11 თებერვალი 2017

0-დან ერთი თვის ასაკის ბავშვი

სტატიის ავტორი:ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი

 

ცხრა თვის ლოდინის შემდეგ იბადება ბავშვი. ის გამოიყოფა დედის ორგანიზმს და იწყებს ამ ეტაპზე მისთვის რთული გარემოსა და ცხოვრების ადაპტირებას. ბავშვს დედის მუცელში განვითარებისთვის შესანიშნავი პირობები ჰქონდა. კერძოდ, ის დამოუკიდებლად არ იკვებებოდა, არ სუნთქავდა, არ განიცდიდა ატმოსფერული წნევის ზეწოლას, რადგან სუნთქავდა და იკვებებოდა პლაცენტის საშუალებით და ცურავდა ცილით გაჯერებულ სითხეში. მთლიანად დაცული იყო დედის მხრიდან, როგორც ფიზიკურად ასევე, ემოციურად. მოკლედ, ის დედის სხეულის განუყოფელი  შემადგენელი ნაწილი იყო.

 

დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ბავშვის ტვინში ფუნქციონირებას იწყებს სუნთქვის ცენტრი. დაბადებისას ის ღრმად ჩაისუნთქავს. ეს ხორციელდება სუნთქვის ცენტრის აღგზნებით, მის სისხლში არსებული ნახშირმჟავების არსებობის გამო. ჩასუნთქვის შედეგად ფილტვები სრულად იშლება, რაც გამოიხატება აქტიური ტირილით. ეს ნამდვილად საჭირო ტირილია, რადგან ახალი ორგანო სწორედ, რომ ამ ტირილის მეშვეობით იწყებს ფუნქციონირებას. ჭიპლარის გადაკვეთის შემდეგ ბავშვის გულ-სისხლძარღვთა სისტემა იწყებს დამოუკიდებელ ქმედებას.  მარჯვენა და მარცხენა წინაგულებს შორის არსებული ხვრელი იხურება. პირველ ჩასუნთქვასთან ერთად, ასევე იბადება ბავშვის მშვინიერ-სულიერი არსება.

 

ბავშვი, დაბადების შემდეგ, ხვდება მისთვის უცხო და მძიმე პირობებში. დედის მუცელში სტერილური გარემოდან გადადის დაბინძურებულ გარემოში, სადაც ატმოსფერული წნევა ზემოქმედებს. ბავშვი იღებს შოკს გარემოს ტემპერატურის ცვლილების გამო, რომელიც არსებობს დედის თბილ, თხევად გარემოსა(სადაც ტემპერატურა 37,5 38 გრადუსია) და ჰაეროვან გარემოს შორის. ბავშვი იბადება სხეულის ტემპერატურით 36,6 გრად. (სწორ ნაწლავში), მშობიარობის პროცესში  ტემპერატურა 1,5-2 გრადუსით იკლებს.

 

ახალშობილი მოძრაობის უნარს დაბადებისას არ იძენს. ის აქტიურად მოძრაობს მუცლად ყოფნის პერიოდში, რომელსაც დედა კარგად შეიგრძნობს. დაბადებისას ბავშვს აქვს ზოგადი მოძრაობები, როგორიცაა წოვის, შიშისგან დამცველობითი, ხელებისა და ფეხების ქაოტური, არაკოორდინირებული მოძრაობები.  აქვს კრთომები,  მუშტები მჭიდროდ შეკრულია, თუ თითებს გავუშლით და ჩვენს თითს ჩავუდებთ, მოუჭერს, მაგრამ მალევე ხელს გაგვიშვებს. სიცოცხლის პირველ დღეებში ახალშობილის თვალები მოძრაობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ამიტომ შესამჩნევია როგორც გარეთა, ასევე შიგნითა სიელმე, რაც მშობლების შეშფოთებას იწვევს. ეს ფიზიოლოგიურია და გაგრძელდება მანამ, სანამ არ ისწავლის მზერის ფიქსაციას საგნებზე, რაც ნიშნავს, რომ ბავშვს უკვე შეუძლია სივრცითი ხედვა. თავის მხრივ, ეს მანიშნებელია იმისა, რომ მისი ცნობიერება ნელ-ნელა იბადება.

