სიმპრომის მოცილება

3.მიზნის ჩვენება -სამკურნალო სურათ-ხატის მიცემა, ანუ სწორი გზის ჩვენება.

 

ანთროპოსოფიული მკურნალობა ალერგიის დროს იმიტომ არის წარმატებული, რომ იყენებს ამ სამივე გზას, პაციენტის მდგომარეობიდან ამოსვლით. 

ხუთშაბათი, 17 მარტი 2016 10:24

მედეა ქობალავა

რეგისტრატორი

ხუთშაბათი, 17 მარტი 2016 10:20

მანანა გორდელაძე

ექიმი-ექოსკოპისტი