15 მარტი 2016

ეპილეფსიური და ისტერიული ბავშვები

სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი

 

როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა,
ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა;
ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს.
პირველი კორინთელთა მიმართ თ. 13-11

მიკროსოციალურ სფეროში დისჰარმონიამ შეიძლება ბავშვის მხრიდან სხვადასხვაგვარი პროტესტი წარმოშვას, ისეთივე მრავალგვაროვანი, როგორიც მისი ფანტაზიაა. პროტესტის თითოეული ფორმა განაპირობებს გარკვეული კონსტიტუციური ტიპის ჩამოყალიბებას და გარკვეული ავადმყოფობებისადმი მიდრეკილებას. ამ მხრივ საინტერესოა ორი ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობის მქონე ბავშვების დახასიათება. ესენი არიან ეპილეფსიური და ისტერიული ბავშვები.

 
ეპილეფსიური ბავშვები ხშირად გამოირჩევიან თავიანთი უხეში, ათლეტური სხეულით, წინააღმდეგობის დაძლევის ძლიერი სურვილით, რაც სრულიად საპირისპიროდაა ისტერიულ ბავშვებში. უმრავლესს შემთხვევაში ისინი არიან ნაზი, გრაციოზული აღნაგობის, მგრძნობიარენი და წინააღმდეგობის დაძლევისა და მისი გადალახვის უუნარობით გამოირჩევიან. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა ”ისტერია” - ისე არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ჩვეულებრივ ყოფაში ვართ მიჩვეულნი ან როგორც კლასიკურ მედიცინაშია ცნობილი. ამ საკითხს ქვევით ჩავუღრმავდებით.

 
ნორმალურ მდგომარეობაში გამოღვიძებისას, ძილის დროს სხეულიდან გასული ასტრალური სხეული და `მე~ უერთდება ფიზიკურ-ეთერულს. ფიზიოლოგიური ქმედებისათვის მთელი ადამიანური არსება უნდა დაუკავშირდეს გარემოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული გამოღვიძება დადგა. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ადამიანს არ ჰქონდეს შესაძლებლობა რომელიმე ორგანოს გავლით უშუალოდ ჰპოვოს კავშირი გარე სამყაროსთან. ამრიგად, ორგანო გარკეულ ბარიერს წარმოადგენს გარემოსთან კავშირის დასამყარებლად. ძილის დროს ასეთ ორგანოში რაღაც ჩნდება, რაც იმის პირობას ქმნის, რომ გამოღვიძებისას ადამიანი იძირება ამ ორგანოში და გარე სამყაროში გასვლას ვეღარ ახერხებს. ამ დროს ადამიანის ”მე” და ასტრალური სხეული იძულებულნი არიან ჩაეჭედონ ორგანოში, საიდანაც გამოსვლა აღარ შეუძლიათ.

 

უბედურება ის არის, რომ ადამიანი მაინც იღვიძებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ცნობიერების გარეშე. ცნობიერების მისაღებად კი საჭიროა გარეთ გამოსვლა. ასე ხდება ეპილეფსიურ ბავშვთან. მას შეუძლია თავისი მე-ორგანიზაციითა და ასტრალური სხეულით ჩაეშვას ეთერულსა და ფიზიკურ სხეულებში, მაგრამ ვერ გადის გარე სამყაროში და შიგნით შეკავდება. ჩაჭედილი ”მე” და ასტრალური სხეული აწვებიან ორგანოს ზედაპირს და ვეღარ თავისუფლდებიან მისგან. ისინი ჩაჭედილნი არიან. ვითარდება ”მე”-სა და ასტრალურის შეგუბება. სწორედ ეს არის კრუნჩხვის მიზეზი. უპირატესად ეს შეგუბებები არსებობენ ტვინის ნაწილებში, ღვიძლში ან ფილტვებში. თავის ტვინში არსებობს თითოეული ორგანოს პროექცია, ამიტომ ღვიძლში ან ფილტვში შეგუბება ეეგ-ზე აისახება. ეპილეფსიური კრუნჩხვა შეიძლება განხილულ იქნას როგორც განკურნებისაკენ სწრაფვა, როგორც გათავისუფლება. კრუნჩხვით ერთგვარი განტვირთვა ხდება. ცნობილია, რომ კრუნჩხვის წინ გროვდებიან გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც იშლებიან განტვირთვის შემდეგ. კრუნჩხვის მოახლოებას ბავშვი თუ მოზრდილი გარკვეულად გრძნობს, რომელსაც აურას უწოდებენ. ცნობილია აურის მრავალფეროვნება, რომელიც შეიძლება დაუკავშირდეს როგორც დადებით, ასევე უარყოფით ემოციებს. კრუნჩხვის კუპირება ანტიკონვულსიური მკურნალობით განაპირობებს პიროვნების შეცვლას. უპირატესად ვითარდება აგრესიულობა. თუ ბავშვობის ასაკიდან ხდება ამგვარი მკურნალობა, ხშირ შემთხვევაში ვითარდება გონებრივი ჩამორჩენა, რადგანაც ამ პრეპარატებით მცირდება ცნობიერების სიფხიზლე გარემოსადმი. ეპილეფსია არ უნდა იქნას განხილული, როგორც მხოლოდ კრუნჩხვის შეტევები. ანტიკონვულსიური თერაპიით კრუნჩხვების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ ეპილეფსია აღარ არსებობს.

