27 აპრილი 2016

ბავშვი და კომპიუტერი

სტატიის ავტორი:ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი

 

როგორ ფიქრობთ ვისი სისუსტეა, თუ გნებავთ უფრო კატეგორიული ვიქნები და ვიტყვი: ვისი ბრალია, როდესაც ბავშვი თავისი დღის უმეტეს ნაწილს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ატარებს?! ან კი ფიქრობთ, რომ ეს რაიმე დანაშაულია?! ბევრი მშობელი ფიქრობს რომ ტექნიკის ადრეულ ასაკში ათვისება ბავშვის ადრეულ განვითარებას უწყობს ხელს. უფროსებს ყოველთვის აქვთ დროის დეფიციტი, მათ ეჩქარებათ რომ მათი პატარა სწრაფად დაეუფლოს სხვადასხვა ცოდნებს და მალე გაიზარდოს, არადა თითოეულ ბავშვს თავისი განვითარების ინდივიდუალური ტემპი აქვს. მათ არ ჭირდებათ დაჩქარება, მათ მხარდაჭერა ჭირდებათ. მათ წინ კი არ არის საჭირო სიარული, არამედ უკან, რათა წაბორძიკების შემთხვევაში სწრაფად შევაშველოთ ხელი(როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მნიშვნელობით). მოუსმინეთ მათ და ნუ ეცდებით უხეშად თავს მოახვიოთ თქვენი აზრი. ჩვენ დავემსგავსოთ მათ და არა ისინი დავიმსგავსოთ ჩვენ. ცოცხალი კავშირები მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ვერანაირი ტექნიკა ვერ შეცვლის იმ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს მშობლებსა და შვილებს შორის. არანაირი ტელევიზორი და კომპიუტერი ვერ დაინახავს ბავშვის ღიმილს, სიხარულს, ტკივილს, ცრემლებს, შიშს და ვერ გახდება მისი განცდების თანაზიარი.

 

ეს მხოლოდ დედას და მამას შეუძლია! უფროსებისთვის ცხოვრების ტემპი დაჩქარებულია, მას სულ ეჩქარება, გადაღლილია, სამსახურშია, სახლია დასალაგებელი, სადილი მოსამზადებელი, ხშირად მსმენია დედისგან: სად მაქვს მაგის ნერვები დავუჯდე და ავუხსნა ან რაიმე ვუამბოო. არადა ასეთი მცირედი ინვესტიცია გაღებული საკუთარი ბავშვისთვის მომავალში ძალიან დიდ მოგებას მოუტანს ყველას, არა მარტო კონკრეტულ ოჯახს, არამედ ქვეყანასაც. განიცადეთ, შვილებთან ურთიერთობის უდიდესი სიამოვნება და ამით ისინიც გააძლიერეთ!!!

 

ტელევიზორთან ჯდომის დროს ბავშვი ჰიპნოზშია, ცივი ლურჯი შუქის ჰიპნოზში, ასეთი ჰიპნოზური მდგომარეობა ბავშვს ართმევს სულიერ სიმდიდრეს. ეს არაბუნებრივი უმოძრაო მდგომარეობა ფუჭად აკარგინებს ბავშვს იმ დროს, რომელიც მას უნდა გამოეყენებინა მისთვის სასიკეთო საქმინობისათვის, კერძოდ თამაშში - ეხტუნავა, ერბინა, დაკვირვებოდა გარემოს, მიებაძა ცხოველებისთვის, მოესმინა უფროსების მონაყოლისთვის, თავად მოეყოლა გამოგონილი თუ ნანახი ისტორიები, გამოეხატა ემოციები, ეყვირა, ეხატა, დახმარებოდა დედას და მამას საქმიანობაში და ასე შემდეგ. მასთან ბრძოლაში ბავშვს აქვს რეალური იარაღი- ეს მშობელია, ფხიზელი მშობელი, რომელიც ძლევს ყოველდღიურ ქაოტურ რიტმს, დაღლას და იცლის ბავშვისთვის. მშობლების გარეშე არაფერი არ გამოვა, რადგან ისინი თავიანთი პატარებისთვის ავტორიტეტები არიან. ისინი თავად ქმნიან მათგან ამ ავტრიტეტს თანდაყოლილი განწყობით: დედა არის ის ვინც ყველაფერი იცის და მამა არის ის ვისაც ყველაფერი შეუძლია. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ მამასთან კითხვის დასასმელად არ მივა და პირიქით, რა თქმა უნდა მკაცრი გამყოფი ხაზი არ არსებობს, მაგრამ ძირითადი მოტივი ასეთია. ჩვენ, უფროსებმა, მშობლემბა არ უნდა გავაცრუოთ მათ მოლოდინი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორიტეტი აღარ შეიქმნება, შესაბამისად არ განვითარდება მოწიწების გრძნობა, შესაბამისად არ განვითარდება პატივისცემა გვერდით მდგომების მიმართ და ჯანსაღი კრიტიკის უნარი, სიტუაციების ობიექტურად შეფასების უნარი, აქ იგულისხმება ნებისმიერი ასაკი.

