21 აპრილი 2018

ოთხი თვის ბავშვი

სტატიის ავტორი ლია ბუღაძე

 

ოთხი თვის ბავშვი იწყებს იმ უნარების უფრო მეტად განვითარებას, რომლებიც მანამდე ჰქონდა. თქვენ აშკარად ამჩნევთ ცვლილებებს. ის აქტიურად გამოხატავს თავის სურვილებს, როგორც მიმიკით, ასევე ფიზიკური აქტიურობით. უყვარს როდესაც მას ელაპარკებიან. ხმამაღლა იწყებს სიცილს და როდესაც წყვეტენ მასთან ლაპარაკს, შეიძლება ტირილი დაიწყოს. შთაბეჭდილებებზე თავისუფლად რეაგირებს. ბავშვი უკვე ძალიან კარგად ანსხვავებს ოჯახის წევრებს და სტუმრებს. იწყებს სხვადასხვა ბგერების წარმოთქმას, შესაძლებელია აგყვეთ ლაპარაკში. ჩუმდება როდესაც ესმის მუსიკა.

 

ძლიერდება ბავშვის კუნთოვანი სისტემა და წესრიგდება მოძრაობა. ხმაზე ადვილად ატრიალებს თავს. აქვს შესაბამისი რეაქცია სხვადასხვა ხმაზე. მისი თითები მუდმივად გაშლილია და კარგად ერთობა მათი თამაშით. მუცელზე  წოლისას ეყრდნობა მტევნებს, განსხვავებით სამი თვის ბავშვისაგან, რომელიც ეყრდნობა მკლავებს. ასეთ მდგომარეობაში ის ერთვება ახალ სიტუაციაში, აქტიურად ათვალიერებს გარემოს, ცდილობს მიწვდეს და შეეხოს საგნებს, რომლებსაც ხედავს, ცდილობს ჩაებღაუჭოს მათ. შეუძლია ხელების ერთმანეთთან მიტანა, ისე რომ თითები არ დაიხმაროს. ადვილად იჭერს ბოთლს ორივე ხელით. ზურგზე წოლისას არის მცდელობები ფეხების ზევით აწევის, რომელსაც ხშირად ახერხებს და ამით კარგად ერთობა. ზურგზე წოლისას შესაძლებელია, რომ გადაბრუნდეს გვერდზე და ეს მოხდეს ძალიან სწრაფად. თუ მანამდე ბავშვს თავისუფლად ტოვებდით მარტო საწოლზე, რომელსაც არ აქვს დამცავი ხარიხები, ოთხი თვის ასაკში მისი დატოვება უკვე საშიშია!

 

ამ ასაკში იწყება კბილების ამოჭრისთვის მზადება, ამიტომ  გაძლიერებულია ნერწყვდენა (ჰიპერსალივაცია). შესაძლებელია, თუმცა ძალიან იშვიათად, რომ წინა საჭრელმა კბილმა ამოყოს თავი.

 

თმის ფერი იცვლება. დაცვენილი ღინღლის მაგივრად ამოსვლას იწყებს შედარებით სქელი თმა. თმის ამოსვლისა და ინტენსივობის საკითხი ინდივიდუალურია.

 

ბავშვი აქტიურად გაიყვანეთ სასეირნოდ და თუ დღის ძილი ხერხდება  ჰაერზე,  ეს ძალიან სასარგებლოა! ოთხი თვის ბავშვს ღამით ძინავს 10-11 საათი. დღის განმავლობაში 3 ჯერ უნდა იძინებდეს. სიფხიზლის პერიოდებში თავის თავთან თამაშიც უნდა შეეძლოს.  დღის ძილის ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია. ერთ-ერთი ძილი შეიძლება იყოს მხოლოდ ხანგრძლივი (3საათი) და ღრმა. დანარჩენი ორი ხანმოკლე და ზედაპირული.

 

ოთხი თვის ბავშვი იწონის  6,5 - 7,5კგ. მისი სიგრძე მერყეობს 60-65 სმ-ის ფარგლებში. ეს მონაცემები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე.

 

ოთხი თვის ბავშვის კვების შესახებ მშობლებმა პედიატრს უნდა დაუსვან შეკითხვები, განსაკუთრებით ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების შემთხვევაში.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.