 

ბავშვი ადვილად პოულობს ძუძუს და იწყებს აქტიურ წოვას, რადგან ჯანმრთელ ბავშვს წოვის რეფლექსი დაბადებისთანავე კარგად აქვს განვითარებული. ახალშობილს ტუჩებზე აქვს ბორცვაკები, რომლების წოვაში ეხმარებიან. (ამ ბორცვაკების არსებობა მიუთითებს ჯანმრთელ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.) ის პირველივე წუთიდან ცნობს დედას. დედასთან სიახლოვე ბავშვის ფსიქიურ განვითარებას უწყობს ხელს. ბავშვი დედას ცნობს სუნით, კანზე შეხებით, მოფერებით, რაც ატირებულ ბავშვს ამშვიდებს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მოფერება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თავის ტვინის განვითარებას. ძუძუთი კვება ბავშვის ნერვულ-მგრძნობელობით სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს და მის ნორმალურ განვითარებას უწყობს ხელს.

 

დროულ ახალშობილებს აქვთ ძლიერი რეაქცია ძლიერ ხმაურზე და სინათლეზე. ძლიერ სინათლეზე ვლინდება გუგის შევიწროვება, თვალების დახუჭვა, თავის უკან გადაწევა. ძლიერ ხმაურზე ბავშვი კრთება და შესაძლებელია, რომ ტირილიც დაიწყოს.

 

ბავშვის სიმშვიდეზე მოქმედებს დედის ემოციური მდგომარეობა. თუ დედა მშვიდადაა, ბავშვსაც შესაბამისად კარგად ძინავს და პირიქით, დედის ნერვიულობისას ბავშვი აგზნებულია და ხშირად ტირის. ბავშვის ტირილის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, კერძოდ, საჭმლის მომნელებელი სისტემის უმწიფრობის გამო,  გაძლიერებული მეტეორიზმი, შიმშილი, სველი საფენი, სიცივე, დაცხომა. ხშირად, განსაკუთრებით ვაჟებთან, შარდვის წინ ბავშვმა შეიძლება იტიროს, რაც განპირობებულია გარეთა საშარდე ხვრელის სივიწროვით და ჩუჩაზე მარილების დაგროვებით.

 

დაბადების შემდეგ ბავშვი დროის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს და კვებისას იღვიძებს. ბავშვს გარე სამყაროს აღქმაში ეხმარება მისთვის განკუთვნილი გარემოს შემოსაზღვრა, როგორიცაა ძილი საკუთარ საწოლში. როდესაც მის სხეულში დედის რძე იღვრება,  ის კმაყოფილებას განიცდის არა მარტო პირის ღრუში, არამედ მთელი სხეულით, რომელიც ჩართულია გემოს შეგრძნებაში.  ძუძუთი კვებისას ბავშვი კვლავ განაგრძობს დედის ფიზიკური გარსის ქვეშ ყოფნას, რაც თავის მხრივ მის დაცულობასაც ნიშნავს. დანაყრებისა და ამობოყინების შემდეგ, ბავშვი მშვიდად წევს და იძირება არაცნობიერ კმაყოფილებაში, სანამ შიმშილის გრძნობა კვლავ არ შეაწუხებს. ბავშვი იწყებს ტირილს, ხელ-ფეხის ქნევას, როგორც კი ძუძუს მიცემენ, პატარა   აქტიურად იწყებს წოვას, ნელ-ნელა მშვიდდება, შეიძლება ცოტა ხნით წოვას თავი დაანებოს, მიმოიხედოს კმაყოფილებით, ერთი-ორჯერ თავი გააქნიოს, კვლავ ჩაიდოს ძუძუ პირში და გააგრძელოს აქტიურად წოვა. ჭამასა და ძილში გადის პირველი კვირები და დედა ერთი თვის თავზე აღმოაჩენს, რომ პატარა უღიმს. ეს არის დედისთვის უდიდესი სიხარულის წამი. პირველად ბავშვის თვალებიდან გამოაბრწყინა პიროვნების ასპექტმა. ეს არის პირველი სიცილი, რომლის ინტენსივობა დღეებთან ერთად მატულობს. ამ პერიოდისთვის ბავშვი უფრო აქტიური ხდება,  თავს ამოძრავებს აქეთ-იქით, რეაგირებს დაძახებაზე, აკვირდება უძრავ საგნებს, მაგრამ მათკენ არ მიიწევს.