 

ეკრანის ყურებისას აქტიურია თვალი, პასიურია მთელი ორგანიზმი. ოფტალმოლოგები, თვალის ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ურჩევენ ტელევიზორის ყურებას,(დღეში 5 საათი), რადგან ამ დროს თვალის კუნთების აბსოლუტური სიმშვიდე მიიღწევა. და ეს არის იდეალური პირობა თვალის გამოჯანმრთელებისთვის. შესაბამისად ისმის კითხვა, რა ემართება ჯანმრთელი კუნთების მქონე ბავშვის თვალს ტელევიზორის ყურებისას. კუნთების სისტემა ერთი მთლიანობაა. როდესაც თვალი ერთ წერტილზეა ფიქსირებული, სხეულის სხვა ნაწილებიც, ასევე ერთი წერტილისაკენ არიან მიმართული.

 

ტელევიზორის ეკრანი შეიცავს 1920X1080 პიქსელს (PIX), კომპიუტერის - 1280X800 პიქსელს. თითოეული წერტილი იცვლება საოცარი სისწრაფით და ეკრანზე იძლევა მუდმივ მოძრავ და ფერადოვან გამოსახულებას. ბავშვი ვერ ასწრებს სივრცული ხედვისა და ფერების ხედვის დიფერენცირებას. ტიპიური ფერები პაწაწინა წერტილების სახით პროეცირდება ეკრანზე, სადაც პერსპექტივის საშუალებით სივრცული სურათის ილუზიას ქმნის. ეს პროცესი არის ის რაც ხელს უშლის თვალების ჯანმრთელ განვითარებას. მაგრამ მხოლოდ ამით არ სრულდება ეს პროცესი. დანახულს აღქმაც ჭირდება, ოპტიკურ შთაბეჭდილებას ცნობიერებაში ატანა ჭირდება და ის აზრობრივად ტვინში უნდა გადამუშავდეს. ეს პროცესი ხდება ბუნებრივად აქტიური ხედვისას, მაშინ როდესაც ბავშვი აკვირდება გარემოს და ცოცხლად განიცდის სივრცესა და ფერს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ კომპიუტერიდან მომდინარე ინფორმაცია ჭარბია და ბევრად აღემატება ბავშვის აღქმის შესაძლებლობებს. მომდინარე ინფორმაციას მუდმივად მისი ტვინი ვერ აღიქვამს, ამიტომ ტვინის მხრიდან გარკვეული კომპესატორული ქმედებაა - მოსული ინფორმაციის წყვეტილად მიღება. ამის გამო ბავშვს უჭირს მიზეზ-შედეგობრივად დაალაგოს მოვლენები და სრულად გაიგოს ინფორმაცია. თავის მხრივ, ეს გარკვეულ გავლენას ახდენს ტვინის ნერვული კვანძების ჩამოყალიბებაზე, რომელიც, რა თქმა უნდა ამ დროს ჩამოყალიბების პროცესშია. ტვინი ეჩვევა რომ ის მუდმივად იღებს მზა ინფორმაციას, ამიტომ გარკვეულ წილად მას, მომავალში აღარ ეძლევა თვითმყოფადი იდეების მიღებისა და განსჯის უნარი. სამაგიეროდ აქტიურად უნვითარდება კრიტიკის, შეიძლება ითქვას, არაჯანსაღი კრიტიკის უნარი ყველას და ყველაფრის მიმართ. შემოქმედებითი უნარები უკან იხევს, ძირითადად ასეთი ადამიანები ადვილად ხედავენ სხვის ქმედებაში ნაკლს, თუმცა თავად მისი ნახევარის გაკეთებაც არ შეუძლიათ!!!