 

ეს ყველაფერი შეიძლება განხილულ იქნას როგორც სიმპტომური მკურნალობა, რომლითაც გარკვეული პროცესის შედეგის ლიკვიდაციას ისახავს მიზნად, ხოლო მიზეზი კვლავ სახეზეა. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანტიკონვულსიური საშუალებები არ უნდა დაინიშნოს, პირიქით, უმრავლეს შემთხვევაში მათი დანიშვნა აუცილებელია. მათთან ერთად ან მათ გარეშე შესაძლებელია მკურნალობის ისეთი ფორმის მოძებნა, რომელიც პროცესის მიზეზს დაუპირისპირდება და არა შედეგს. 

 

იმისდა მიხედვით, თუ ბავშვს გარემოს რომელი ელემენტის მიმათ აქვს არაჯანმრთელი დამოკიდებულება, განიხილება ეპილეფსიის ოთხი ტიპი. ბავშვს, რომელსაც არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს სითბოს ელემენტთან, აღენიშნება სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, ჰიპოთერმია. ამიტომ ასეთი ბავშვისათვის აუცილებელია მეტისმეტად თბილად ჩაცმა, ისე რომ გაოფლიანდეს.


ბავშვებს, ჰაერის ელემენტის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებისას აღენიშნებათ ცნობიერების დაბინდვა, არარეგულარული სუნთქვა. მათთვის სასურველია სუნთქვის ფაქიზი სავარჯიშოები.
წყლის ელემენტის მიმართ გართულებების შემთხვევაში, ბავშვებს აღენიშნებათ საერთო სისუსტე, გულისრევა და პირღებინება. მათთვის აუცილებელია ცურვა, დაგემოვნების პროცესის გაძლიერება (მაგ. საკვებში სუნელების გამოყენება). და ბოლოს, მიწის მიმართ პრობლემების დროს ბავშვებს აღენიშნებათ წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა - რეკომენდებულია სამკურნალო ევრითმია და ტანვარჯიში (სპეციალური სავარჯიშოები ჰანტელებით). ექიმისათვის ძნელია განსაზღვროს, თუ რომელი ელემენტისადმია დამოკიდებულება დარღვეული. ამიტომ ეპილეპტიკებმა ოთხივე ტიპის მითითება უნდა შეასრულონ. ინკარნაციის პროცესში, ისევე როგორც ეპილეფსიურ ბავშვებთან, ასევე ისტერიულ ბავშვებთან, არის დარღვევა, ოღონდ საპირისპირო მხარეს, კერძოდ, მათი მშვინვიერ-სულიერის დაკავშირება გარემოსთან არ არის ნორმის ფარგლებში. თუკი ეპილეფსიური ბავშვის მშვინვიერ-სულიერი იჭედება ეთერულ-ფიზიკურში და ვერ ახერხებს გარემოსთან დაკავშირებას, ისტერიული ბავშვი თითქმის მთლიანად გარემოს ეძლევა და მისი არსება მთლიანად ორიენტირებულია მასზე. ასეთი ბავშვისათვის დამახასიათებელია ღრმა დამწუხრება და ტკივილის გრძნობა გარემოსადმი. რუდოლფ შტაინერი სამკურნალო პედაგოგიურ კურსში საუბრობს ასეთი ბავშვის მშვინვიერ ”ჭრილობაზე”.

