15 მარტი 2016

ანთროპოსოფიული ფარმაცია

სტატიის ავტორი - ბელა კიკალიშვილი, თსსუ-ს ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

 

(კონფერენციაზე „ანთროპოსოფიული მედიცინის სალუტოგენეზური პრინციპები“ წაკითხული მოხსენების რეფერატი)

 

ანთროპოსოფიული სამკურნალო საშუალება არის უპირატესად მინერალური, მცენარეული და ცხოველური ნედლეულიდან მიღებული ან სპეციფიკური ქიმიური სინთეზით შემუშავებული მარტივი ან კომპლექსური ნაერთი, რომელიც დამზადებულია ანთროპოსოფიული მეთოდით და გამოიყენება ანთროპოსოფიული თერაპიული მიმართულების შესაბამისად, იგი ითვალისწინებს ბუნების შემეცნების პრინციპებს სხვადასხვა დაავადებასთან მიმართებაში.

 

პლურალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, გერმანიაში 1976 წელს გათვალისწინებულ იქნა რა არსებულ სამედიცინო-მეცნიერულ მიმართულებათა მრავალფეროვნება, ანთროპოსოფიული მედიცინა ჰომეოპათიასა და ფიტოთერაპიასთან ერთად, საერთო სათაურით “მკურნალობის განსაკუთრებული მიმართულებები” შეტანილი იქნა კანონში სამკურნალო საშუალებათა შესახებ, ხოლო 1989 წელს სოციალური კანონმდებლობის მე -5 წიგნში.

 

ანთროპოსოფიული საწარმოები და მათი წარმომადგენლობები დღესდღეისობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია განთავსებული, ასეთი საწარმოები გახლავთ “Weleda” -სა და “Wala” -ს ფარმაცევტული საწარმო, “Helixor” -ისა და “Abnoba” ფარმაცევტული საწარმოები, “Novifarm” - ავსტრიაში, Hiscia - სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი შვეიცარიაში. მათ წამყვანი პოზიცია უკავიათ ბუნებრივი სუბსტანციებიდან (ყოველგვარი სინთეზური ნივთიერების დამატების გარეშე) წამლებისა და მოსავლელი საშუალებების დამამზადებლებს შორის. პროდუქციის სია მოიცავს რამდენიმე ასეულ სხვადასხვა მედიკამენტს, დამზადების ყველანაირი ფორმით. ამპულებს ყველა სახის ინექციებისათვის, მედიკამენტებს შინაგანი მიღებისათვის და დიფერენცირებული გარეგანი ზემოქმედების პრეპარატებს - თვალის წვეთებიდან სანთლებამდე. გარდა ამისა, ეს საწარმოები ახორციელებენ ექიმების მიერ კონკრეტული პაციენტებისთვის გამოწერილი ინდივიდუალური რეცეპტის მიხედვით მედიკამენტების დამზადებას. ახალმა წამალმა, სანამ საბოლოოდ პაციენტამდე მიაღწევდეს, უნდა გაიაროს შემოწმებისა და გამოკვლევის გრძელი გზა, მათი აპრობაციის მიზნით ანთროპოსოფიული საწარმოები მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებთან და ფარმაცევტულ ფირმებთან, რომლებთანაც სისტემატურად აწყობს კონსულტაციებს გამოცდილებების გასაზიარებლად, ასევე რეგულარულად და ინტენსიურად ახორციელებს ინფორმაციის გაცვლას ბევრ სხვადასხვა კლინიკებთან.

 

ფირმა “Weleda” -ს ახალგაზრდა წარმომადგენლობა თბილისშიც არსებობს - შპს “ნატურაფარმი”, რომელიც 1997 წელს დაარსდა და გახლავთ ფარმაცევტული ბაზა. ხოლო თერაპიის სახლში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ლიცენზირებულია II ჯგუფის აფთიაქი, რომელიც გერმანული და შვეიცარული ანთროპოსოფიული ფირმების მედიკამენტებისა და კოსმეტიკური საშუალებების რეალიზაციის გარდა ახორციელებს ექიმების ინდივიდუალური რეცეპტურით ექსტემპორალური სამკურნალო საშუალებების მომზადებას.