 

ბავშვი თუ არ იცინის, ეს იმის ნიშანია, რომ ის ნორმალურად არ ვითარდება. სიცილის პერიოდების მატება პირდაპირ კავშირშია ცნობიერების განვითარებასთან, რაც ასევე გამოიხატება სიფხიზლის დროის გაზრდაში. სწორედ ამ პერიოდიდან შეიძლება მშობლების მხრიდან პედაგოგიური მიმართებების განხორციელება: მოფერება, სიმღერა, საუბარი და ლოცვების კითხვა ძილის წინ. ახალშობილზე მოქმედებს არამშვიდი გარემო, სტუმრიანობა, სხვადასხვა სახის ხმაური. ბავშვი იწყებს ტირილს, ვერ იძინებს, წუხს. ამ დროს ბავშვს ამშვიდებს ძუძუს მოწოვება, მკერდზე მიხუტება და ტარება, მუცლის მსუბუქი მასაჟი საათის ისრის მიმართულებით. თბილი წყლის აბაზანა წელს ქვევით.

 

ბავშვის ფიზიკური განვითარება მიმდინარეობს რიტმულად. დაბადებისას ბავშვი არის ერთი მრგვალი, კოსმიური არსება, სადაც წინ მოდის თავი, რომელიც ბურთს მოგვაგონებს და ყველაზე მეტად ფორმირებული ნაწილია, განსხვავებით ტანისგან და კიდურებისგან, რომელთა ქაოტური მოძრაობა თვალში საცემია. სიცოცხლის პირველ დღეებში სახეზეა დიდი თავი და ჩამოუყალებელი კიდურები, რომლებიც საფენებში შეფუთულ მდგომარეობაშია. თავზე კი შეიმჩნევა მშობიარობის პროცესის კვალი: შეშუპებული უბნები თვალის გარშემო, ჰიპერემიული ადგილები, თავის ქალას მცირედი დეფორმაცია, ჰემატომა, კეფის მიდამოში, ქუთუთოებზე ან კისერზე შესაძლებელია აღენიშნოთ მოწითალო ლაქები, რომლებიც 3-4 თვის ასაკში უკვალოდ ქრება.

 

ბავშვის ცხოვრების პირველი დღეების სიმრგვალეს 2-3 კვირიდან ენაცვლება კიდურების დაგრძელება, რომლის დროსაც საგრძნობლად იცვლება სხეულის ნაწილების ურთიერთთანაფარდობა. ჩვილი ბავშვის თავისა და სხეულის თანაფარდობაა 1:4. ზრდასრულთან ეს პროპორცია დაახლოებით 1:8 არის. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ახალშობილის თავი დიდია. თვალების შემაერთებელი ხაზი თავის შუა ხაზზე საგრძნობლად დაბლაა, ანუ თავის ქალა აღემატება სახის ზომას. ქვედა ყბა პატარაა და უკან წაწეული. სახის შუა ნაწილი შედარებით განვითარებულია, თუმცა ცხვირი ოდნავ ჩანს. პაჭუა ცხვირის ფონზე კარგად გამოიკვეთება გუმბათისებური შუბლი. დიდი თვალების უდიდეს ნაწილს ფერადი გარსი შეადგენს. ყბები ქვემოთაა დაწეული. ნაკვთები მომრგვალებული და რბილი. ზედა ტუჩი გაბერილია, შეიმჩნევა გამობურცულობები, რაც წოვის შედეგია და ასევე, მიუთითებს კარგად მოფუნქციონირე საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ახალშობილებს კისერი თითქმის არ აქვთ, ის დამალულია ფუმფულოვან ნაოჭებში და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მრგვალი თავი პირდაპირ აზის ტანს.

 

ახალშობილის თავის გარშემოწერილობაა 34-36სმ. შემდეგ 1სმ-ით მატულობს თვეში და წლის ბოლოს 46 სმ-ია.

 

ახალშობილის  გულმკერდის გარშემოწერილობაა 32-34 სმ. პირველი წლის განმავლობაში ის 13-15სმ-ით იზრდება და წლის ბოლოს ის შეადგენს 48სმ-ს. 14-15 წლის ასაკში - 75-78სმ-ია.

 

გულმკერდი ცილინდრულია და უფორმო, პირდაპირ გადადის მუცელში, რომელზეც კარგად შეიმჩნევა ნაწლავთა პერისტალტიკა. გულმკერდის გარშემოწერილობა დიდია თეძოებისაზე. მკლავები მოკლეა. საჯდომი და ფეხები ყველაზე ნაკლებადაა განვითარებული. ფეხები მთლიანი სიგრძის 1,5-ს შეადგებს. ისინი მრგვალია, განსაკუთრებით ბარძაყები და მის შიგნითა ზედაპირზე კარგად გამოხატული ნაოჭებია.

 

ჩვილის კანი გადაჭიმულია მსუქან ხორცზე, რომელიც ღინღლითაა დაფარული. ახალშობილის კანი ძალიან კარგად მარაგდება სისხლით. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის კანი არის ნივთიერებათა ცვლის სისტემის შემადგენელი ნაწილი. სწორედ ამიტომ, კანი ადვილად ზიანდება და ანთებითი ხდება. ამავე მიზეზით კარგავს ბავშვი დაბადებისას ტემპერატურას. კანის საშუალებით ხორციელდება პირდაპირი კონტაქტი გარემოსთან. პირველ დღეებში შეიმჩნევა კანის სიყვითლე, რაც ფიზიოლოგიურია. ახალშობილის სისხლი, განსხვავებით მოზრდილისაგან, დიდი რაოდენობით სისხლის წითელ უჯრედებს შეიცავს. დაბადების შემდეგ ერითროციტების რაოდენობა თანდათანობით მცირდება და დაახლოებით მე-14 დღეს ეს პროცესი სრულდება. ეს ნიშნავს რომ სისხლის წითელი უჯრედები იშლებიან, რის გამოც თავისუფლდებიან ფერადი ნივთიერებები, და კანი იღებს ყვითელ შეფერილობას. კანის სიყვითლე სხვადასხვა ბავშვთან შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობის იყოს. ძლიერი და გახანგრძლივებული სიყვითლისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

 

დაბადებისას ბავშვის კანი დაფარულია დამცველი ფენით,  რომელსაც თავად კანი გამოყოფს. მას ხაჭოსებრი საცხი ეწოდება. ის შედგება უპირატესად ცხიმისგან და კანის უჯრედებისაგან. ამ გარსის მეშვეობით ბავშვი გამოყოფს თავის თავს გარემოსაგან და ეს უკვე ორსულობის მეორე ნახევრიდან იწყება. ის გამოეყოფა იმ სითხეს რომელშიც ცურავს. ხაჭოსებრი საცხი იცავს ბავშვს მშობიარობისას, აადვილებს მის გამოძევებას საშვილოსნოსგან და პირველ დღეებში ეხმარება ადაპტაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს დამცველი გარსი მალევე არ მოვაშოროთ ბავშვს. ამით დავეხმარებით პატარას სწრაფად არ დაკარგოს სითბო. სწრაფად დაკარგულ სითბოზე რეაგირებს სისხლი და ხდება ინტენსიურად ერითროციტების დაშლა.

 

ხაჭოსებრი საცხის მოშორების შემდეგ, დაბადებიდან მე-2-3 დღეს, აღინიშნება კანის სიწითლე მოლურჯო (ციანოზური) ელფერით,  რასაც მოსდევს კანის აქერცვლა, განსაკუთრებით ხელისგულებზე და ფეხისგულებზე. ორივე მოვლენა ფიზიოლოგიურია.

 

ახალშობილებს ხშირად აღენიშნებათ ე.წ. ორსულთა რეაქცია, რომელიც დედისგან გადასული ჰორმონების მოქმედების შედეგია. ერთ-ერთია ქინძისთავისხელა მოთეთრო კვანძები, უპირატესად ცხვირზე და იშვიათად შუბლზე, ნიკაპსა და ლოყობზე და რაც ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურებული ქმედების შედეგია.

 

ასევე, ახალშობილებს გამოხატული აქვთ სარძევე ჯირკვლები დვრილით, რომლებიც ხშირად ჯირჯვდება და შესაძლებელია ხელის დაჭერისას რძისებრი გამონადენი აღინიშნოს. მას ეშმაკის რძეს ეძახიან. არ შეიძლება სარძევე ჯირკვლებზე ზეწოლა. ეს შესიება ნელ-ნელა გაივლის. გართულებებისა და შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!!!

 

გოგონებს შეიძლება ჰქონდეთ სეროზული გამონადენი საშოდან, იშვიათ შემთხვევაში სისხლიანი გამონადენი, რომელიც 1-4 დღე გრძელდება.

 

ზოგიერთ ახალშობილ გოგონას აღენიშნება დვრილისირგვლივი რგოლის და ვაჟებს სათესლე პარკის პიგმენტაცია.

 

ახალშობილს ჭიპლარი მეორე კვირას ძვრება. ჭიპლარზე  დაკვირვება და მოვლა მნიშვნელოვანი პუნქტია. ფუფხის ძალით მოშორება კატეგორიულად არ შეიძლება. ჭიპლარის დამუშავება სისტემატურად უნდა ხდებოდეს ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვით და ექიმის რეკომენდაციით. დაბანვა არ უნდა მოხდეს მანამ, სანამ ჭიპი სრულად არ შეხორცდება.

 

კუნთოვანი სისტემა სუსტადაა განვითარებული. აღინიშნება მომხრელ კუნთთა ჰიპერტონია (დაჭიმულობა), განსაკუთრებით კიდურების კუნთების, ამიტომაც ბავშვს შენარჩუნებული აქვს ემბრიონის პოზა. კიდურები მოხრილია სახსარში, მტევნები შეკრულია მუშტებად. კისრის კუნთების ჰიპერტონუსი ხშირად განაპირობებს თავის უკან გადაწევას.

 

ახალშობილს  დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 20 საათი უნდა ეძინოს. ის მხოლოდ ჭამისთვის უნდა იღვიძებდეს, ე.ი. ბავშვი მთელს დროს ძილსა და ჭამაში უნდა ატარებდეს, რათა მან ნორმალურად შეძლოს განვითარება. პირველ ეტაპზე შესაძლებელია, რომ ძილ-ღვიძილის რიტმი არეული ჰქონდეს. მთელი დღის განმავლობაში ეძინოს და ღამის საათებში ფხიზლობდეს, რაც ცხადია მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს. მალე ეს რიტმი სწორდება. ხშირად დედები ჩივიან რომ მათ შვილს ძალიან ცუდად ძინავს. ექიმისგან ითხოვენ საძილე საშუალების გამოწერას და თან რაც შეიძლება ძლიერ მოქმედს, რომ ეს პრობლემა სწრაფად მოიხსნას. ხშირ შემთხვევაში მედიკამენტი არ შველის, პირიქით შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს კიდეც. პირველი და მნიშვნელოვანი ქმედება ძილის დასარეგულირებლად არის ბავშვისთვის მშვიდი გარემოს შექმნა. ჩემი ხანგრძლივი პრაქტიკიდან გამომდინარე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაწონასწორებულ და მშვიდ დედებს ბავშვებიც წყნარები ჰყავთ. ბავშვი ხომ, განაგრძობს დედასთან მჭიდრო კავშირს, განსაკუთრებით თუ ბუნებრივ კვებაზეა. ჩვილმა, მართალია დატოვა დედის ორგანიზმი, მაგრამ ის, რძის საშუალებით,  კვლავ იმყოფება დედის გარსების ქვეშ, რომლის შემადგენლობა ბავშვის სისხლის შემადგენლობის მსგავსია.

