21 აპრილი 2018

დღენაკლული ბავშვის თავისებურებები

სტატიის ავტორი ლია ბუღაძე

 

დღენაკლ ახალშობილად ითვლება ბავშვი როდესაც გესტაციური ასაკი არის 37კვირაზე ნაკლები, დროული ახალშობილია, რომლის გესტაციური ასაკია 37-42 კვირა, ვადაგადაცილებულია 42 კვირაზე მეტი. ცოცხლადშობილად ითვლება ახალშობილი, რომლის გესტაციური ასაკია 22 კვირაზე მეტი და იწონის 500გრ-ს.

 

დღენაკლული ბავშვის თავი შედარებით დიდია - ტანის ერთ მესამედს შეადგენს. მცირე და გვერდითი ყიფლიბანდები თითქმის ყოველთვის ღიაა, თუმცა ქალას ძვლების ერთმანეთზე შეცურების გამო ეს არ ჩანს. ქვედა კიდურები და კისერი მოკლეა, ჭიპი უფრო ქვევითაა. გულმკერდის  გარშეწერილობა, მით უფრო ჩამორჩება თავისას, რაც უფრო დიდია თავი.

 

დღენაკლული ბავშვი, მოდუნებულია, არ ყვირის ან სუსტი ხმით ტირის.

 

კანი თხელია, დანაოჭებული და გამჭირვალე, გამოხატულია სისხლძარღვები (კოლატერალები და კაპილარები). ხშირია კანქვეშა სისხლჩაქცევები - სისხლძარღვის კედელში ელასტიური ქსოვილის სიმცირისა და ჰიპოპრეტეინემიის გამო. კანქვეშა ქსოვილი განლეულია, ამის გამო სითბოს გაცემა გაძლიერებულია, ხოლო სითბოს წარმოქმნა - გაძნელებული (მურაცხიმივანი ნივთიერების სიმცირის გამო). საოფლე ჯირკვლები არასრულფასოვანად განვითარებულია. ეს ყველაფერი აადვილებს ბავშვის გადახურებას ან გადაციებას.     მათ ხშირად არ უნვითარდებათ სიცხე ადგილობრივი თუ ზოგადი ინფექციის დროს. ტემპერატურული რეგულაცია ყალიბდება მე-3 თვიდან.

 

ღინღლი - lanugo - აღენიშნება როგორც მხრის სარტყლის მიდამოში, არამედ სახესა და კუდურებზე. ფრჩხილები არ ფარავენ თითებს. სარძევე ჯირკვლები განუვითარებელია, ყურის ნიჟარები ძლიერ რბილი, ადვილად დრეკადი და მიკრული ქალას ძვლებზე.

 

ვაჟთან სათესლე პარკში არ არის ჩამოსული სათესლე ჯირკვლები, ხოლო გოგონებთან დიდი სასირცხო ბაგეები ვერ ფარავენ მცირე სასირცხო ბაგეებს.

 

კუნთოვანი სისტემა სუსტადაა განვითარებული. დამახასიათებელია ჰიპიტონია და შენელებული  მოტორიკა, ბავშვს თითქმის სულ ძინავს. სუსტადაა გამოხატული ყველა რეფლექსი. შეიძლება განუვითარებელი იყოს წოვის, ავტომატიზმისა და ზოგჯერ ყლაპვის რეფლექსებიც.

 

სუნთქვა ზერელეა. სუნთქვის ფაზები - ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა - გახანგრძლივებულია. ძილის დროს შეიძლება განვითარდეს აპნოე - სუნთქვის შეჩერება 15-20 წმ-ით. მაჯა - ლაბირულია - 140-160 წუთში, ტირილის დროს ადის 200-მდე. ხშირია არითმია, ტონების მოყრუება, ფუნქციური შუილი.

 

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სახეზეა მოტორულ-სეკრეციული ფუნქციის დაქვეითება - დისპეფსიური მოვლენები.

 

დაქვეითებულია თირკმლის რეაბსორბციის უნარი, კონსენტრაციული და სეკრეციული ფუნქცია.

 

ყოველივე ამის შედეგად დღენაკლულ ბავშვთა სიკვდილიანობა 15-20ჯერ მეტია დღესრულ ახალშობილებთან შედარებით.

 

დღენაკლულები, ახალშობილობის პერიოდში, ვერ ახერხებენ ადაპტაციას გარემოსთან და ადვილად უნვითარდებათ ანემია - 5-6 კვირაზე, რაქიტი, კვების ქრონიკული მოშლილობა. წონის ფიზიოლგიური კლება უფრო მეტია, ვიდრე დღესრულ ახალშობილებთან და სხეულის მასის 9-14% შეადგენს. მათ წონა აღუდგებათ 2-3 კვირის ასაკში, ხოლო დაბადების წონას იორმაგებენ 2,5-3,5 თვის ასაკში.

 

სიყვითლე გამოხატულია და გახანგრძლივებული. სიყვითლე ადვილად ვითარდება ბილირუბინის შედარებით დაბალ მაჩვენებელზე.

 

დღენაკლულ ბავშვებთან ხშირია სკლერემა - კანი შეხებისას ცივია, მბრწყინავი, მკრთალი ან ციანოზური. კანქვეშა ქსოვილი გამაგრებულია, თითის დაჭერისას ჩანაჭდევი არ ვითარდება. უფრო ხშირია სკლერედემა - კანისა და კანქვეშა ქსოვილის ცომისებური შეშუპება, რომლის დროს თითის დაჭერისას ჩნდება ჩანაჭდევი. თითის დაჭერის ადგილას კანი ციანოზურია. სკლერედემა უფრო მეტად ლოკალიზდება წვივებზე, ლოყებზე ან დუნდულოებზე.

 

ასეთი ბავშვები განსაკუთრებულ მეთვალყურეობასა და მოვლას საჭიროებენ. მნიშვნელოვანია მშობლების, პედიატრისა და მომვლელის შეთანხმებული მუშაობა.