 
როგორც ჩვენთის ცნობილია, პატარა ბავშვი, განსაკუთრებით შვიდ წლამდე, მთლიანად თავის მიკროსოციალურ გარემოში ცხოვრობს. გარემო მის არსებაში მთელი სიგრძე-სიგანით შეიჭრება და თავის კვალს ტოვებს. დედები ყოველთვის ფრთხილობენ, რომ თავიანთ პატარას ძნელად მოსანელებელი საკვები არ მისცენ, რათა გარკვეულმა ნივთიერებებმა რთული პრობლებები არ წარმოშვან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. სწორედ ასეთივე სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ბავშვს ჭარბი ინფორმაცია მიეწოდება. როგორც ნივთიერებას, ასევე ინფორმაციასაც და განსაკუთრებით ჭარბს, ესაჭიროება მონელება. ხშირ შემთხვევაში ბავშვი მონელებით პროცესებს სწორად ვერ წარმართავს. ბავშვისათვის ჭარბი და მოუნელებელი შეიძლება იყოს არა მარტო ინფორმაცია, არამედ კონფლიქტური სიტუაციები ოჯახში, სკოლაში, როგორც უფროსებთან ასევე თანატოლებთან. ყველაფერი ეს იწვევს მშვინვიერ ტკივილს, რომელიც ბავშვს უკან ხევს და მუდმივად ჩასუნთქულ მდგომარეობაში ამყოფებს. ასეთი ბავშვები, ერთის მხრივ, ადვილად გამოდიან მდგომარეობიდან და მეორეს მხრივ, დანაღვლიანებულნი და ტრავმირებულნი არიან.

 
მშვინვიერი ტრავმები ისტერიულ ბავშვებთან სხვადასხვა კლინიკურ სურათს იძლევა, კერძოდ, ღამის ენურეზი (ღამის უნებლიე შარდვა), ენაბლუობა, ნერვული ტიკები. შეიძლება რამოდენიმე ნოზოლოგია ერთ ბავშვთან ერთდროულად განვითარდეს. ისტერიული ბავშვები თავიანთი სისუსტეების შესანიღბად შეუსაბამოდ ცელქობენ, მიუხედავად მათი უნარებისა, ხშირად იყენებენ გამოთქმას, ”მე ამას ვერ შევძლებ”, თუმცა ნებისმიერი თბილი და ყურადღებიანი მოქცევა მათზე დადებითად მოქმედებს. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ღამის ენურეზი. ემოციურად დატვირთული დღის შემდეგ ბავშვს ეძლევა საშუალება ღრმად ამოისუნთქოს. ისინი ეძლევიან ღრმა ძილს, ვერ აკონტროლებენ ქვედა საზღვრებს და მათთვის ”სველი ლოგინია” დამახასიათებელი.

 
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ღამის ენურეზიანი პაციენტების უმრავლესობასთან პრობლემა მოდის მამის მხრიდან, სადაც დედა ემოციურად ლაბილურია, ბავშვს ვერ უქმნის დამცველ გარსს და თავადაც კონსტიტუციურად მას ემსგავსება. ასეთ დედებს უჭირთ ექიმის რეკომენდაციის შესრულება. ამ შემთხვევაში ექიმი უძლურია სრულყოფილად დაეხმაროს ბავშვს, თუკი მშობლების რეალური მხარდაჭერა არ ექნება. ისტერიულ ბავშვებთან ჯანსაღი პედაგოგიური დამოკიდებულება ძირითად სამკურნალო ღონისძიებას წარმოადგენს. მშობლებმა განსაკუთრებული ნდობა უნდა გამოუცხადონ ამ ბავშვებს, დააკისრონ სერიოზული საქმეების შესრულება და წარუმატებლობის შემთხვევაში დატუქსვის მაგივრად მიეხმარონ არასასურველი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. პედაგოგმა ბავშვს უნდა მოსთხოვოს კითხვისა და წერის ტემპის დაჩქარება. ბავშვმა უნდა იგრძნოს პედაგოგის მხარდაჭერა და მიუხედავად შიშისა, რომ მას ეს არ შეუძლია, უნდა მოახერხოს ბარიერის გადალახვა და დავალებას ახლებურად მიუდგეს. ასეთ ბავშვებს სჭირდებათ ”მშვინვიერი ალერსი” ”მშვინვიერი ჭრილობის” მოსაშუშებლად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენც ვიყავით ბავშვები, ჩვენც გვქონდა სურვილები, ჩვენც გვტკიოდა და ვცდილობდით პრობლემების დაძლევას. ცხადია, ჯანსაღი მიკროსოციალური გარემოს შექმნა ორივე ტიპის ბავშვისათვის საკმარისი არ არის. გარკვეული დამოკიდებულების გარდა აუცილებელია მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა, რომლის განხორციელებისათვის ანთროპოსოფიული მედიცინა შესანიშნავ საშუალებებს ფლობს.