 

წამლის დამზადების ანთროპოსფიული მეთოდები, რომლებიც პათოლოგიის მკურნალობის შესაბამისნი არიან, კლასიკური ჰომეოპათიური მეთოდების გვერდით შეტანილია გერმანულ ჰომეოპათიურ ფარმაკოპეაში. ესენია: მეტალების დისტილაცია და რედუქცია, ვეგეტაბილიზირებული მეტალები, დეგერირება, თერმული დამუშავება და ფერმენტაცია, დანახშირება, დანაცრება. გარდა აღნიშნული მეთოდებისა, ანთროპოსოფიული ფარმაცია იყენებს წამლის დამზადების ჰომეოპათიურ მეთოდებსაც, როგორიცაა დედო ხსნარების მომზადება (ძირითადად მაცერაციით), მყარი ნედლეულის ტრიტურაციის სახით დამზადება და პოტენცირება.

 

ადამიანის რთული ორგანიზმის ყოველ ასპექტს ბუნებაში გარკვეული ანარეკლი შეესატყვისება, ამიტომ ბუნების ყოველი ნივთიერება შეიძლება სამკურნალო საშუალება გახდეს, მას ადამიანისაკენ მიმართული მხარე - “სამკურნალო ნათესაობა” გააჩნია. მცენარე, ისევე როგორც ადამიანი, შეიძლება წარმოვიდგინოთ 3 ფუნქციონალურ ნაწილად (ყვავილი, ფესვი და მათ შორის რიტმულად განლაგებული ფოთლოვანი სისტემა), რაც ადამიანის შებრუნებულ სურათხატს შეესაბამება. ანუ მცენარის ფესვის რეგიონიდან მომზადებული სამკურნალო საშუალებები ნერვული სისტემისთვისაა ქმედითი, ღერო-ფოთლოვანი რეგიონიდან მომზადებული სამკურნალო საშუალებები - რიტმული სისტემისთვის, ხოლო ყვავილის რეგიონი, ვინაიდან აქ წარმოდგენილია გამრავლების ორგანოები, რაც ადამიანთან ქვედა სფეროს შეესაბამება, მისგან დამზადებული მედიკამენტები უპირატესად ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედებს. ამის მაგალითია გვირილის გამოყენება. გვირილის ფესვებისგან მომზადებული წვეთები (chamomilla radix) ნერვული სისტემისთვის გამოიყენება, ხოლო ყვავილებისაგან მიღებული სამკურნალო საშუალება - საჭმლის მონელების სისტემაში არსებული გართულებებისათვის.

 

გარკვეული თვალსაზრისით, შესაძლებელია ასევე ცხოველების, მაგ. ჭიანჭველის, ფუტკრის და ა. შ. ორგანული პრეპარატების მედიკამენტებად გადამუშავება, თუკი ისინი ჯანმრთელობისა და ეკოლოგიის თვალსაზრისით მკაცრად არიან შერჩეული. მაგალითად, მსურს მოვიყვანო ცხოველთა სამყაროდან აღებული Apis -ის (ფუტკრის შხამი) სამკურნალო ნივთიერება, რომელიც წარმატებით გამოიყენება ანთებების, განსაკუთრებით კი ლოკალურად შემოფარგლული ანთებების დროს. ფუტკრის შხამის მსუბუქად მწველი შეგრძნება, სითბოსა და სინათლის აღმძვრელი მოქმედება, ერთი შეხედვით ანთებით პროცესთან თავის მსგავსების გამო, თითქოს უნდა აძლიერებდეს მას, მაგრამ ეს ასე არ არის. პირიქით, ცხოველურ ბუნებრივ პროცესსა და ავადმყოფობის პროცესთან არსობრივ ნათესაობაში ძევს სწორედ შესაძლებლობა, რომ სამკურნალო გადამუშავებით და სათანადო ჩვენებების შესაბამისი სხვადასხვა დონის განზავებით ორგანიზმს მისი მტკივნეული ანთებითი პროცესიდან რაღაც “გამოვართვათ”. ამრიგად, Apis -ის მეშვეობით შეიძლება დაიძლიოს ლოკალური ანთებითი პროცესი.

