21 აპრილი 2018

რაქიტის პროფილაქტიკისთვის D ვიტამინის მიცემა დახმარებაა, თუ ხელის შეშლა ძვლების ინდივიდუალური ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ჩარევის გარეშე შეიძლებოდა ნორმალურად წარმართულიყო

სტატიის ავტორი - ოჯახის ექიმი თამარ ვაშაკიძე

 

რაქიტი სინათლის ნაკლებობით განპირობებული დაავადებაა.  მას ცივილიზაციის დაავადებაც შეიძლება ვუწოდოთ, რადგან სტატისტიკურად  ზომიერი ზონის ინდუსტრიულ ცენტრებში ფიქსირდება. პათოფიზიოლოგიურად დადასტურებულია, რომ მზის სინათლეზეა დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმში საკუთარი D ვიტამინის წარმოქმნა; ეს უკანასკნელი კი პასუხისმგებელია როგორც ჩონჩხის ძვლოვანი სტრუქტურის ფორმირებაზე, ისე იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაზე. სინათლის ნაკლებობის შედეგად თავს იჩენს ალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევა, მკურნალობის გარეშე მინერალური ცვლის დარღვევის გამო ხდება ძვლების  დეფორმაციები, კბილების დაზიანება და იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება. რაქიტი შეიძლება ნებისმიერ ბავშვს დაემართოს, თუ მზის სინათლეს და სითბოს მოვაკლებთ. განსაკუთრებით რისკის ქვეშ იმყოფებიან ახალშობილები პირველი გამოზამთრების დროს, დღენაკლულები და ბავშვები თანდაყოლილი ნივთიერებათა ცვლის პათოლოგიით.

 

რაქიტის პირველი ნიშნებია: გადაჭარბებული, პროგრესირებადი ოფლიანობა განსაკუთრებით თავის მიდამოზე (სპეციფიური მჟავე სუნის ელფერით) და ხელ-ფეხის სინოტივე, რასაკვირველია მანამდე გამოვრიცხავთ ზედმეტად თბილ ჩაცმულობას.  თვალშისაცემია შფოთიანი ძილი,  ზოგადი ჭირვეულობა და ძუძუს წოვის სისუსტე განსაკუთრებით საღამოს, გახშირებული და რთულად მიმდინარე რესპირატორული ინფექციები. რაქიტის დროს სისხლში კალციუმის ნაკლებობის გამო შეიძლება მოიმატოს კრთომებმა და კრუნჩხვისადმი მიდრეკილებამ. შორსწასულ შემთხვევაში რაქიტის შედეგად შეიძლება განვითარდეს ტეტანიაც. ბოლოს   ყალიბდება ძვლების დეფორმაცია.

 

ამგვარად, რაქიტი არის დაავადება, რომელიც როგორც იმუნური სისტემის ვიტალურ ფუნქციას, ისე ჩონჩხის გამოკრისტალებას, ფიზიკური ფორმის მიცემას უქმნის საფრთხეს. რაქიტი გვევლინება, როგორც ბავშვის მიერ საკუთარი სხეულის ფორმირების უნარის ნაკლებობა. ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის მოწოდებულია ახალშობილთათვის  D ვიტამინის  რუტინული მიცემა. ეს კი  არც თუ ისე უსაფრთხოა, რადგან  ბავშვს მზა სუბსტანციას ვაწვდით და თანაც ფიზიოლოგიურად დღიური მოთხოვნილების ორმაგ რაოდენობას.  D ვიტამინი აქტიური ჰორმონულად ქმედითი სუბსტანციაა, მისი მიცემა საკმაოდ შორს მიმავალი ხელოვნური მანიპულაციაა, რომლსაც ოსიფიკაციის, გაძვალების დაჩქარებამდე მივყავართ. არ არის სადავო ის ფაქტი,რომ დღესდღეობით ყიფლიბანდის დახურვა უფრო ადრე ხდება, ვიდრე ეს ძველ ლიტერატურაში იყო მითითებული. ეპიფიზებზე გადაღებულ რენტგენის სურათებზეც სუბსტიტუირებულ ბავშვებში ზრდის ზონების ნაადრევი დახურვა ფიქსირდება, ეს  D ვიტამინის პროფილაქტიკური მიცემის შედეგია.

 

 რას ნიშნავს ასეთი ჩარევა ადამიანისთვის?  სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით ადამიანის ქალასარქველის გაძვალება ბევრად ნელა მიმდინარეობს და ამ პროცესის გახანგრძლივება სჭირდება თავის ტვინს ზრდა-განვითარებისთვის. ძაღლ-მაიმუნებთან  ყიფლიბანდი  დაბადებამდე იხურება, ადამიანის მსგავს მაიმუნებთან - დაბადებიდან მალევე , ხოლო ადამიანისთვის 1-1,5 წელია საჭირო.

 

რას ნიშნავს ის, როცა მაგ. D ვიტამინის პროფილაქტიკური მიცემით ნაადრევად ვამკვრივებთ თავის ქალას, როგორ ცვლის ეს ტვინის განვითარების პროცესს? 

 

D ვიტამინის მიცემა დახმარებაა, თუ ხელის შეშლაა ძვლების ინდივიდუალური ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ჩარევის გარეშე შეიძლებოდა ნორმალურად წარმართულიყო ?

