21 აპრილი 2018

ხუთი თვის ბავშვი

სტატიის ავტორი ლია ბუღაძე

 

ხუთი თვის ბავშვთან უკვე კარგად ჩანს იმ უნარების განვითარება, რაც წინა თვეებში განივითარა და ახალი შესაძლებლობებიც. მისი ფსიქო-ემოციური სფერო აშკარად განვითარებულია, ის იწყებს სტუმრებზე უცხოობას. თავს ავლენს მისი სიმპათია-ანტიპათიური დამოკიდებულება სხვადასხვა ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით უცხო პირების მიმართ. თუ მასთან გულწრფელად და მთელი არსებით შედიან კონტაქტში, უღიმიან და უცინიან, ისიც იგივე სიცილით პასუხობს, თუმცა მასთან შეიძლება არ მივიდეს და აყვანის შემთხვევაში გაიწიოს ოჯახის წევრისკენ, შემდეგ კვლავ გამოხედოს და გაუღიმოს.

 

მუცელზე წოლისას წევს თავსა და მხრებს, ბრუნდება ზურგიდან მუცელზე და პირიქით. თუ მტევნებზე ხელს მოვკიდებთ და წამოვწევთ, ადვილად წამოჯდება და წამოჯდომის მცდელობები ხშირია. ხუთი თვე არ არის ის ასაკი, რომ უფროსების მხრიდან იყოს მისი დაჯდომის მცდელობები - ეს ჯერ ადრეა! განვითარების პროცესის დაჩქარება (ამ შემთხევაში იგულისხმება დაჯდობა), თავად ამ განვითარებას შეუშლის ხელს, რადგან მას ჭირდება ძალა, რომელიც ჯერ არ აქვს, ამიტომ ძალას სხვა, ამ ასაკისათვის უფრო მნიშვნელოვან პროცესს წაართმევს. ბავშვის არსებაში ყველაფერი გარკვეული თანმიმდევრობითა და ჰარმონიულობით არის დაკავშირებული, ერთი გამომდინარეობს მეორისგან და ორივე ერთი მთლიანობის ნაწილია. ბავშვის ორგანიზმში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც დაკავშირებული არიან ნებელობით საწყისთან და არა ცნობიერთან. ეს პროცესები მანამ უნდა დასრულდეს სანამ ბავშვი დაჯდება, რადგან ჯერ უნდა მოხდეს სხეულისა და მისი ორგანოების ფორმირება და შემდეგ მისი გამოყენება! ნაადრევად დასრულებულ პროცესებს ბავშვისთვის ზიანი მოაქვს. მათი გამოსწორება შემდეგ უფრო ძნელია. ის ხანგრძლივი დროით ართმევს ბავშვს ზრდის ძალებს. შესაძლებელია მოგვიანებით ასაკში განვითარდეს ემოციურ სფეროში სისუსტეები. მშობლები ამ პერიოდში ხშირად მიმართავენ გიმნასტიკურ უხეშ ფიზიკურ ჩარევებს, რაც არა სასურველია! ჩემი რჩევა იქნება თავი შეიკავოთ ამისგან. მოგვიანებით ასაკში ჯანსაღი ფიზიკური ქმედებები, პირიქით, ხელს უწყობს ბავშვის კარგ განვითარებას.

 

ხუთი თვის ბავშვი აკვირდება თავის მტევნებს (მუშტად შეკრულს თუ გაშლილს), თამაშობს კიდურებით. განსაკუთრებით ფეხებით, რომლებიც ხან ჩნდებიან და ხან ქრებიან. იჭერს მას და ფეხის თითებს იდებს პირში. ადვილად იტაცებს საგნებს, ერთი ხელიდან მეორეში გადააქვს და პირისკენ მიაქანებს. ის მას აგემოვნებს და ამით ,,შეიმეცნებს“.

 

 ხუთი თვის ასაკის ბავშვი წარმოთქვამს ბგერებს და ღუღუნი ძლიერდება, მაშინ როდესაც უფროსები ესაუბრებიან ან ესმის სასიამოვნი მუსიკა. ამ ასაკში იდება საფუძველი სმენის განვითარების. მისი კეთილგანწყობა დამოკიდებულია გარშემომყოფებზე. ის უკვე კარგად გრძნობს უბრაზდებით თუ ეფერებით. მისი რეაქციაც შესაბამისია.

 

ხუთი თვის ასაკში ბავშვი დაბადების წონას იორმაგებს. მისი წონა დაახლოებით 7-8კგ,-ია, სიგრძე 65-67სმ.

 

ღამის ძილი 10-11 საათი გრძელდება, მაგრამ შედარებით ადრე იღიძებს და ითხოვს თამაშს. შესაძლებელია რომ საკვების მიღების შემდეგ მალევე დაიძინოს. მთელი დღის განმავლობაში 2-3 ჯერ იძინებს. შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი ძილი იყოს ხანგრძლივი და ღრმა. ორი მათგანი კი ხანმოკლე და ზედაპირული.

 

გაასეირნეთ ბავშვი ინტენსიურად ჰაერზე. დღის ძილი სასურველია იყოს გარეთ. საღამოს ძილის წინ ეცადეთ, რომ არ ეთამაშოთ აქტიურად და ენერგიულად. სიმშვიდით, სიწყნარითა და სიმღერით ხელი შეუწყეთ ძილის სამყაროში მის გამგზავრებას.

 

ხუთი თვის ბავშვის კვების შესახებ მშობლებმა პედიატრს უნდა დაუსვან შეკითხვები, განსაკუთრებით ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების შემთხვევაში.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

                       ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!