 

მინდა მოგახსენოთ, რომ ანთროპოსოფიული სამკურნალო წამლების მოპოვებისას, მათი თერაპიული გამოყენების ცხოველმყოფელობის და ქმედითობის გასარკვევად უპირველეს როლს თამაშობს მცენარის ფორმისა და ნივთიერების წარმომქმნელი პროცესის გამოკვლევა და შემეცნება, მხოლოდ შემდეგში მოსდევს ამას გამოკვლევა და ანალიზი თავად ნივთიერებათა, ანუ მცენარის ან მისი ნაწილის იმ შემადგენელი ნივთიერებებისა, რომლებიც დღევანდელ ფარმაკოლოგიაში განიხილება როგორც წამალთა მოქმედების ერთადერთი საფუძველი.

 

ამრიგად, ანთროპოსოფიული ფარმაცია ემსახურება რაციონალურ მკურნალობას, რომელიც ეყრდნობა კავშირს ადამიანისა ბუნების სამეფოებთან. სამკურნალო საშუალებების მოძიების შემდგომ უნდა მოხდეს ამ საშუალების (მინერალური, მცენარეული, ცხოველური) იმგვარი დამუშავება, რომ მან სრულად შეძლოს გამოავლინოს თავისი სამკურნალო თვისებები. შესაძლებელია შემდეგი ძირითადი ფარმაციული პროცესების გამოყოფა:

1. გამყარებისა და მინერალიზაციის პროცესები (მაგ.: კრისტალიზაცია, გამოშრობა, კოაგულაცია, დალექვა, გაყინვა და ა. შ.)

 

2. გათხევადების პროცესები (მაგ.: გახსნა, სუსპენდირება, გადნობა, კონდენსირება, ინფუნდირება, დიგერირება, მაცერაცია და ა. შ.)

 

3. გააირების პროცესები (მაგ. დისტილირება, აორთქლება, ფერმენტირება, სუბლიმირება და ა. შ.)

 

4. დაწვის პროცესები (მაგ.: დანახშირება, დანაცრება და ა. შ.).

 

ამ ელემენტარულად განსხვავებული ფარმაცევტული პროცესების გამიზნული გამოყენებით საწყისი ბუნებრივი ნივთიერებები სამკურნალო საშუალებად იმგვარად გადამუშავდება, რომ მათ განსაკუთრებული მიმართება უჩნდებათ ადამიანის არსების ცალკეულ წევრებთან (ფიზიკურ სხეულთან, სასიცოცხლო სხეულთან, სამშვინველთან ანუ შეგრძნებად სხეულთან და მე-ორგანიზაციასთან), რადგან არსებობს განსაკუთრებული ურთიერთკავშირი:

ა. გამყარების პროცესსა და ფიზიკურ სხეულს შორის,

ბ. გათხევადების პროცესსა და სასიცოცხლო სხეულს შორის,

გ. გააირების პროცესსა და შეგრძნებად სხეულს შორის,

დ. წვის სითბურ პროცესსა და მე-ორგანიზაციას შორის.

 

ეს ის პროცესებია, რომელთაც თავად ორგანიზმი ახორციელებს სხვადასხვა საკვები ნივთიერებების გადამუშავების დროს, მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის სისტემაში. ამგვარად, ფარმაცევტს შეუძლია გამიზნულად გამოიყენოს ესა თუ ის მეთოდი, რათა საჭირო მიმართულებით წარმართოს სამკურნალო საშუალების ქმედითუნარიანობა.

