ოჯახის ექიმი
აირჩიეთ პრევენციისა და მკურნალობის უსაფრთხო გზა თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის
ძველ დროში მკურნალი ექიმი ადამიანს ერთ მთლიანობად მოიაზრებდა და პაციენტის ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე იყო პასუხისმგებელი. დროთა განმავლობაში სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ვიწრო სპეციალობების განვითარებამ საექიმო საქმიანობის ფრაგმენტაცია გამოიწვია, რამაც უკანა პლანზე გადასწია ადამიანის მთლიანობის აღქმა და მკურნალობის პროცესში მისი პიროვნული ფაქტორის გათვალისწინება. ფოკუსირება მოხდა დაავადებაზე და არა ადამიანზე, რამაც, ბუნებრივია, პაციენტთა უკმაყოფილება გამოიწვია. ამ პრობლემის გამოსწორება ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებითაა შესაძლებელი.
„თერაპიის სახლის“ ლიცენზირებულ ოჯახის ექიმებს აქვთ უმაღლესი სამედიცინო განათლება და გავლილი აქვთ რეზიდენტურის სპეციალური პროგრამები გერმანიასა და შვეიცარიაში. ჩვენი ცენტრის სპეციალისტები იყენებენ ჰოლისტურ მიდგომას, რაც გულისხმობს პაციენტის პირველად და უწყვეტ სამედიცინო მეთვალყურეობას ფიზიკური, პიროვნული, ფსიქოლოგიური, ოჯახური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. ოჯახის ექიმები პაციენტებს მომსახურებას უწევენ როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ან ტერმინალური დაავადებების დროს.
„თერაპიის სახლში“ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სპეციალისტსა და პაციენტს შორის მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ჩვენი ექიმები სათანადო ყურადღებას უთმობენ როგორც პირველ, ისე განმეორებით ვიზიტებს, რათა პაციენტის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია შეგროვდეს. ეს კი არსებითია პრობლემის რეალური მიზეზების წვდომისა და მათი ეფექტურად მოგვარებისთვის. საჭიროებისამებრ, ტარდება საოჯახო თერაპია, რათა პაციენტმა და მისმა ოჯახის წევრებმა ერთად უფრო მარტივად შეძლონ პრობლემასთან გამკლავება. მკურნალობის პროცესში, ოჯახის ექიმის გარდა, შესაძლოა, ჩაერთონ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები.