25 თებერვალი 2017

სამი თვის ბავშვი

სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი

 

სამი თვის ბავშვს აშკარად ამჩნევთ ხასიათის ცვლილებას. სიფხიზლის პერიოდებში, რომელიც უკვე ბევრად ხანგრძლივია, ვიდრე ერთი ან ორი თვის ასაკში იყო, ითხოვს ყურადღებას. თუ მანამდე იღვიძებდა მხოლოდ ჭამისთვის და შემდეგ კვლავ იძინებდა, ახლა მალევე აღარ იძინებს და  უკვე გაცილებით მეტი რამ აინტერესებს.  კარგად შემოდის კონტაქტში, უფრო კარგად გესმით მისი სურვილები. კმაყოფილების ბგერებს გამოთქვამს, როდესაც ელაპარაკებით და ეთამაშებით. უფრო მეტად არის გამოხატული მიმიკა. ბავშვის მზერა უკვე ფიქსირდებას გარკვეულ საგნებზე. კარგად აღიქვამს ასევე ბგერებს და თავს ატრიალებს იმ მხარეს საიდანაც მოდის ეს ხმა. თუ უმღერით, ცდილბს რომ აგყვეთ. ის, სიფხიზლის დროს, მუდმივად ითხოვს ყურადღებას, ცნობს გარშემომყოფებს და უღიმის, ანსხვავებს ოჯახის წევრებსა და უცხო პირებს. თავის კმაყოფილება შეიძლება გამოხატოს ღუღუნით და უკმაყოფილება ხმამაღალი ბგერებით ან ,,ნებრიცუცით“(თვალებზე ცრემლების მოდგომით, ტუჩების მოკუმვითა და ქვედა ტუჩის გადმობრუნებით). მუცელზე წოლისას თავს და მხრებს წევს და რამოდენიმე წამი ასე ჩერდება. საკუთარი ხელებით თამაშობს, რომლებიც ხან ქრებიან, ხან ჩნდებიან. ზურგზე წოლისას თუ ორივე მტევანზე ხელს კარგად მოვკიდებთ და წამოვწევთ ადვილად მოგყვება და ცდილობს თავადაც წამოიწიოს. 

 

აქტიურად უნდა გაასეირნოთ!!!

 

კარგია თუ დღის ძილი ხდება ჰაერზე. სამი თვის ბავშვს სიფხიზლის პერიოდი ეზრდება და მას ძინავს დაახლოებით 10-11 საათი.  ამ ასაკში ბავშვი ღამის კვებას არ უნდა ითხოვდეს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს ასე არ არის. პედიატრთან ერთად უნდა დაიგეგმოს ღამით კვების გადაჩვევის ღონისძიებები! შესაძლებელია რომ ღამით გაიღვიძოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ბავშვი უნდა გამოკვებოთ. მის ოდნავ შეფხიზლებაზე არ არის საჭირო საკვების მიცემა. შევეცადოთ რომ ძილი შევუბრუნოთ!!! რაც შეეხება დღის ძილს,  ამ ასაკის ბავშვს 3-ჯერ უნდა ეძინოს. კარგია თუ ეს ხდება ჰაერზე. გარეთ გაუყვანლობა შეიძლება იყოს საღამოს აღგზნებადობისა და უძილობის მიზეზი.  ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, შესაძლებელია ნეხევარი საათიდან 2-3 საათამდე გრძელდებოდეს. ხანმოკლე ძილის დროს უნდა შევეცადოთ რომ ძილი შევუბრუნოთ. თუ ეს არ ხერხდება იძულებას არ უნდა შეეცადოთ და არ უნდა გაანერვიულოთ. შედით მასთან სასიყვარულო კონტაქტში და ხელი შეუწყვეთ მის ჯანსაღ სიფხიზლეს, რასაც ცოტა ხანში მოჰყვება ჯანსაღი ძილი. ღამის ძილის წინ არ არის საჭირო ბავშვთან აქტიური თამაში. ამით მას მხოლოდ გამოვაფხიზლებთ!!!

 

სამი თვის ბავშვთან უკვე ისახება მეხსიერების გარკვეული ელემენტები, კერძოდ, ჭამის დროის მოახლოებისას, როდესაც ხედავს რომ დედა იქვე ტრიალებს, ელოდება მას და ამას გამოხატავს ხელების და ფეხების ქნევით.

 

ბავშვი მესამე თვიდან იწყებს ლუღლუღს, რაც ბავშვის ფუნქციური თამაშია არტიკულაციის ორგანოებით. ეს არის სამეტყველო აპარატის კუნთების ვარჯიში. ლუღლუღი შედგება მარცვლებისაგან და არა სიტყვებისაგან. ამ დროს ბავშვი ემზადება სიტყვების აგებისათვის. ყველა ეროვნების ბავშვი ერთნაირად ლუღლუღებს. თითქოს ისინი მზად არიან ნებისმიერი ენის შესასწავლად, რადგან ბავშვი იბადება სამყაროს მოქალაქედ და არა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მოქალაქედ. სმენადაქვეითებული ბავშვიც კი ზუსტად ისევე ლუღლუღებს, როგორც ნორმალური სმენის მქონე ბავშვი. მეტყველების ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ მასთან უფროსები. ბავშვს სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის. მნიშვნელოვანია უფროსები რა ჟესტებსა და ქმედებებს ახორციელებენ, როგორია შინაგანი განწყობა და მიდგომა. ბავშვი აღიქვამს ერთ მთლიან გარემოს და წარმოთქმული სიტყვები არ აღიქმება როგორც რაღაც გამოყოფილი ამ მთლიანობიდან, მთლიანობიდან, რომელიც არის მასზე მზრუნველი, მოსიყვარულე და თბილი. ეს პროცესი გრძელდება ერთ წლამდე.

 

სამი თვის ასაკიდან იწყება თმის სტრუქტურისა და ფერის  შეცვლა. სხეულზე არსებული ღინღლი იწყებს ცვენას.

 

სამი თვის ბავშვი დაახლოებით 5,5-7 კგ-ს უნდა იწონიდეს.

 

ბავშვის სიგრძე უნდა მერყეობდეს 60-65 სმ-ის ფარგლებში.

 

თუმცა წონისა და სიგრძის მაჩვენებლები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე!!!

 

კითხვების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ პედიატრს!

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები იქნება გაწონასწორებული, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

 

                       ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!