 

მშობლებს ხშირად ძალიან კარგად ესმით ყველაფერი, მთავარია ავუხსნათ, რომ ერთის მხრივ სერიოზულ და ახალშობილობის პერიოდში შესაძლო გართულებების მქონე დაავადების რისკთან გვაქვს საქმე და მეორეს მხრივ ვიტამინი D-ს რეფლექსური მიცემა პროფილაქტიკისთვის არ არის ის, რაც არ გამოიწვევს ბავშვის დაზიანებას, რომ ეს საკმაოდ მძიმე ჩარევაა, რომლის შედეგების ბოლომდე ამოცნობა ძნელია. ნორმალურ შემთხვევაში ბავშვს უნდა დავაცადოთ საკუთარი სხეულის შენება და მხოლოდ მაშინ ჩავერიოთ, როცა თავისი ძალებით ეს ვერ ხდება. სინამდვილეში კითხვა რაქიტის პროფილაქტიკასთან დაკავშირებით ასე უნდა ისმებოდეს: თუ შეუძლია ჩემს შვილს თავისით ჩონჩხის და კბილების საკმარისი მინერალიზაცია და ფორმირება? როგორ შემიძლია მე ხელი შევუწყო ამ პროცესს?  თუ კითხვას ამგვარად დავსვამთ, საექიმო აზროვნებიდან გამომდინარე პასუხი ყოველთვის ინდივიდუალურად უნდა იქნეს გაცემული. ნათელია, რომ ბევრ ბავშვს საერთოდ არ სჭირდება სამედიცინო ჩარევა და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობა საკმარისია.

 

მეორე მნიშვნელოვანი მოსაზრებაა, რომ ადამიანთა ინდივიდუალური განვითარების დინამიკა ერთმანეთისგან განსხვავდება, და თუკი ინდივიდუალობას იმდენი დრო ეძლევა თავისი სხეულის ჩამოყალიბებისთვის, რამდენიც მას ამისათვის ესაჭიროება, მაშინ შეუძლია სხეულს იყოს ამ პიროვნებისთვის შესაბამისი. აქ იწყება ინდივიდუალური ქმედება: საკუთარი სხეულის ქმნადობა პირველი, ჯერ კიდევ ბავშვის ქვეცნობიერში არსებული ნებითი აქტია, რომელიც მერე პიროვნულ გამართულობაში, მეტყველების განვითარებაში და შემდგომ თანდათან გაცნობიერებულ ნებით ქმედებაში გადადის.

 

ვიტამინი D-ს პროფოლაქტიკის მიზნით ყველა ბავშვისთვის მიცემის პრინციპი არ ითვალისწინებს , რომ ხშირ შემთხვევაში სრულიად არასაჭირო ჰორმონალურ სუბსტანციას ორგანიზმი საკუთარი აქტივობის დასუსტებამდე მიჰყავს, და ეს კი ბავშვისათვის ინდივიდუალიზაციის წართმევაა, მისი ზოგადი განვითარების დაჩქარებაა, რაც არის ბავშვის ინდივიდუალური დროის სივრციდან ამოგდება და მისთვის თვითრეგულაციის უნარის წართმევა.

 

შემაჯამებლად უნდა ვთქვათ, რომ რაქიტი ბავშვის განვითარება-გაფურჩქვნისთვის საშიშია, მაგრამ არანაკლებ საშიშია პროფილაქტიკურად ვიტამინი D-ს მიცემით ხელოვნურად გამოწვეული   საპირისპირო პროცესის დაჩქარება - ძვლების არაინდივიდუალური, სწრაფი მინერალიზაცია .  ამიტომ რაქიტის პროფილაქტიკის საკითხს ექიმი და მშობელი ერთობლივად უნდა წყვეტდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს  D ვიტამინის დანიშვნა თუ ვირჩევთ რაქიტის ინდივიდუალური პროფილაქტიკის გზას. ეს უკანასკნელი  გულისხმობს ექიმთან მიბმულობას. მხოლოდ  იმ შემთხვევაში შეიძლება ატაროს ექიმმა ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, თუ პირველი წლის პირველი 6 თვის განმავლობაში       4 კვირაში ერთხელ,  ხოლო  მეორე ნახევარწლეულში 6 კვირაში ერთხელ აჩვენებენ ბავშვს ექიმს.  ეს იძლევა ბავშვზე ნატიფი დაკვირვების საშუალებას.

 

რაქიტის ინდივიდუალური პროფილაქტიკა უნდა იყოს პრიორიტეტი, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც საკმაოდ მაღალია მზის აქტივობა და ხშირია მოწმენდილი ცა. ბუნებრივი პირობების და ექიმის მიერ საჭიროების შემთხვევაში ნატურალური (ანთროპოსოფიული და ჰომეოპათიური) საშუალებების გამოყენების წყალობით შეგვიძლია დავიცვათ ბავშვი ზედმეტი და შესაძლო დამაზიანებელი ჩარევისგან. ეს პოზიცია რასაკვირველია არ გამორიცხავს ექიმის მიერ აუცილებლობის შემთხვევაში D ვიტამინის დანიშვნას. ამისათვის   ექიმის ხელოვნებაა საჭირო ,რათა მან ისე იზრუნოს ბავშვზე, რომ რისკების გარეშე შეძლოს ბავშვმა  ჰარმონიული განვითარება ნაადრევ და დაგვიანებულ გაძვალებას შორის წონასწორულ მდგომარეობაში.