 

მნიშვნელოვანია ოთახის ტემპერატურა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 22-24 გრადუსს. თუ ოჯახი ახერხებს ბავშვის გარეთ, ჰაერზე ხანგრძლივად დაძინებას, მერწმუნეთ, ძილის პრობლემას ძალიან სწრაფად დაარეგულირებთ. არ აქვს მნიშვნელობა ზაფხულია თუ ზამთარი, წვიმს თუ თოვს, ბავშვს გარკვეული საათები გარეთ უნდა ეძინოს. ერთადერთი, როდესაც თავი უნდა შეიკავოთ, ეს არის ძლიერი ქარი. ბავშვის აღგზნებადობას იწვევს ასევე თბილად ჩაცმა, ბავშვი ,,კომბოსტოსავით“ არ უნდა გამოიყურებოდეს!

 

ბავშვს უნდა ეძინოს ზურგზე და არა მუცელზე!!!

 

ბავშვის ჯანმრთელი განვითარებისთვის აუცილებელია რეჟიმისა და რიტმის დაცვა, როგორც ძილ-ღვიძილის, ასევე კვების. ახალშობილის კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია, მისი საშუალებით პატარა ეცნობა გარემოს. გავრცელებულია აზრი, რომ ჩვილს უნდა ვაჭამოთ მაშინ, როდესაც ითხოვს, ანუ უსისტემოდ, რასაც არ ვეთანხმები. მომხრე ვარ,  კვების რიტმი დავარღვიოთ მაშინ, როდესაც ბავშვი აღგზნებულია ან ავადაა. ამ დროს დედის რძე უნივერსალური მედიკამენტია!

 

 

ახალშობილი საკვებს ყოველ 2-3 საათში უნდა ღებულობდეს. სიცოცხლის პირველ დღეებში ეს შუალედი შესაძლებელია 1,5საათამდე შემცირდეს. ცხადია, ამ პერიოდში,  ღამის   6 საათიანი შუალედი არ სრულდება, მაგრამ მომდევნო კვირებში, ბავშვი თავად დაარეგულირებს რიტმს. საერთოდ პატარა კარნახობს როდის რა უნდა, უბრალოდ მეტი გულისყურითა და თვალისყურით უნდა იყოს დედა და უფრო მეტად უნდა ენდოს ის თავის ინტუიციას. ჩვილს კარგად აქვს განვითარებული წოვის რეფლექსი, ამიტომ ის ძლიერ და სწრაფად ქაჩავს, რომლის შედეგად შესაძლებელია საკვებთან ერთად ჰაერიც გადაყლაპოს ( ეს შეეხება როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს.), ეს გამოიხატება იმით, რომ ბავშვი წყვეტს წოვას და წუხს. ამისთვის აუცილებელია ცოტა ხნით ის ვერტიკალურ მდგომარეობაში დავიჭიროთ, რათა ამოაბოყინოს და გათავისუფლდეს გადაყლაპული ჰაერისაგან. ამის შემდეგ მან შეიძლება გააგრძელოს წოვა ან ჩაეძინოს. თუ ბავშვი წონაში კარგად მატულობა ეს ნიშნავს რომ მისი კვება დამაკმაყოფილებელია. თუ მატება ძალიან მცირეა აუცილებლად უნდა მიმართოთ პედიატრს. პირველ თვეს ჯანმრთელმა ახალშობილმა უნდა მოიმატოს 400-800 გრამი.

 

დროული ახალშობილის მასა 2700გ-დან 4000გრ-მდეა, ვაჟების წონა თითქმის ყოველთვის აღემატება გოგონების წონას. ვაჟების წონა საშუალოდ - 3400-3500გრ-ია, გოგონების - 3100-3200გრ-ია. 4000 გრამზე დიდ ახალშობილს გიგანტი, ბუმბერაზი ბავშვი ეწოდება.

 

მინიმალური მაჩვენებელი შესაძლებელია უფრო დაბალი იყოს, მაშინ როდესაც არის უმწიფარი ნაყოფი. ამ დროს საჭიროა ექიმთან აქტიური ურთიერთობა. აუცილებელია დადგინდეს დაბალი წონის მიზეზები და დაიგეგმოს ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები.