 

ბავშვები, სხედან რა უძრავად ეკრანებთან, მოკლებულნი არიან მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ცოცხალ, ხალას მოძრაობას, რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ მიბაძონ ცოცხალ თუ არაცოცხალ გარემოს, გახდნენ უფრო მეტად მოხერხებულები, ისწავლონ ხეზე ძრომიალი, ოთხზე სირბილი ან ასკინკილით ხტუნვა, ისწავლონ მიწასთან ურთიერთობა - დაბარონ, დათესონ, დარგან და ა.შ. ბავშვის ორგანიზმისთვის ძალიან არაბუნებრივია უმოძრაოდ ყოფნა, მისი სხეული მუდმივ მოძრაობაში უნდა იყოს, რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში და აქ არ იგულისხმება ბავშვის მუდმივი ცქმუტვა, რომელიც სულ სხვა განხილვის საგანია. ტელევიზორთან ან კომპიუტერთან უმოძრაოდ ჯდომა, შემდგომ იწვევს ბავშვის არაბუნებრივად მოუსვენარ მოძრაობებს. ეს, შეიძლება სულაც არ იყოს გადაცემის შინაარსზე დამოკიდებული, არამედ ამ დაძალადევ და არაბუნებრივ უძრაობაზე. ბავშვები ავლენენ აგრესიას, ხდებიან პრეტენზიულები, პროვოცირებენ კონფლიქტურ სიტუაციებს, უჭირთ ბავშვებთან და ასევე უფროსებთან კონტაქტი. კითხვებზე პასუხის გაცემა, პირდაპირი, ცოცხალი ურიერთობები, თვალებში ყურება და კონკრეტულ საკითხზე ადექვატური რეაგირება(ძირითდად გრიმასებით და გაურკვეველი ბგერების გამოთქმით პასუხობენ) ან პირიქით არ გააჩნიათ დისტანციის დაცვის უნარი, ყველანაირი მოწიწებისა და რიდის გარეშე შეუძლიათ კონტაქტში შემოსვლა, შემაწუხებლადაც კი!!! მათი ინტერესი ნებისმიერი საკითხის მიმართ ზედაპირულია და უფრო დაწვრილებითი განხილვა არ აინტერესებთ!!! შესაბამისად მათი მეტყველება ხდება პრიმიტიული, რადგან მათი მიკროსოციალური სამყარო მთლიანად დაკავებულია კომპიუტერული განათლებით, წიგნთან ურთიერთობა დამღლელი და მოსაწყენია. ურჩევნიათ ადვილად აღსაქმელი მასალა, როგორიცაა დასურათებული წიგნები, კომიქსები. არადა, სწორედ წიგნს შეუძლია უკიდეგანოდ განავითაროს მისი ტვინი, ცნობიერება, აღქმა, ფანტაზია. ასეთი უნარების ადამიანი კი მომავალში აბსოლუტურად გამართული, საზოგადოებაში ინტეგრირებული, საქმიანი იქნება.