 

ანთროპოსოფიულ მედიცინაში მიღებულ ფარმაცევტულ მეთოდებს შორის პოტენციერებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისი არსი შემდგომში მდგომარეობს: ხდება ნივთიერების საფეხურებრივი განზავება, რომლის დროსაც ნივთიერება, განზავების ხარისხისდა მიხედვით, იცვლის სამკურნალო ქმედების ხასიათს, სიძლიერეს და მიმართებას სხვადასხვა ორგანოთა სისტემების მიმართ. ამ მეთოდის გამოყენება, რომელიც სამუელ ჰანემანმა (1755 - 1843) თავდაპირველად ემპირიული გზით აღმოაჩინა, შესაძლებელია პრინციპში ყველა ნივთიერებისათვის, თუკი იგი წინასწარ სათანადოდ დამუშავდება. პოტენცირებას შეუძლია აამოქმედოს ის “სამკურნალო ძალები”, რომლებიც სამკურნალო ნივთიერებაშია დაფარული.

 

ზემოთჩამოთვლილ ფარმაციულ მეთოდებთან ერთად, პოტენცირების საშუალებით შესაძლებელია სამკურნალო საშუალების ზედმიწევნით იმგვარი დამუშავება, რომ მას ჰქონდეს უნარი, ორგანიზმის განმაკურნებელ ძალთა ფოკუსირება დაზიანებულ ორგანოში ან სისტემაში მოახდინოს.

 

ანთროპოსოფიულ მედიცინაში გამოიყენება დეციმალური განზავებები, ძირითადად D1 -დან D30 -ის ჩათვლით.

D1 - 10%

D2 - 1%

D3 - 0,1%

D4 - 0,01%

D5 - 0,001%

D6 - 0,0001% და ა. შ.

 

ანთროპოსოფიული მედიცინის კონცეფციით და აგრეთვე მედიკამენტების რეალური ქმედებით დაბალი განზავების მედიკამენტები მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე, შუა განზავების რიტმულ და ცირკულაციურ სისტემაზე, ხოლო მაღალი განზავებები ნერვულ-მგრძნობელობით სფეროზე.

 

როგორც ჰომეოპათიური, ასევე ანთროპოსოფიული სამკურნალო საშუალებების ხარისხისა და ნომენკლატურის რეგლამენტაცია მეტად რთულია. ამ პრეპარატების ანალიზის მეთოდები ცალკე მსჯელობის საგანია. განყოფილებაში “ჰომეოპათიური პრეპარატების გამოკვლევის ზოგადი მეთოდები” - თხევადი წამლის ფორმების შემდეგი მაჩვენებელია მოცემული: - სითხის სიმკვრივე, ეთანოლის ექსტრაქტული ნივთიერებების, ცხიმოვანი ზეთების, ალკალოიდების, აღმდგენლების შემცველობა, კაპილარულ - ლუმინესცენტრული ანალიზი და ზოგიერთი სხვა.

 

მონაცემები ანთროპოსოფიული წამლის ფორმების კაპიტალური ანალიზის ადექვატურობის შესახებ მცირერიცხოვანი და წინააღმდეგობრივია. ტრიტურაციაში სამკურნალო საშუალების თანაბარ განაწილებას ლუპის ან მიკროსკოპის საშუალებით განსაზღვრავენ. დაბალ განზავებაში შეიძლება შესაბამისი სამკურნალო საშუალებების შეფერილობა, სუნი და გემო განისაზღვროს. ზოგიერთ შემთხვევაში ტრიტურაციის შესამოწმებლად ზენაჯერი ხსნარებიდან სამკურნალო საშუალებების გამოკრისტალების მეთოდს იყენებენ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია სამეცნიერო კვლევის ჩატარება, რომელიც ჰომეოპათიური და ანთროპოსოფიული პრეპარატების არსენალის გასინჯვის, მისი თანამედროვე ეფექტური საშუალებების გამდიდრებისა და იმპორტულ საშუალებათა სამამულო ანალოგების აღმოჩენისკენ იქნება მიმართული.