 

დღენაკლ ახალშობილად ითვლება ბავშვი, რომლის გესტაციური ასაკი (მუცლად ყოფნის პერიოდი) არის 37კვირაზე ნაკლები, დროული ახალშობილია, რომლის გესტაციური ასაკია 37-42 კვირა, ვადაგადაცილებულია 42 კვირაზე მეტი. ცოცხლადშობილად ითვლება ახალშობილი, რომლის გესტაციური ასაკია 22 კვირაზე მეტი და იწონის 500 გრამს.

 

ახალშობილი სამშობიაროში კარგავს წონას, რომელსაც ფიზიოლოგიური კლება ჰქვია. ის დაბადების მასის 5-10% შეადგენს, რაც საშუალოდ 150-300გრამს შეადგენს. ამ კლების მიზეზია: წყლის დაკარგვა, ძირითადად კანისა და ფილტვების გზით (70-75%),თირკმელებისა და ნაწლავების მხრივ (10-20%), გადაყლაპული წყლის ამოღებინებისას(3-5%), ჭიპლარის გამოშრობისას-მუმიფიკაცია.  მასის შემცირება მაქსიმალურია მე-2-3 დღეს, სულ 3-4 დღე გრძელდება, მე-4 დღიდან იწყება აღდგენა და ახალშობილთა 25% მე-7-10 დღეს აღიდგენს დაბადების წონას. რაც მეტია ბავშვის წონა, მით მეტია მისი ფიზიოლოგიური კლება. ვაჟები უფრო მეტს იკლებენ.  ასევე, ახალშობილები უფრო მეტს იკლებენ  გახანგრძლივებული და გაძნელებული მშობიარობისას.

 

 წონის მატება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: მემკვიდრული ფაქტორი, პათოლოგიები,  ხშირად დიდი წონის ბავშვი ნელა იმატებს და პირიქით,  კვების ტიპი, რომელ სეზონზე დაიბადა და ა.შ.

 

ახალშობილის სიგრძე მერყეობს 47სმ-დან 57სმ-მდე, რომელიც პირველ დღეებში შეიძლება შემცირდეს (თავის დეფორმაცია, სამშობიარო სიმსივნის შემცირება და გაქრობა), შემდეგ იწყება სწრაფი მატება, რაც ინტენსიურია წლის პირველ და მეორე მეოთხედში.

 

ბავშვის სიგრძის ზრდაში დიდ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი, ითვლება რომ ზრდას 100-ზე მეტი გენი არეგულირებს.

 

ახალშობილის სუნთქვის სიხშირე წუთში პირველ დღეს 40-60-ია, შემდეგ დღეებში იკლებს და საშუალოდ 36-40. მათი სუნთქვა არათანაბარი სიღრმისაა და არიტმულია. ეს ნიშნავს, რომ ის სუნთქვას ხანმოკლე პაუზებით, რაც ხშირად მშობლების შეშფოთების მიზეზი ხდება. პაუზების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5-7 წამს. თუ სუნთქვის სიხშირე 30-ზე ნაკლებია ან 60-ზე მეტია უნდა მიმართოთ ექიმს!!!

 

პულსი წუთში 120-160 შეიძლება იყოს.

 

თითქმის ყველა ახალშობილი დაბადებისას ბევრად უფრო ღია ფერისაა, ვიდრე შემდგომ ასაკში. ეს ნიშნავს, რომ დაბადებისას ყველა ბავშვი ანგელოზური არსებაა, რომელიც ნელ-ნელა იბადება და უფრო მეტი რკინის პროცესი ავლენს თავს.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის სოცოცხლის პირველი თვე განსაკუთრებულად რთულია თქვენთვის და თქვენი პატარასთვის. ყალიბდება ახალი და ფაქიზი ურთიერთობები. რაც არ უნდა ბევრი დამხმარე გყავდეთ ძირითადი პასუხისმგებლობა მოდის თქვენზე. რაც უფრო ნაკლებად ჩართავთ გარშემომყოფებს, მით უფრო მეტ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ. თქვენი ქმედებები იქნება გაწონასწორებული, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე. თუმცა ეს არ გამორიცხავს რჩევების მოსმენას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინებას, თუ ის თქვენთვის მისაღებია.

 

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

 

ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!