 

ზედაპირული და სწრაფი ინფორმაციის მიღების შედეგია ბავშვების კონცენტრაციული სისუსტე. ასეთი ბავშვები მომავალში იჩენენ მიდრეკილებას ალკოჰოლისა და ნარკონიკების მიმართ, რადგან ისინი მიჩვეულნი არიან ნებისმიერი საქმის კეთებას მარტივად - ,,ღილაკზე ხელის დაჭერით“. სირთულეები კი აშინებთ და პრობლემებიდან გაქცევას სწორედ ასე ახერხებენ. მათი ნების ძალები თითქმის განუვითარებელია, მიჩვეულნი არიან მზამზარეულ სურათ-ხატებს, ეკრანებთან ტკბობას, რომელთანაც მოშორება აგრესიას და ქაოტურობას იწვევს. ეს არის ის რეალობა, რომლის განვითარების შანსი ყველა კომპიუტერთან მჯდომ ბავშვს აქვს. ბევრი მშობელი მოისმენს ან წაიკითხავს ამდაგვარ ინფორმაცია-გაფრთხილებას და გააპროტესტებს, ეჭვს შეიტანს ფაქტების სისწორეში, ჩათვლის რომ ვაზვიადებთ, ექნება მილიონი საწინააღმდეგო არგუმენტი, რომელთაგან ყველაზე აქტუალურია - ყველას რომ აქვს, ჩემ შვილს აბა არ უნდა ჰქონდეს?! სამწუხაროდ მშობლების უმრავლესობას ეჩქარებათ შვილების გაზრდა, უნდათ რომ ადრე შეიყვანონ სკოლაში, ექსტერნად ჩააბარებინონ გამოცდები, ,,ახტუნაონ“ კლასიდან კლასში და ა.შ.

 

ბევრი მშობელი დამეთანხმება, ბევრიც გააპროტესტებს და კითხვას დასვამს: თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე როგორ განვითარდება ადამიანი?! დაგეთანხმებით რომ ჩვენი საქმიანობის სწრაფ და ხარისხიანად შესრულების საქმეში კომპიუტერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მის გარეშე ვერც კი წარმოგვიდგენია და რა თქმა უნდა ამას აარავინ არ უარყოფს, მაგრამ ჩემი სურვილი არ არის ვისაუბრო კომპიუტერისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების სასიკეთო მხარეებზე. ჩემო მიზანია მშობლებს კარგად დავანახო ბავშვებზე ტელევიზორისა და კომპიუტერის ზემოქმედების მავნე მხარეები. 12 წლმდე ბავშვს არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა კომპიუტერთან, ის ცოცხალი შთაბეჭდილებებით უნდა ცხოვრობდეს. 12 წლის ზემოთ შესაძლებელია და ისიც განსაზღვრული დროით, ტელევიზორიც და კომპიუტერიც ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე უნდა იყოს და მოზრდილ ასაკში მასთან მიახლოება უნდა ხდებოდეს მშობლების მკაცრი კონტროლის ქვეშ.

 

რაც უფრო დარწმუნებულები არიან მშობლები თავის სიმართლეში მით უფრო ადვილად მისაღწევია სასურველი შედეგი. მშობლებს ნამდვილად უნდა ჯეროდეთ რომ უტელევიზორობით და კომპიუტერის გარეშე მათ შვილს არაფერი არ დააკლდება, პირიქით მისი განვითარება უფრო ბუნებრივი გზით მოხდება. მე ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მშობლების გარეშე განვითარებას. ჩვენ, მშობლებს უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან მათ დედამიწაზე მოსვლის საშუალება მივეცით, კეთილი უნდა ვინებოთ და ყველაფერი გავაკეთოდ მათი ჯანსაღი აღზრდისთვის (,,ჯანსაღი აღზრდა“ სადისკუსიო თემაა!!!).

 

გასაგებია, რომ ოჯახი ვერ იქნება ტელევიზორისა და კომპიუტერის გარეშე. თანამედროვე ადამიანისათვის ამ ნივთებს, განსაკუთრებით კომპიუტერს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. ამიტომ სასურველია ისინი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე გვქონდეს. 12- დან 15 წლის შუალედში, როდესაც ბავშვში ნებისა და გრძნობის გარკვეული ეტაპები განვითარებულია, შესაძლებელია გარკვეული დათმობები. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და ცალკეულ განხილვას მოითხოვს.